#სპორტი #საზოგადოება

რა გზებით შეუძლია საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა

გაზიარება:

საქართველო ერთა ლიგის B1 ჯგუფის უპირობო ლიდერია. ჩეხეთის ნაკრებთან ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის ბოლო წუთებში გატანილი ლეგენდარული გოლით, ალბანეთთან დაძაბული ბრძოლაც მოვიგეთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediaryge)

ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. მომდევნო მსოფლიო გაფართოებულ ფორმატში გაიმართება და მასში ევროპიდან 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მუნდიალი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ქომაგები, ერთა ლიგა

საქართველოს მსოფლიოზე მოსახვედრად ორი გზა აქვს - საკვალიფიკაციო ეტაპი და "ერთა ლიგის გზა".

საკვალიფიკაციო ეტაპი

შესარჩევი ჯგუფის პირველადგილოსნები მსოფლიო ჩემპიონატის 12 საგზურს ავტომატურად მიიღებენ. 12-ეულში მოსახვედრად ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში ასპარეზობა პირველი ადგილით უნდა დაასრულოს.

დარჩენილი 4 ვაკანტური ადგილისთვის კი, ფლეი-ოფები გაიმართება. შესაბამისად, მსოფლიოს საგზურის მოპოვების შანსი იმ გუნდებსაც ექნებათ, რომლებიც ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებენ. მათ ერთა ლიგის საუკეთესო რეიტინგის მქონე 4 გუნდი შეუერთდებათ და ყველაფერი ფლეი-ოფში გადაწყდება. ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლებისთვის, ან შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე უნდა გავიდეთ, ან ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ერთა ლიგის გავლით შევძლოთ საგზურის მოპოვება. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია

ერთა ლიგა

ერთა ლიგიდან ფლეი-ოფში მოსახვედრად აუცილებელია ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ, თუმცა, შეიძლება ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი, რადგან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს - რეიტინგი.

საქართველო ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობს. არსებობს A დივიზიონიც, სადაც საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა უფრო მაღალი დონის გუნდები იღებენ მონაწილეობას. A დივიზიონის რეიტინგი B დივიზიონის რეიტინგზე მაღალია, შესაბამისად ზემოხსენებული 4 გუნდი ჯერ A დივიზიონიდან ირჩევა და პროცესი შემდეგ გადადის B დივიზიონში. მაგრამ, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ A დივიზიონის გუნდები მსოფლიოზე ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპით გავიდნენ და ერთა ლიგის გზის გავლა საერთოდ არ დასჭირდეთ. ასეთ შემთხვევაში, დარჩენილი გუნდები B დივიზიონიდან შეირჩევიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი მამარდაშვილი

ასე რომ, თუ ერთა ლიგას მოვიგებთ, ფლეი-ოფში ჩავერთვებით, სადაც გუნდები 2 შეხვედრას, ნახევარფინალსა და ფინალს გამართავენ. მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციული საკვალიფიკაციო ჯგუფები 2024 წლის დეკემბერში დაკომპლექტდება. რაც შეეხება ერთა ლიგას, პირველი ორი თამაში უკვე მოვიგეთ და წინ უკრაინასთან, 11 ოქტომბრის მატჩი გველოდება.

ზევით