ლუკრეციუს სიჭინავა THE DIARY ORIGINALS-ის რუბრიკაში
The Diary Originals-ის სტუმარი ბოლომდე არშემდგარი ექიმი ლუკრეციუს სიჭინავაა, რომელსაც დღეს ლიტერატურათმცოდნედ ვიცნობთ. ლუკრე დიდი ხანია ტიკ-ტოკზე საინტერესო წიგნების რეკომენდაციებით გვანებივრებს.
ირანელი სტუდენტი გოგოს ამბავმა მთელ მსოფლიოს სეტყვასავით გადაუარა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ როგორ სისხლიან ტირანიაში უწევთ ირანელ ქალებს ცხოვრება.
თეირანში, აზადის უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტმა პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა. გოგონას ვიდეო ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. უნივერსიტეტის ფანჯრიდან გადაღებული ჩანაწერი საშინელი კადრით სრულდება, სადაც ჩანს რამდენიმე კაცი როგორ სცემს მას და მანქანაში ძალით სვამს. აქ ქრება გოგონას კვალი. სავარაუდოდ, ის 30 წლის აჰუ დერიაია, რომელიც ისლამურ უნივერსიტეტში ფრანგულ ენას სწავლობს.
პროტესტის ამ ფორმას აჰუმ მას შემდეგ მიმართა, რაც ე.წ. "მორალის პოლიციამ" მიუთითა, რომ თავსაბურავი "არასწორად", შარიათის კანონის შეუსაბამოდ ეკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მორალის პოლიციელმა აჰუს ძალით გაუსწორა თავსაბურავი და შემდეგ ტანსაცმლის ნაწილიც შემოახია, სწორედ ამას მოჰყვა სტუდენტის პროტესტი.
თეირანის უნივერსიტეტის სპიკერის თქმით, აჰუ ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ეს ხელისუფლების ნაცნობი ხელწერაა, იმავე მიზეზით - ჰიჯაბის "არასწორად" ტარებისთვის, უამრავი ქალი დაუპატიმრებიათ და გიჟად გამოუცხადებიათ. ირანული სამართლის მიხედვით თავისუფლება სიგიჟეს ნიშნავს.
აჰუს პროტესტი ქალების რევოლუციის გამოძახილია, რომელიც ბოლო წლებია ირანში ძალებს იკრებს. ქალები ჩაცმულობასთან დაკავშირებულ გამკაცრებულ კანონს აპროტესტებენ. ქალთა მოძრაობის სიმბოლო კი, 22 წლის მაჰსა ამინია, რომელიც ასევე შარიათით განსაზღვრული ჩაცმის წესის "დარღვევისთვის" დააკავეს, სასტიკად სცემეს და "მორალის პოლიციის" სისასტიკეს მისი სიცოცხლე შეეწირა. ამინის მკვლელობას, ირანის ხელისუფლების მიხედვით, გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მასშტაბური ანტისახელისუფლებო გამოსვლები მოჰყვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ირანს ახალი პრეზიდენტი, რეფორმისტი მასუდ ფეზეშქიანი ჰყავს. არჩევნებში მის გამარჯვებაზე ჩვენც დავწერეთ, რადგან მიუხედავად ექსპერტების სკეპტიციზმისა, იმედი მაინც გვქონდა, რომ ქალების მიმართ ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკა შემსუბუქდებოდა. მასუდ ფეზეშქიანიც იმ დაპირებით მოვიდა, რომ სავალდებულო თავსაბურავის შესახებ ნაკლებად მკაცრ პოლიტიკას გაატარებდა, თუმცა ამ დაპირებების შედეგს დღეს კარგად ვხედავთ.
უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა აჰუს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და დამოუკიდებელი გამოძიებაც წამოიწყო, რათა აჰუზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობა დაუსჯელი არ დარჩეს. ასევე, მაი სატომ, რომელიც ირანში გაეროს სპეციალური მომხსენებელია, განაცხადა რომ ამ საქმეს პირად მონიტორინგზე აიყვანს. ალბათ არ დარჩენილა მსოფლიოში კუთხე, სადაც აჰუს ამბავი ჯერ არ გაუგიათ. ყველანი ერთად ველოდებით სიახლეს და ვიმედოვნებთ, რომ გოგონა ცოცხალია.