#საზოგადოება

ნატალია ჭამიაშვილი: გოგო, რომელმაც TIK-TOK-ი საგანმანათლებლო პლატფორმად აქცია

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

The Diary Originals-ის რუბრიკისთვის ამჯერად, ჩვენი რედაქცია, Chicos-ს ნატალია ჭამიაშვილთან ერთად ესტუმრა. ნატალია სოციალურ ქსელებში განათლებასა და სასწავლო პროგრამებზე ინფორმაციული ვიდეოებით გახდა ცნობილი. დღეს კი მის კონტენტს უამრავი საინტერესო თემა შეემატა, მათ შორის პოლიტიკური აქტივიზმიც.

ნატალია, თქვენს ცხოვრებაზე მოგვიყევით სოციალურ ქსელებში პოპულარობამდე.

ნატალია: სტუდენტი ვიყავი, როცა გერმანიაში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამით ვისწავლე. ვინაიდან ამ პროგრამების მხვრივ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, გადავწყვიტე ეს ყველაფერი ახალაგზრდებისთვის გამეზიარებინა. ასე აღმოვჩნდი სოციალურ ქსელებში. 

როგორ აღმოჩნდით Tik-Tok პლატფორმაზე?

ნატალია: ამერიკაში სასწავლებლად აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროგრამა - global ugrad-ით წავედი. ამ პროგრამის ფარგლებში გაქვს ვალდებულება, რომ 20 საათი მოხალისეობრივ საქმიანობაში გაატარო. ისე მომეწონა მოხალისეობა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიფიქრე, მსგავსი საქმიანობა ქართველ ახალგაზრდებსაც მოეწონებოდათ და ჩემს მეგობრებთან ერთად დავაარსე ორგანიზაცია - მოხალისეთა ჰაბი. გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნდა, გვინდოდა, ჩვენი პლატფორმა უფრო ცნობადი გაგვეხადა, ამიტომაც Tik-Tok-ის გამოყენება გადავწყვიტე, რომელსაც იმ პერიოდში, ყველაზე მეტი ახალგაზრდა მოიხმარდა. თავიდან ეს იყო ორგანიზაციის ანგარიში, შემდეგ მივხვდი, რომ ხალხი უფრო მეტად პერსონალურ ისტორიებს უყურებს და ახალი კონტენტით გავაგრძელე საქმიანობა. 

როდესაც ბავშვის გაჩენა გადავწყვიტე, ჩემს ორსულობასა და პოსტ-მშობიარობის პერიოდზე დიდი ინტერესი წამოვიდა. კომენტარებიდან ვიგებდი, რა მოთხოვნაც ჩნდებოდა და მეც იმას ვუპასუხებდი. თუმცა მშობიარობის შემდეგ იმდენად აქტიური ვეღარ ვიყავი, საერთოდ არ დამისვენია, მშობიარობის დღესაც ვმუშაობდი და 10 დღეში სრულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდი. იმის ფუფუნება არ მქონია, რომ პაუზა ამეღო და კონტენტისთვის დამეთმო დრო. ახლა ძალიან შემთხვევით დავბრუნდი, უკვე პოლიტიკური კონტენტით. 

უარყოფითი კომენტარების ავტორებს ყოველთვის სცემთ პასუხს, თანაც არგუმენტებით. რატომ აირჩიეთ მათთან კომუნიკაციის ასეთი გზა?

ნატალია: ძალიან კარგად ვარჩევ ვინ არის რეალური და ვინ არარეალური ადამიანი, ე.წ. ბოტი. ვკითხულობ კვლევებს და ვიცი, რომ საქართველოს 90%-ს უნდა ევროკავშირი და როდესაც კომენტარების სექციაში 80% საპირისპიროს წერს, ვხვდები რაშიცაა საქმე. შემდეგ უკვე გადავდივარ მათ პროფილებზე, და მარტივად ვახერხებ ნამდვილი ადამიანების ამოცნობას.

მე მგონია, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ მოვერევით და ჩემი სტილიც არ არის. ამიტომ არავის, ბოროტებით არ ვუპასუხებ.

ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე ვუპასუხებ ხოლმე ამ ადამიანებს და არა იმის მიხედვით, თუ რას იმსახურებენ ისინი. ამას რომ თავი დავანებოთ, ჩემი მიზანი ვიღაცაზე გამარჯვება არ არის. ზოგადად ცხოვრება, როგორც ბევრს ჰგონია zemo-sum game-ია, სადაც ერთმა უნდა გაიმარჯვოს და მეორე დამარცხდეს, მაგრამ რეალურად ცხოვრება win-win game არის. მე თუ მოვიგებ, შენც მოიგებ. ამიტომ მინდა გავაგებინო ხალხს, რომ ყველანი ერთ მხარეს ვართ. 

პოლიტიკურ თემებზე საუბრისას ანალიტიკური ფორმატის ვიდეოები გაქვთ. როგორ გაჩნდა საერთოდ ეს კონტენტი თქვენს საქმიანობაში?

ნატალია: შარშან “რუსული კანონის” შესახებ აქციების დროს ვიდეო ჩავწერე და პირველივე ჯერზე ტროლებმა შემომიტიეს. მინდოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინფორმაციას ტროლებისგან იღებდნენ, მეთქვა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს აკადემიური გამოცდილება, ვიცი სად მოვძებნო ჩემი არგუმენტების დასაბუთებისთვის საჭირო ინფორმაცია, ეს პროცესი იყო ძალიან ბუნებრივი, იმიტომ რომ სხვანაირად რაიმეზე საუბარი არც წარმომიდგენია.

თუ გინდა ადამიანს რამე აუხსნა, მაგალითები და არგუმენტები უნდა წარუდგინო.

ყოველდღიური აფირმაციები "ასისტენტისგან"

ყველაფერი კი დაიწყო ფეისბუქ ჯგუფში, რომელიც ქალების დასახმარებლად შექმნით. რა იყო თავდაპირველი მოტივაცია?

ნატალია: მე და ჩემს მეგობრებს, კარგი საქმის გაკეთება გვინდოდა და აღმოვაჩინეთ, რომ იმაზე მეტი ადამიანი გვენდო, ვიდრე ამის რესურსი გვქონდა. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა იყო, როცა ჩვენთან ძალადობის მსხვერპლი გოგონა მოვიდა. ჩვენ მის დასახმარებლად ექსპერტიზა არ გვეყო, მაგრამ ის რაც ნამდვილად ვიცოდით, განათლების მიღების საშუალებები იყო და შევთავაზეთ ერთ-ერთი პროგრამა. გოგონა უცხოეთში წავიდა, მიიღო გამოცდილება, განათლება, ენა ისწავლა, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობდა, განავითარა უნარები, მარტივად იპოვა სამსახური, გადავიდა მარტო საცხოვრებლად და ახლა ძალიან კარგად გრძნობს თავს. ამ გოგონას რომ დავეხმარეთ, აღმოჩნდა, რომ ის მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებს კიდევ იცნობდა. სწორედ ამიტომ, ამ ფორმატის ჯგუფის შექმნა გადავწყვიტეთ. ამ ჯგუფში, დღესდღეობით უკვე 75 ათასზე მეტი ქალია გაერთიანებული. ეს უსაფრთხო გარემო კი ქალებისა და ჩვენთვის დიდი მონაპოვარია. 

 

 

უკვე ხართ დედა, რომელსაც საქმიანობა არ შეუწყვეტია, ცხოვრების ამ ეტაპზეც მოგვიყევით.

ნატალია: ჩემი მსოფლმხედველობა ისეთია, რომ ორსულობა-მშობიარობის პერიოდში, ქალმა უნდა დაისვენოს, დრო თავის თავსა და შვილს მიუძღვნას. მე ასე არ მოვიქეცი და არ მგონია რომ ეს სხვა ქალებისთვის კარგი მაგალითია, რადგან ყველა ორსულობა სხვადასხვანაირია და ზოგიერთ ქალს არ შეუძლია პროფესიული საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება. მე იღბლიანი ვიყავი და მენტალურმა ჯანმრთელობამ, სხეულმა თუ პარტნიორმა შემიწყო ხელი, რომ დრო აქტივიზმისა და სამსახურისთვისაც მქონოდა. მნიშვნელოვანია, რომ შვილების გაჩენის შემდეგ, ქალი მუდმივად სახლში, ბავშვთან არ იყოს. მაგრამ ეს რთულია ხოლმე, რადგან საქართველოს ოჯახებში კაცები მოვალეობას არ ინაწილებენ და ქალები მარტო რჩებიან.

