#GOGO!

სურნელოვანი ჩხირები, სანთლები და ბუნებრივი სალბები "აურასგან"

გაზიარება:

დღეს ანუკა შამუგიას მიერ წამოწყებულ ბიზნესზე მოგითხრობთ. "აურა" ონლაინ მაღაზიაა, სადაც ბუნებრივი სალბების, არომატული ჩხირების, სურნელოვანი ნელსაცხებლებისა თუ საკმევლის შეძენას შეძლებთ. პროდუქცია თქვენს ცხოვრებას სიმშვიდეს შემატებს, უარყოფით აურას განწმენდს და მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ, ეს ყველაფერი კი გამორჩეული სურნელების ფონზე მოხდება. სტატიაში ანუკა აღნიშნულ პროდუქტებზე, მათ გამოყენების წესებსა თუ სარგებელზე მოგიყვებათ. 

მოგვიყევით თქვენსა და “აურაზე”

ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადამიანებთან ურთიერთობა, პროფესიონალური ზრდა და დასახული მიზნებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაა. არასოდეს არ ვამბობ უარს თავდაპირველ ჩანაფიქრზე, თუნდაც სასურველი შედეგის მიღწევა გამიჭირდეს. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. ზოგადად მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ფიქრი, რაშიც მშვიდი და იდუმალი სურნელებით სავსე გარემო ძალიან მეხმარება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობარმა უცხოეთიდან არომატული ჩხირები ჩამომიტანა. იმ დღიდან არომატული სანთლები ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. უამრავ დადებით თვისებასთან ერთად სურნელოვანი სანთლები, ჩხირები, საკმეველი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება ადამიანს. გამიჩნდა სურვილი, ეს შეგრძნებები სხვებისთვისაც გამეზიარებინა.

ქალები ბიზნესში ქალების ბიზნესი, women in business

რითია სურნელოვანი ნელსაცხებლები საინტერესო?

ადამიანები ძველი დროიდან იყენებდნენ სურნელოვან ნელსაცხებლებს. დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზე საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ესა თუ ის არომატი გონების მუშაობის გაუმჯობესებაში გვეხმარება, ხელს უწყობს სულიერ და პიროვნულ ზრდას. სურნელებს შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ ყოველდღიურ რეალობაზე, ადამიანის ცნობიერებასა და მის ჯანმრთელობაზეც. მთავარია, სწორად შეარჩიო არომატი და მათი გამოყენება ისწავლო. აღმოსავლეთის ხალხებს დღესაც სჯერათ, რომ არომატებს მაგიური ძალა აქვთ. ადრე, რიტუალებისა და ცერემონიების დროს, ყოველთვის გამოიყენებოდა სურნელოვან მცენარეთა ფესვები, ყვავილები, ფოთლები, მცენარეული ზეთების წვეთები თუ ზეთის გამოწურვის შედეგად მიღებული მცენარეული ნარჩენები.

როგორ გამოიყენება აურას პროდუქცია და რა სარგებელი მოაქვს მას?

ბუნებრივი სალბის არომატი ანტისეპტიკის როლს ასრულებს. ის მთელს ორგანიზმს ენერგიით მუხტავს და ძალას მატებს. მისი საკმეველი იღბალს მოიზიდავს, მისი დაწვა სასარგებლო და ეფექტურია სახლში. მაგალითად, როდესაც ცუდ ხასიათზე ხარ, სალბის არომატი გაღიზიანებისა და სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ამასთან ერთად სამკურნალო თვისებებიც აქვს - ეფექტურად ებრძვის ვირუსებს და ამცირებს სასუნთქი ორგანოების დაავადებების სიმპტომებს. მისი გამოყენება აბანოსა და საუნაში კარგი საშუალებაა ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის.

ხის საკმეველი - პალო სანტო სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული მცენარეა. მისი სახელწოდება ლათინურად წმინდა ხეს ნიშნავს და მისი ტოტები გაჯერებულია ეთერზეთებით.

