#წიგნების თარო #THE DIARY ORIGINALS

ლუკრეციუს სიჭინავა THE DIARY ORIGINALS-ის რუბრიკაში

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

დღეს, The Diary-ს მკითხველს ლუკრეციუს სიჭინავას გაგაცნობთ, რომელიც ტიკ-ტოკის ლიტერატურულ სამყაროში თავის მაყურებელს საინტერესო წიგნების რეკომენდაციებით ანებივრებს. დაწყებული წიგნების და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით, დამთავრებული სოციალური აქტივიზმით, ლუკრეციუსის ტიკ-ტოკზე საინტერესო ამბებს იპოვით.

ლუკრეს ტიკ-ტოკზე აქტიურობა პროფესიული საქმიანობის დრამატული ცვლილების შედეგია.

ლუკრეციუს სიჭინავა, Lukrecius Sitchinava, ლუკა სიჭინავა, booktok

კონტენტ კრეატორი ლუკრე

ლუკრეციუსი: "ლუკრეციუს სიჭინავა არშემდგარი ექიმი და თითქმის შემდგარი ლიტერატურათმცოდნეა. ადრე, წიგნებთან დაკავშირებულ კომპანიაში ვმუშაობდი, საიდანაც, ერთ დღესაც გამომაგდეს. პირველი ტიკ-ტოკი ამ სამსახურში გადავიღე. შემდეგ უკვე მივხვდი, რომ დამოუკიდებლადაც შემეძლო ტიკ-ტოკზე წიგნებთან დაკავშირებული კონტენტი მეკეთებინა. მომეწონა ეს პროცესი და ბევრი მაყურებელიც შევიძინე. ვფიქრობ, ყველამ ის უნდა აკეთოს რაც იცის და მეც, ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდი წიგნების გარდა. შემდეგ ჩემს ტიკ-ტოკს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ კონტენტიც დაემატა.

ლუკრეციუს სიჭინავა, Lukrecius Sitchinava, ლუკა სიჭინავა, booktok

მედიცინის სფეროდან სრულიად ახალ საქმიანობაში გადმოსვლას კი ერთ წიგნს, ალბერ კამიუს “უცხოს” ვაბრალებ. ოპერაციის დროს, შესვენებებზე ვკითხულობდი “უცხოს” და რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ უფრო მეტად ლიტერატურასთან სიახლოვე მინდოდა, ვიდრე სამედიცინო სფეროსთან".

ლუკრეციუს სიჭინავა, Lukrecius Sitchinava, ლუკა სიჭინავა, booktok

ტიკ-ტოკი გასართობთან ერთად, სოციალური და საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად იდეალურ პლატფორმად იქცა. უკვე ბევრი წარმატებული და ჩვენთვის საყვარელი კონტენტ კრეატორი გავიცანით, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და იმას, რაც ყველაზე ძალიან უყვართ, შემოსავლის წყაროდ აქცევენ. აქედან გამომდინარე, ინფლუენსერებს გავლენასთან ერთად, პასუხისმგებლობაც დიდი აკისრიათ.

ლუკრეციუს სიჭინავა, Lukrecius Sitchinava, ლუკა სიჭინავა, booktok

ლუკრეციუსი: "მთავარია, გულწრფელობა არ დაკარგო, ყოველთვის ის უნდა ილაპარაკო, რაც იცი და რისიც გჯერა. ამას გარდა, დღევანდელმა გარემომ გვაჩვენა, რომ თუკი ინფლუენსერი გქვია, გარდა კონკრეტული პროფილის კონტენტის კეთებისა, ისეთ თემებზე უნდა ავრცელებდე ინფორმაციას, რაც ყველას ეხება. ამის მაგალითია ცენზურის კანონი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტუალურია და დეკემბრიდან შედის ძალაში.

ინფლუენსერი უნდა ლაპარაკობდეს ისეთ თემებზე, რომელიც საყოველთაოა და ყველას შეგვაწუხებს.

ლუკრეციუს სიჭინავა, Lukrecius Sitchinava, ლუკა სიჭინავა, booktok

რაც შეეხება ტიკ-ტოკს, ეს პლატფორმა ძირითადად მხოლოდ ვიდეოებთან ასოცირდება და მისი საშუალებით მარტივია ხალხს შენი ხმა მიაწვდინო. თანაც, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ორგანული კონტენტით ძალიან დიდ კომპანიებს დაუპირისპირდეს და აჯობოს კიდეც. ამას გარდა, ტიკ-ტოკი ყველაზე მეტად პასუხობს იმ გამოწვევას რომელსაც “სამ ოქროს წამს” ვეძახით და თუ მოახერხებ, პირველ სამ წამში დააინტერესო ადამიანი, ის აუცილებლად გააგრძელებს შენი ვიდეოს ყურებას.

