ლუკრეციუს სიჭინავა THE DIARY ORIGINALS-ის რუბრიკაში
The Diary Originals-ის სტუმარი ბოლომდე არშემდგარი ექიმი ლუკრეციუს სიჭინავაა, რომელსაც დღეს ლიტერატურათმცოდნედ ვიცნობთ. ლუკრე დიდი ხანია ტიკ-ტოკზე საინტერესო წიგნების რეკომენდაციებით გვანებივრებს.
თაობა Z-ს ხმები 2024 წლის არჩევნებზე კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს. “ფორსეტის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 400 ათასამდე ამომრჩეველი თაობა Z-ს წარმომადგენელი იქნება. 18-26 წლის ადამიანები წლევანდელი ამომრჩევლების 14%-ს შეადგენენ. ეს დემოგრაფიული ჯგუფი ისტორიული ცვლილებების გარანტი არაერთხელ ყოფილა, 26 ოქტომბრის არჩევნებიც არ უნდა იყოს გამონაკლისი.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის მთავარ გამოწვევებში ეკონომიკური პრობლემები, განათლების სისტემა, პოლიტიკურად დაძაბული გარემო და სტუდენტებზე მორგებული სამუშაო ადგილების არარსებობა შედის.
გასული და მიმდინარე წლის მოვლენებმა, განსაკუთრებით "რუსული კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღამ, ცხადყო, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილეა და ის მოსაზრება, რომ თაობა Z აპოლიტიკურია სიმართლეს არ შეესაბამება.
პროგრესისა და განვითარებისკენ მიმავალ თაობას, ხმის მიცემის სურვილის მიუხედავად, არჩევანის გაკეთება უჭირს. საქართველოს პარტიული გარემო კი ამ პრობლემის გადაჭრაში ვერავის ეხმარება.
თაობა Z-ს წარმომადგენლებს უჭირთ პარტიების სახელებით იდენტიფიცირებაც კი, იციან მხოლოდ ლიდერების სახელი და შემდგომ მათთან ასოციაციით ხვდებიან, თუ რომელ პარტიულ ჯგუფზეა საუბარი. კვლევების მონაწილე ახალგაზრდების თქმით, ყველაზე კარგად „გირჩისა“ და ზურაბ ჯაფარიძის იდეოლოგიას იცნობენ, რაც პარტიის ახალგაზრდებზე მორგებული საკომუნიკაციო სტრატეგიის შედეგია.
მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, თუ რომელიმე პარტია ახალგაზრდებთან რა ტიპის გზავნილს გააგზავნის, არამედ ისიც, თუ კომუნიკაციისთვის რომელ პლატფორმას გამოიყენებს. ამასთანავე, ქართულ კონტექსტში მარტივად გადმოცემული პოლიტიკური ინფორმაცია მწირია. არცერთ პარტიას იდეოლოგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არ არის მხოლოდ პოპულისტური ნარატივით გაჯერებული, არ აქვს. თაობისთვის, რომლისთვისაც სახელები და ლიდერები მეორე ხარისხოვანია, ასეთ ვითარებაში არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო ჭირს. ამავდროულად, თაობა Z-ს 64%-ის შეფასებით, ეროვნულ პოლიტიკაზე ახალგაზრდების ინტერესები არასაკმარისად, ან საერთოდ არაა ასახული.
2018 და 2020 წლის არჩევნებზე ახალგაზრდების აქტიურობა დადებითად ვერ შეფასდება, თუმცა, 2024 თაობა Z-ს წარმომადგენლების დიდი ნაწილისთვის პირველი საარჩევნო წელია. საარჩევნო სიაში ყოველი მეათე ამომრჩეველი ამ თაობის წარმომადგენელი იქნება.
თაობა Z-ს პოლიტიკური აქტიურობის ისტორია?
კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ახალგაზრდა ამომრჩევლების 58%-მა დააფიქსირა. 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხული 18-29 წლის ახალგაზრდების 80% აპირებდა, ბოლოს საარჩევნო ყუთთან მხოლოდ 55% მივიდა. გამოდის, მათი აქტიურობა შემცირდა მაშინ, როცა არჩევნებში მონაწილეობა 27-40 წლის ასაკობრივი კატეგორიის ამომრჩეველთა 64%-მა, 41-60 წლის ასაკობრივი კატეგორიის 74%-მა და 61 წელზე მეტი ასაკობრივი კატეგორიის ამომრჩეველთა 77%-მა მიიღო. ეს კი იქიდან გამომდინარეობს, რომ სხვა თაობებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ამომრჩევლები კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების მიმართ აპათიურ განწყობას აფიქსირებენ.