თაფლის სანთელი ნატურალური ფიჭისგან დამზადებული არომატული თაფლის სანთლები, დაამშვენებს თქვენს სახლის ინტერიერს, შეგიქმნით სადღესასწაულო განწყობას, ოჯახურ სიმყუდროვესა და სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. თაფლის სანთელი ასუფთავებს ჰაერს ენერგეტიკული დაბინძურებისგან და მავნე მიკრობებისგან. კარგია ამ სანთლების დაწვა წელიწადის ცივ პერიოდში იმუნიტეტის ასამაღლებლად და ვირუსების თავიდან ასაცილებლად. სანთლის დაწვისას გამოყოფილი სასარგებლო ნივთიერებები აჯანსაღებენ სივრცეს, რომელშიც იმყოფები, სიმშვიდე და კარგი განწყობა მოაქვთ ყველასთვის. უამრავი სხვადასხვა არომატული სანთელი, საკმეველი თუ ჩხირები არსებობს, რომელთაგან თითოეულს საკუთარი თვისება და ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების სპექტრი აქვთ. საჭიროა გავერკვეთ მათ თვისებებში და ჩვენი გემოვნების და საჭიროების მიხედვით შევარჩიოთ სასურველი პროდუქტი.

ხომ არ გაქვთ ამ პროდუქტების გამოყენების რაიმე პირადი რიტუალი, რომელსაც მომხმარებლებსაც გაუზიარებდით?

ყველასთვის, ვინც იყენებს სურნელოვან ჩხირებს, სანთლებს ან საკმეველს, ინდივიდუალური წესები არსებობს. მე ძირითადად დილის საათებში ვიყენებ, რომ კარგი განწყობა და ენერგია მთელი დღის განმავლობაში გამყვეს.

რა რჩევებს მისცემდით ახალბედებს სურნელოვანი ნელსაცხებლებისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად?

მაქსიმალური დადებითი ეფექტის მისაღებად მომხმარებელმა რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში არასოდეს გამოიყენოთ საეჭვო წარმომავლობის პროდუქტი ან ისეთი პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში თქვენთვის არასასიამოვნო ელემენტები შედის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი ყოველდღიურად გამოყენება არ არის რეკომენდებული, გამოყენების შემდეგ კი ყოველთვის გაანიავეთ ოთახი. ბუნებრივი ნელსაცხებლები არ მოიხმაროთ ორსულობის ან ასთმის ქონის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში შედის თქვენთვის არასასიამოვნო ელემენტები. იმასაც დავამატებ, რომ თვითნებურად ფხვიერი საკმევლის შემადგენლობის შეცვლა არ შეიძლება. საბოლოოდ კი ყველას გახსოვდეთ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.

თქვენი აზრით, რატომ იმსახურებს “აურა” მომხმარებლების ნდობას?

აურა ჯერ კიდევ ცდილობს მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა და ერთგულება. ჩვენ მაღალი ხარისხის პროდუქტის მრავალფეროვან არჩევანს მისაღებ ფასებში გთავაზობთ, გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით, სურვილის შემთხვევაში კი კვალიფიცირებული სპეციალისტი გაგიწევთ კონსულტაციას და შემოგთავაზებთ თქვენთვის საჭირო და სასარგებლო პროდუქტს.

რა სირთულეები შეგხვდათ “აურას” არსებობიდან დღემდე?

ჩვენს საზოგადოებაში სიფრთხილით ეკიდებიან აღმოსავლურ სურნელოვან სანთლებს, საკმევლებს, რადგანაც არსებობს აზრი, რომ მათი გამოყენება რელიგიურ რიტუალებთან არის კავშირში და წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს სარწმუნოებასთან. ამის გამო, ხალხი ხშირად თავს იკავებს პროდუქციის შეძენისგან. თუმცა, ეს სტერეოტიპი ძირითადად საშუალო და უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორისაა გავრცელებული, ახალგაზრდები კი მეტ ინტერესს იჩენენ და სიამოვნებით ყიდულობენ ჩვენს პროდუქციას.

რას ურჩევდით სხვა ქალებს, რომელთაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ ვერ ბედავენ?

დღეს ბევრს სურს ბიზნესის დაწყება, კარგი იდეებიც აქვთ, მაგრამ განხორციელება უჭირთ. პირველ რიგში ვურჩევდი კარგად შეისწავლონ ის მიმართულება, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობენ. აგრეთვე, გაარკვიონ სამიზნე აუდიტორია, პროდუქტზე მოთხოვნის დონე და კონკურენტების საქმიანობა. დაწყებამდე მნიშვნელოვანია, შეადგინონ გამართული ბიზნეს გეგმა, გათვალონ რისკები, საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით და ამის შემდეგ თამამად შეუდგნენ საქმეს. თქვენი პროდუქცია ხალხისთვის საინტერესოდ უნდა წარმოაჩინოთ, ბრენდს თანამედროვე ჟღერადობა შესძინოთ, რაც მას ფართო მასებისთვის ცნობადს გახდის. ამაში წინასწარ გაწერილი მარკეტინგული კამპანია დიდ სამსახურს გაგიწევთ.

ზევით