ლუკრეციუს სიჭინავა THE DIARY ORIGINALS-ის რუბრიკაში
The Diary Originals-ის სტუმარი ბოლომდე არშემდგარი ექიმი ლუკრეციუს სიჭინავაა, რომელსაც დღეს ლიტერატურათმცოდნედ ვიცნობთ. ლუკრე დიდი ხანია ტიკ-ტოკზე საინტერესო წიგნების რეკომენდაციებით გვანებივრებს.
| ნინა სიმსივე |
სერიალი „ემილი პარიზში“ მაყურებელმა პირველად 2020 წლის ოქტომბერში იხილა. მიუხედავად იმისა, რომ Emily in Paris-ს მოწინააღმდეგეების საკმაოდ დიდი არმია ჰყავს და პერიოდულად კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ ფრანგული კლიშეებისა და წარმოუდგენელი სიუჟეტური ხაზების გამო, დარენ სტარის ამერიკულ-ფრანგული სატელევიზიო სერიალი პოპულარული მყისიერად გახდა.
როგორ? სერიალი ჯერ კიდე ვარ გინახავთ? ახლავე ჩაუსხედით, წინ ხომ მთელი 4 სეზონი გელოდებათ ამერიკელი ახალგაზრდა გოგოს მშვენიერ პარიზულ ცხოვრებაზე. ყველაფერი კი იმით იწყება, რომ ემილი ჩიკაგოდან სამსახურის გამო საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად და სწორედ აი აქ იწყება მისი პარიზული თავგადასავლები.
2024 წელს სერიალის მეოთხე სეზონის გამოსვლას მოუთმენლად ველოდით, რომელიც სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა და გარკვეული ინტრიგებიც დაგვიტოვა, უფრო სწორედ კი სრული გაურკვევლობა და ქაოსი. ბოლო სეზონის დასასრულს ემილი პარიზიდან იტალიაში გადადის სავუარის ახალი ფილიალის სამართავად. საქმიან ვიზიტს თან ახლავს ახალი სასიყვარულო ისტორია, თუმცა როგორც გამოჩნდა ემილის პირველი პარიზული სიყვარული, გაბრიელი, დათმობას არ აპირებს და ემილისთვის ბრძოლას აგრძელებს.
მეხუთე სეზონს ასევე მოუთმენლად ველით, რადგან გავიგოთ ვის აირჩევს ემილი, დაბრუნდება თუ არა ის პარიზში გაბრიელთან ერთად? მანამ სანამ სერიალის ერთგული მაყურებლები დავობენ ვინ უნდა აირჩიოს ემილიმ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაბრიელის როლის შემსრულებელმა ლუკას ბრავომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი ყოფნა სერიალის შემდეგი სეზონის ქასთში. ბრავოს თქმით, გაბრიელის პერსონაჟმა განვითარება შეწყვიტა და შოუში მონაწილეობა მისთვის სახალისო აღარ არის. მან ისაუბრა გაბრიელის ევოლუციაზე და ბოლოს იგი ასე აღწერა - “ნელ-ნელა გუაკამოლედ ვიქეცი”.
მსახიობმა ასევე გაგვიმხილა, რომ მისი კონტრაქტი მეოთხე სეზონის ბოლოს დასრულდა. ბრავო შეყვარებულია სამსახიობო შემადგენლობაზე, რომელთან ერთადაც ოთხი სეზონის განმავლობაში ქმნიდა საკულტო სერიალს და უყვარს პერსონაჟი, რომელმაც უდიდესი ცნობადობა მოუტანა. ლუკას ბრავო იმედოვნებს, რომ თუკი სერიალში თამაშს გააგრძელებს მის პერსონაჟს ადრინდელ ხიბლს დაუბრუნებენ. გაბრიელის პერსონაჟი პირველი სერიიდან ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი გმირია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი ხაზი მრავალფეროვანი და სიურპრიზებით აღსავსეა. ამიტომ გარკვეულწილად ბრავოს გამტყუნება გაგვიჭირდება. გაბრიელის პერსონაჟს თუ დავაკვირდებით სეზონების განმავლობაში თითქოს ძირეული ცვლილებები მასთან არ მომხდარა. მუდმივად სასიყვარულო სამკუთხედში ყოფნა აშკარად მისთვისაც და მაყურებლისთვისაც დამღლელი აღმოჩნდა.
პირველი სეზონიდან ვაკვირდებით ემილისა და გაბრიელის წყვილს, თუმცა მათი არატოქსიკური, ჰარმონიული, პარიზული სიყვარულით სავსე ისტორია ვერა და ვერ ვიხილეთ. პროფესიული თვალსაზრისითაც ვერ ვიტყვით, რომ პერსონაჟის განვითარება და შრომა მიზნისთვის ჩანდა. სასურველი იქნებოდა ახალგაზრდა, ნიჭიერი შეფის საოცნებო გზას მიშლენის ვარსკვლავამდე უფრო მეტი დრო დათმობოდა, მეტი დრამით, მეტი სიურპრიზით, მეტი მონდომებით. თითქოს გაბრიელის ნაცვლად სხვები შრომობდნენ მისი ოცნებისთვის. პერსონაჟი მაყურებელმა პირველივე სერიებიდან ძალიან შეიყვარა და დღემდე ბევრი გულშემატკივრობს მისი და ემილის ისტორიის ბედნიერ დასასრულს, ასე რომ ძალიან გულდასაწყვეტი იქნება თუ კი სერიალი გაბრიელის გარეშე დაბრუნდება. თუმცა, თუ კი ფრანგი შეფის კადრს მიღმა დარჩენა მარჩელოს გამარჯვებას და ემილის იტალიაში დარჩენას ნიშნავს, შესაძლოა ამან გაბრიელის წასვლის ტკივილი ბევრ მაყურებელს გაუნელოს.
სერიალს ნამდვილად მოუხდა იტალიის მშვენიერი ხედები, იტალიელების მჩქეფარე სისხლი და რა თქმა უნდა, მათი უზომო მომხიბვლელობა. სერიალის მეხუთე სეზონამდე ჯერ კიდევ ბევრი დარჩა, ამიტომ ვნახოთ რა მოხდება. მანამდე კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ სად გვსურს ემილის ყოფნა, საფრანგეთში თუ იტალიაში?