ლუკრეციუს სიჭინავა, Lukrecius Sitchinava, ლუკა სიჭინავა, booktok

ჩემს ტიკ-ტოკ გვერდზე შემოსულ ადამიანს კი წიგნები დახვდება. ამ ბოლო დროს, როგორც ვახსენე, საყოველთაო მნიშვნელობის თემებზეც ვაზიარებ ვიდეოებს. ზოგი მეუბნება, რომ აჯობებს "ჩემი საქმე ვაკეთო", ამ რჩევაზე კი პასუხი მარტივია - სამოქალაქო აქტივიზმიც ჩემი საქმეა. საბედნიეროდ, ჩემს ტიკ-ტოკზე ბევრი უარყოფითი კომენტარი არ იწერება და ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მხოლოდ ჯენ ზი მაყურებელი არ მყავს, უფროსი თაობის ხალხიც მიყურებს და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მიმდევრები უარყოფითი კომენტარის შემთხვევაში თავად მიცავენ.

შეუძლებელია, რომ ერთ დღეს ტოტალიტარიზმზე დაწერილ წიგნებზე ვისაუბრო და მეორე დღეს როცა ქვეყანაში მსგავსი რაღაცები ხდება, ამ თემებს გვერდი ავუარო. როცა ხვდები, რომ ის, რაზეც წიგნში კითხულობ, მეორე დღეს შენს ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ამაზე ვერ გაჩუმდები. ამიტომ, ჩემთან ნახავთ როგორც წიგნების, ისევე ჩვენი ქვეყნის რეალობას".

ლუკრე და წიგნები

ლუკრესგან წიგნებზე რეკომენდაციებს თითქმის ყოველდღიურად ვიღებთ. ერთგულმა მაყურებელმა ისიც კარგად იცის, თუ რამდენად მრავალფეროვანია მისი წიგნების თარო. თუმცა, ყველას ცხოვრებაში არსებობს ის ერთი ნაწარმოები, რომლის წაკითხვის შემდეგ ცხოვრება ორად იყოფა, ამ წიგნამდე და მის შემდეგ.

ლუკრეციუსი: "ჩემთვის ასეთი წიგნი ჯერომ სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაშია”. ეს არის რომანი, რომელიც ძალიან ბევრჯერ წავიკითხე და რომლის სვირინგსაც ვატარებ. ზოგადად, სელინჯერთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ ამბავს თავიდან წავიკითხავდი. მათ შორის ბეგბედერის წიგნს, სადაც ის სელინჯერისა და უნა ო’ნილის არშემდგარ სასიყვარულო ურთიერთობაზე წერს. ამ წიგნში, წაიკითხავთ თუ როგორ წაართვა ჩემს საყვარელ ავტორს ჩარლი ჩაპლინმა შეყვარებული".

ლუკრეციუს სიჭინავა, Lukrecius Sitchinava, ლუკა სიჭინავა, booktok, ჯერომ სელინჯერი, თამაში ჭვავის ყანაში

ლუკრეს ტიკ-ტოკ გვერდი იმითაცაა გამორჩეული, რომ აქ თანამედროვე ქართველ ავტორებს გაიცნობთ. ამასთან ერთად, ლუკრეციუსი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მწერლების მივიწყებულ შემოქმედებასაც შეგვახსენებს ხოლმე.

ლუკრეციუსი: "ვფიქრობ, საკმარისად კარგად ვერ ვაფასებთ ქართველ ავტორებს. რაღაც პერიოდი ვამბობდი, რომ ჯემალ ქარჩხაძე იყო ყველაზე დაუფასებელი მწერალი, მაგრამ დღეს, მისი ყველა რომანი საკმაოდ ცნობილია, თუ არ ჩავთვლით “განზომილებას”. თუ გსურთ, რომ ჯემალ ქარჩხაძე კარგად გაიცნოთ, წაიკითხეთ მისი მოთხრობები. თანამედროვე ქართველი მწერლებიდან კი, მინდა უფრო დიდი ყურადღება მივაპყროთ არჩილ ქიქოძესა და ივა ფეზუაშვილს".

არჩილ ქიქოძე, ხვლიკი საფლავის ქვაზე, ლუკრეციუს სიჭინავა, Lukrecius Sitchinava, ლუკა სიჭინავა, booktok

ახლო მომავალში ლუკრე ტიკ-ტოკზე წიგნებზე საუბარს აქტიურად გააგრძელებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის განხრითაც გააქტიურდება. შორეულ მომავალში კი, შეიძლება ის სხვა სოციალურ პლატფორმებზეც ვიხილოთ.

ლუკრეციუსი: "მინდა, რომ რაღაც ეტაპზე YouTube პლატფორმაზე ლიტერატურული პოდკასტიც დავიწყო".

ზევით