"რაც დავიბადე, იმაზე მეტ პროტესტზე ვყოფილვარ, ვიდრე მუზეუმში (არადა მუზეუმები ძალიან მიყვარს) და ესეც მეტყველებს რა გარემოში ვიზრდებით". - ამბობს "ფორსეტის" კვლევის მონაწილე 21 წლის ამომრჩეველი.
ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით მმართველი და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის უამრავ ვიდეოსა თუ ფოტოს. თუმცა აშკარაა, რომ ეს ყოველივე ფასადურია და ახალგაზრდების ჩართულობა პარტიულ საქმიანობაში ინსტრუმენტულია. ისინი რეალურ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ფაქტობრივად, არ მონაწილეობენ.
არჩევნებში დაბალი აქტიურობის ფაქტორი შესაძლოა ისიც არის, რომ საკვანძო პოლიტიკური თუ სოციალური წერტილები თბილისშია თავმოყრილი. რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობა კი სასწავლებლად თბილისში ჩადის. ამის შედეგად, რიგ შემთხვევაში ხმის მიცემა ტექნიკურად რთული ხდება და ამომრჩევლის ხმაც იკარგება.
ახალგაზრდების პასიურობა ხმის მიცემისას არ არის განპირობებული მაინცდამაინც საარჩევნო პროცესისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით. და არც მათი დაბალი საარჩევნო აქტივობა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, თუმცა ქართულ რეალობაში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბუნებრივია ამ საკითხის უკან უნიკალური მიზეზებიც იმალება.
რა სურს თაობა Z-ს?
ახალგაზრდების, მათ შორის თაობა Z-ის, უმეტესობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უჭერს მხარს. ამასთანავე, “ფორსეტის” მიერ გამოკითხული 10-დან 7 ახალგაზრდა საკუთარ ღირებულებებს ვერცერთი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმაში ხედავს.
ისინი პოლიტიკური პარტიების კამპანიებზე ნაკლებად რეაგირებენ და უმეტესწილად გამოკითხვისას აპარტიულ, თუმცა პროდასავლურ და ანტირუსულ პოზიციას აფიქსირებენ.
ასაკიდან გამომდინარე თაობა Z ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღებას ახლა იწყებს და პირველივე ნაბიჯებზე პრობლემებს ეჩეხება. კორუფცია, ინფლაცია, უმუშევრობა და სიღარიბე - ესენია ის, რაც სამუშაო ბაზარზე შესულ ახალგაზრდას ხვდება და რისი გამოსწორებაც, მათი აზრით, პოლიტიკური ძალების პრიორიტეტი უნდა იყოს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ქვეყნის დატოვებას განათლების მიღებისა თუ მუშაობის მიზნით აპირებს. თუმცა, მხოლოდ 6%-ია ისეთი, რომელიც საქართველოში დაბრუნებას აღარ გეგმავს.
რას აპირებს თაობა Z მომავალ არჩევნებზე?
წლევანდელ არჩევნებზე ახალგაზრდების აქტიურობის ზრდა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე მოსალოდნელია. ახალგაზრდები ჩართულები არიან დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიებში, სოციალურ ქსელებში იქმნება საინფორმაციო ჯგუფები, ყალიბდება ახალგაზრდული მოძრაობები.
„როცა ადამიანს კონკრეტული ფაქტებით ესაუბრები, შეუძლებელია სიმართლეს გაექცეს. პროპაგანდის გავლენის შემცირება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. „დაფიონი“ პირველ ეტაპზე ონლაინ გააქტიურებას აპირებს. კერძოდ ტიკტოკისა და იუტუბის პლატფორმებზე, რადგან ვიცით, რომ მათ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ვაპირებთ მაგალითებით და ფაქტებით ვესაუბროთ ადამიანებს იმაზე, თუ რატომ არის არჩევნებზე მათი მისვლა გადამწყვეტი. მოვიყვანთ მაგალითებს იმაზე, ვთქვათ ამა თუ იმ დეპუტატმა როგორ მოიგო 1 ხმით არჩევნები.” - ამბობს ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” წევრი ლუკა ნაცვლიშვილი "ბათუმელებთან" ინტერვიუში.
ბოლო რამდენიმე თვეა გაიზარდა ახალგაზრდა, აპარტიული აქტივისტების რაოდენობაც. თაობა Z-ს წარმომადგენლები აპირებენ არჩევნებზე დამკვირვებლად მოხალისეობასაც. ერთ-ერთი მათგანი პიანისტი გიორგი გიგაშვილია, რომელიც არჩევნებში აქტიურობის წასახალისებლად სოციალურ ქსელებში ფართო აუდიტორიას იყენებს. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალგაზრდების ჩართულობის ფონზე ჩატარდება და ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული გეზის შენარჩუნებაში თაობა Z კვლავ აქტიურად შეიტანს წვლილს.