 

თვითონ ქალებს ვურჩევდი, რომ შვილის გაჩენის დრო კარგად დაგეგმონ. გაითვალისწინონ ის, თუ თავიანთ კარიერაში რა ეტაპზე არიან.

მე არ მქონდა შესაძლებლობა, დეკრეტული შვებულება ამეღო, რადგან ფრილანსზე ვმუშაობდი. ალბათ უფრო ჭკვიანურად დაგეგმვაც შეიძლებოდა. სხვებს ვურჩევდი, შეეცადონ, თავიანთ თავს მაქსიმალურად ბევრი დრო დაუთმონ. 

ისევ ჯგუფში წამოჭრილ საკითხებს რომ დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, რა პროცესებია საჭირო შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად? 

ნატალია: საჭიროა, რომ ქალებმა თავიანთი უფლებები იცოდნენ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმ ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს და ჰყავთ გამოყოფილი იურისტები, რომლებიც ამ ქალებს ემსახურებიან. მსგავსი სერვისების შენარჩუნება ძალიან საჭიროა. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ქალებს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლის არ შეეშინდეთ და მხარდაჭერის სისტემები ჰქონდეთ. ზუსტად ასეთი სისტემაა ჩვენი ჯგუფიც, სადაც თავიანთ პრობლემებს აზიარებენ, ორგანიზდებიან და ერთიანი ძალებით გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ფიზიკურ სივრცეში შეკრების შესაძლებლობაც ჰქონდეთ. აუცილებლად უნდა ვახსენო ისიც, რომ უკვე შემდგარ ქალებსა და საწყის ეტაპზე მყოფ ქალებს შორის კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ჩვენ თავიდან ვცადეთ, მენტორშიპის მსგავსი პროგრამის დანერგვა. თუმცა, ეს დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს, ჩვენი ორგანიზაცია კი ძირითადად მოხალისეობრივ სამსახურზე დგას. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შევძლოთ ამის გაკეთება. 

ბოლოს თქვენს გეგმებზეც რომ ვისაუბროთ. საქართველოს უკავშირდება თქვენი გეგმები? 

ნატალია: მგონია, საკუთარ თავთან ჯანსაღი ურთიერთობის ნაწილია, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ, თავს უფლება მისცე, რაღაცები არ დაგეგმო. ამიტომ კონკრეტულად დიდი გეგმა არ მაქვს. სამაგიეროდ მაქვს წარმოდგენა იმისა, თუ საით მივდივარ. მაგისტრატურის თეზის წერის შემდეგ, მომეწონა აკადემიური მიმართულებით მუშაობა და უკვე უნივერსიტეტშიც ვასწავლი. ძალიან მინდა, ქალთა ისტორიასა და ქალთა უფლებების შესახებ საგნების დამატება. მოლაპარაკებები უკვე დაწყებული მაქვს და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ჯერჯერობით ქვეყნიდან წასვლას არ განვიხილავ. ზოგადად ვინც მიდის, რაღაც ეტაპზე ისიც უნდა დაბრუნდეს და თავისი ცოდნა და რესურსი საქართველოს მოახმაროს. ხოლო რაც შეეხება ჯგუფს, გვინდა ფიზიკურ სივრცეში შეხვედრები გავახშიროთ და უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ. განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო რეგიონებში.

"მოხალისეთა ჰაბი" აქტიურად ეხმარება უკრაინის ომში დაზარალებულ ადამიანებს

გაჩერებას არასდროს ვაპირებ, რადგან სწავლა ძალიან მიყვარს, მეცადინეობა თუ სიახლეების გაგება მსიამოვნებს. ჩემი თავის რაღაც სფეროებით შემოსაზღვრა არ მინდა, რადგან დასაწყისშიც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი პოლიტიკურ მეცნიერებში და ცხოვრებამ სადაც მომიყვანა, იმით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვნახოთ მომავალში რა იქნება.

ზევით