#ცნობილები #მოდა

კრისტი ყიფშიძის 30 წელი პოდიუმზე

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

მას შემდეგ, რაც კრისტი ყიფშიძემ სამოდელო სამყაროში პირველად შეაბიჯა, 30 წელი გავიდა. ეს თარიღი კრისტისთვის ერთ-ერთი საყვარელი და განსაკუთრებულია. წელს, ამ დღისთვის, სიმბოლურად, "ახალ თეატრში" მეგობრებისა და კოლეგების ჯგუფთან ერთად ფოტოსესია მოეწყო.

კრისტი ყიფშიძე, David's Road, davidgevorkov, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი

30 წელია რაც პოდიუმზე ხართ, როგორ აღნიშნეთ ეს თარიღი?

ეს დღე კალენდრის ერთ-ერთი საყვარელი, განსაკუთრებული თარიღია და ისე არასდროს ჩაუვლია, ჩემთვის რომ არ აღმენიშნა. წელს, რახან მრგვალი თარიღი იყო, მინდოდა საჯაროდ დამეფიქსირებინა. ფოტოსესიის მოწყობა გადავწყვიტეთ. ჩემი საყვარელი ბრენდის, დევიდ როუდის კაბა მეცვა, ფოტოები დავიდ გევორქოვმა გადაიღო, მაკიაჟი თაკო კოპაძემ გამიკეთა, აჩი მეფარიძემ კი, გვირგვინი გვათხოვა და ასე, ერთ საათში გადავიღეთ ფოტოები.

კრისტი ყიფშიძე, David's Road, davidgevorkov, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი

გახსოვთ თქვენი პირველი ჩვენება?

1994 წლის 4 ნოემბერი იყო, მაგ წელს დავამთავრე სკოლა და პირველ კურსზე ვიყავი, ლექციები ჯერ არ იყო დაწყებული. ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა დიზაინერ, მაკა ნაცვლიშვილთან. 1990-იანები იდგა, შუქის, ტელევიზიის გარეშე და ამ ცუდ პერიოდში ზღაპარში აღმოვჩნდი. ჩამაცვეს კაბები, გავიარე, ჩაიწერეს ჩემი ტელეფონის ნომერი და მითხრეს, ჩვენებისთვის აუცილებლად დაგიკავშირდებითო. გავიდა რაღაც პერიოდი და როდესაც დამირეკეს და მამცნეს, რომ თვის ბოლოს ჩვენება მქონდა, ძალიან გახარებული და სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი.

კრისტი ყიფშიძე, David's Road, davidgevorkov, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი

30 სექტემბერს, ჩემს დაბადების დღეზე, სახლის ტელეფონზე დამირეკეს და დამიბარეს Fitting-ზე. ეს იყო ჩემი საუკეთესო საჩუქარი. მივდიოდი რეპეტიციებზე და შემდეგ სახლში ჩემთვის ვვარჯიშობდი. სულ ვამბობ, რომ თვითნასწავლი ვარ, ჩემი სარკის წინ ვისწავლე ყველაფერი. ჩვენება 4 ნოემბერს ჩანიშნეს, ახლანდელი შერატონის სასტუმროში. არასდროს დამავიწყდება პირველი ნაბიჯი, პირველი ემოციები, აპლოდისმენტები, მაყურებელთან კონტაქტი. მაშინ ჩემთან ერთად გამოდიოდნენ საოცარი ქალბატონები, როგორიცაა ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე, ნინო სალუქვაძე… აი იქ მოვინათლე.

კრისტი ყიფშიძე, David's Road, davidgevorkov, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი

კარიერის მანძილზე, რომელია თქვენი საყვარელი ჩვენება?

სამი გამორჩეული ჩვენება მახსენდება. რა თქმა უნდა, ეს პირველი არასდროს დამავიწყდება. მეორე კი, ორსულად რომ ვიყავი და უკვე მუცელი მეტყობოდა, ახალგაზრდა დიზაინერების კონკურში ჩვენებაზე გამოვედი. მესამე საყვარელი ჩვენება დათუნა სულიკაშვილის პირველი პერსონალური ჩვენებაა, სადაც მე და ნატალია ერთად გამოვედით, ნატალია ჯერ 4 წლის იყო. ზოგადად, ყველა ჩვენება განსაკუთრებულია, თუმცა დათუნას ჩვენებები თავისი გრანდიოზულობით და შოუს ელემენტებით ყოველთვის გამოირჩეოდა.

კრისტი ყიფშიძე, David's Road, davidgevorkov, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი

რამდენად განსხვავებულია სამოდელო სამყარო თქვენი პირველი გამოჩენიდან დღემდე?

