#WOMEN POWER

ფრანგი მსახიობების მხარდაჭერა ირანელ ქალებს „თმის ნაწილი თავისუფლებისთვის“

გაზიარება:

ირანში თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება, წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეული აქტი - სახალხოდ თმის შეჭრა კი ირანელი ქალების (და არამარტო) თანადგომის ნიშნად იქცა მთელ მსოფლიოში. 50-ზე მეტმა ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ქალმა, გადაიღო ირანელი ქალებისა და გოგოების მხარდასაჭერი ვიდეო, სადაც ისინი პროტესტის ნიშნად იჭრიან თმას და ამით მაჰსა ამინის და ბოლო 19 დღის განმავლობაში გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას მიაგებენ პატივს.

ჟულიეტ ბინოში, მარიონ კოტიარი, იზაბელ აჯანი და იზაბელ იუპერი - ეს იმ ფრანგ მსახიობ ქალთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა ვიდეოებმაც სოციალური ქსელები მოიცვა. ვიდეოების კრებულს იტალიური ხალხური სიმღერის Bella Ciao-ს სპარსული ვერსია ადევს საუნდტრეკად. სიმღერა, რომელიც მე-19 საუკუნეში იტალიელი პარტიზანების წინააღმდეგობის ჰიმნად იქცა, დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინსა და შემართებას იმეორებს.

„შეუძლებელია, ისევ და ისევ არ დაგმო ეს საშინელი რეპრესია. დაღუპულები უკვე ათეულებად არიან დათვლილი, მათ შორის ბავშვებიც. დაპატიმრებულებს ემატებათ უკანონოდ დაკავებული და ხშირად ნაწამები პატიმრები. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვეხმაუროთ ამ პროტესტს და ჩვენი თმის ნაწილიც შევწიროთ მას“ - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

უკვე მე-19 დღეა, ირანის ქალაქებში, „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ სლოგანით საპროტესტო აქციები გრძელდება, ყველაფერი კი 2022 წლის 13 სექტემბერს, თეირანში დაიწყო, როდესაც 22 წლის მაჰსა ამინი, ირანის მორალისა და ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მაჰსას ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. 3 დღის განმავლობაში მაჰსა მძიმე დაზიანებებით კომაში იმყოფებოდა, 16 სექტემბერს კი მისი გარდაცვალება ექიმებმა დაადასტურეს.

ახალგაზრდა ქალის თავის CT სკანირებამ ძვლის მოტეხილობა, სისხლდენა და თავის ტვინის შეშუპება გამოავლინა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამინის სიკვდილის მიზეზად ფიზიკური ანგარიშწორება და თავის ტრავმა იქცა. მაჰსა ამინის სიკვდილმა მწვავე რეაქცია გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. აქციის მონაწილე ქალები პროტესტის ნიშნად იხსნიან ჰიჯაბს და სკანდირებდნენ: „სიკვდილი დიქტატორს“; „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“; „ჩვენ ომის შვილები ვართ. გვებრძოლეთ და ჩვენც შეგებრძოლებით“. ირანის ქუჩები ცეცხლმა და ქაოსმა მოიცვა.

ზევით