მე როდესაც დავიწყე საქმიანობა, ქვეყანაში იყო ძალიან ცუდი ვითარება. მახსოვს, “ავანგარდული მოდის ასამბლეაზე” გარეთ კომენდანტის საათი იყო და ტანკები იდგა. მაშინ, თუ დიზაინერს სპონსორი არ ჰყავდა, არ იყვნენ ვიზაჟისტები, ერთმანეთს ვუკეთებდით მაკიაჟს, ზოგჯერ ჩემი ფეხსაცმელიც მეცვა ჩვენებაზე. შემდეგ, ნელ-ნელა ყველაფერი დაიხვეწა. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნატალი სამადალაშვილს, სამოდელო “ნატალის" დამფუძნებელს. შემდეგ სხვა სააგენტოები გაიხსნა, დაიწყო მოდის კვირეულები, აი ოქროს ხანა იყო მაშინ, როცა წელიწადში ოთხჯერ იყო კვირეული. უკვე ჩამოდიოდნენ უცხოელი ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, სააგენტოს წარმომადგენლები და ჩვენმა მოდელებმა უცხოეთში წასვლა დაიწყეს. დღეს უკვე, უცხოეთში არაერთი ცნობილი სახე - ქართველი მოდელები, ფოტოგრაფები თუ დიზაინერები გვასახელებენ. ერთადერთი ისაა, რომ კოვიდის შემდეგ მოდის კვირეულები იშვიათად ტარდება და იმედი მაქვს, რომ ისევ დაბრუნდება.

კრისტი ყიფშიძე, David's Road, davidgevorkov, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი

ვინ არის თქვენი ინსპირაცია, სტილის სიმბოლო?

ჩემი საყვარელი მოდელი ქეით მოსია. ის თავისი ქარიზმითა და სტილითაა გამორჩეული. ჩემი ინსპირაცია კი, შეიძლება ფილმი, წიგნი, მუსიკა ან უამრავი სხვა რამ გახდეს, გააჩნია იმ მომენტში რაზე ვმუშაობ.

კრისტი ყიფშიძე, David's Road, davidgevorkov, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც მოდელობაზე ოცნებობენ?

არ უნდა იოცნებო, უნდა გინდოდეს და გჯეროდეს შენი. დღეს მოდის სამყაროში მრავალფეროვნებაა, ამიტომ ყველა გოგოს მინდა ვუთხრა, რომ მოდელობის შანსი აქვს. თუ გაინტერესებთ ეს საქმიანობა, შეგიძლიათ სააგენტოში მიხვიდეთ და თუ შეგარჩევენ, მაშინ დაიწყება ყველაფერი. ამ პროფესიისთვის აუცილებელია მოწესრიგებულობა, შრომისმოყვარეობა და მონდომება, მენტალურადაც მზად უნდა იყოთ, კასტინგიდან შეიძლება ერთ დღეს უარით გამოხვიდეთ, მეორე დღეს კი, ჩვენებაზე დაგამტკიცონ. განათლებაც საჭიროა, არა მხოლოდ მოდის სფეროში, ნებისმიერ პროფესიაში. მიზანი უნდა დაისახოთ და ცხოვრება როცა საჩუქარს მოგცემთ, მას აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ.

კრისტი ყიფშიძე, David's Road, davidgevorkov, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი

თქვენს კარიერას თან სდევს ტრენდებისა თუ სტილის ცვალებადობა. არის თუ არა რომელიმე ტრენდი, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ და გინდათ მისი დაბრუნება?

ტრენდის მოყვარული ადამიანი არ ვარ. ვფიქრობ, მოდა არის სტილი, სტილი კი, ინდივიდუალური უნდა იყოს. ტრენდების აყოლა არ მჩვევია, ჩემებურად ჩაცმა მიყვარს.

კრისტი ყიფშიძე, David's Road, davidgevorkov, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი

თქვენი შვილი ხშირად სხვადასხვა როლში გვევლინება და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. რა ისწავლეთ ნატალისგან ყველაზე ღირებული?

ნატალია ჯერ მუცელში, შემდეგ პატარა რომ იყო ხშირად პოდიუმზე იდგა, მაგრამ მოდელობა არასდროს სურდა, მსახიობობა უფრო უნდოდა, რადგან კულისებში გაიზარდა. ამჟამად კინორეჟისორობა აქვს გადაწყვეტილი, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ძიებაშია. ნატალიასგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, საინტერესო მოსაუბრეა და მასთან უამრავ თემაზე ლაპარაკი შემიძლია. ის კარგი შვილი, მეგობარი და მეგზურია. ხშირად დავდივართ ერთად სამოგზაუროდ.

ფოტოები: დავიდ გევორქოვი, davidgevorkov.

მაკიაჟი: თაკო კოპაძე.

ზევით