ბოლო ათწლეულია, მსოფლიოსა თუ საქართველოში, ძალიან ბევრ ძლიერ და წარმატებულ ქართველ ქალს ვხვდებით. მათი ისტორიები უდიდეს მოტივაციას გვაძლევს. მათ მაგალითზე, უკვე ვიცით, რომ პატარა საქართველოდანაც შეგვიძლია მსოფლიო დავიპყროთ და ქვეყნის გარეთ ყველას გავაგებინოთ, თუ რამდენად ნიჭიერი და გასაოცარი ხალხი ცხოვრობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი - სალომე გორგილაძეა. იგი პორტუგალიაში მოღვაწეობს და სასტუმროთა ქსელის SANA Hotels-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და ხელმძღვანელია. ეს ახალგაზრდა ქართველი ქალი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ფასდება ევროპაში განათლება, მიზანდასახულობა და ულევი შრომა.
ნანკა: მიხარია რომ კიდევ ერთი გასაოცარი გოგო აღმოვაჩინე. სალომე, სანამ იმ ბევრ კითხვაზე გადავალ, რომელიც შენი გაცნობისთანავე გონებაში აკუმულირდა, პირველი კითხვა მინდა დაგისვა: პორტუგალიაში, რომელიც ალბათ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასკულინურ ქვეყნად ითვლება, რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება?
სალომე: პორტუგალია, ასე რომ ვთქვათ, ევროპის ლათინური ქვეყანაა და საქართველოსაც ბევრი რამით ჰგავს - ძალიან ტრადიციული ხალხია, აქვთ ოჯახის კულტი, არიან მეგობრულები და აქვთ საქართველოსმაგვარი სტუმარმასპინძლობა. ამიტომ, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, საქართველოში. თავის დამკვიდრება მარტივი არ იყო, საკმაოდ დატვირთული გზა გავიარე - ბევრი ვისწავლე და ბევრი ვიშრომე. ჩემი ცხოვრების გზა პორტუგალიამდე ჟენევაზე გადის. აქ 2008 წელს მოხვდი სკოლის დამთავრების შემდეგ. მამა, გოგა გორგილაძე შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იმავდროულად, ჟენევაში გაეროს განყოფილებაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლად დაინიშნა. შემდეგ კი, პორტუგალიის ელჩად დანიშნეს და მეც, რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებთან ცხოვრება ვარჩიე და აქვე დავამთავრე მაგისტრატურა. მინდა აღვნიშნო, რომ პორტუგალიაში მაგისტრატურა ბევრად ხელმისაწვდომია, ვიდრე ბევრ კერძო სკოლაში თბილისში. მაგისტრატურაზე ძალიან კარგად ვსწავლობდი და სამსახურის თაობაზე არაერთი შემოთავაზება მივიღე. აქ ასეა, უნივერსიტეტიდანვე გამჩნევს კომპანია და შემდეგ ყველანაირად ცდილობს რომ საკუთარ ორგანიზაციაში დაგასაქმოს.
თუმცა, მე სტარტაპით დავინტერესდი და ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინვესტორთან, ლუის ამარალთან თანამშრომლობით შევქმენი. ლუის ამარალი უმსხვილესი კომპანიის, Eurocash-ის მფლობელი და ჩემი მენტორი იყო უნივერსიტეტში. ჩვენი სტარტაპი Eurocash-ის გაციფრულებას ემსახურებოდა - კომპანიის მფლობელობაში არსებული სუპერმარკეტების ონლაინ შეკვეთების უზრუნველყოფას. ამჟამად ძალიან პოპულარულია ეს სფერო, თუმცა იმ პერიოდში პიონერები ვიყავით ამ მიმართულებით.
ორი წელი პოლონეთს, პორტუგალიასა და საქართველოს შორის ვიცხოვრე, შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს სფერო არ იყო ჩემი და რადგან უკვე არაერთი შემოთავაზება მქონდა SANA Groups-ისგან მათ გუნდს შევუერთდი.
ნანკა: სალომე, ამ ჯადოსნურ ადგილზე, Sud Lisboa-ზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც პორტუგალიის მარგალიტად ითვლება და ეს პროექტი ქართველ გოგოს ანუ შენ გეკუთვნის.
სალომე: როდესაც SANA-ს გუნდს შევუერთდი, ამ კომპანიას დასავლეთ ლისაბონის რაიონში, ბელემში, ახალი ნაყიდი ჰქონდათ მიწა და პროექტზე კონკურსი იყო გამოცხადებული. მიყვარს გამოწვევები და ჩემს ორ კურსელთან ერთად გადავწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობა მიმეღო. იმ დროისთვის 25 წლის ვიყავი და წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ქართველ გოგოს პორტუგალიაში ისეთი რამ უნდა შემექმნა, რაც სამუდამოდ დარჩებოდა ამ ქვეყანას. იმ დროს ლისაბონის ყველაზე ტრენდული და გამორჩეული ადგილი Alcantara Cafe გახლდათ. დამაინტერესა რა იყო მისი პოპულარობის მიზეზი, გავარკვიე ვინ იყო მისი არქიტექტორი, მოვიძიე ეს ადამიანი, რომელიც ანტუან პინტო გახლავთ და ბრიუსელში თავზე დავადექი.
ვუთხარი, თუ ჩვენ ამ კონკურსში გავიმარჯვებდით, ეს მისი ცხოვრების მთავარი პროექტი იქნებოდა, თუმცა, ჯერ მისი დროის, ნიჭისა და რესურსების ინვესტიცია იყო საჭირო.
ამ მომენტისთვის, არც თანხა გვქონდა, რომ ეს ცნობილი არქიტექტორი საკონკურსო პროექტში ჩაგვერთო, და არც გარანტია, რომ კონკურსში გავიმარჯვებდით. ჩემი მიზანი კი იყო, ეს ადამიანი როგორმე დამეთანხმებინა. თავიდან ანტუან პინტომ უარი მითხრა, თუმცა ჩემმა ენთუზიაზმმა იმოქმედა მასზე და ერთ კვირის თავზე თავად დამირეკა თანხმობის ნიშნად. ასე შეიქმნა SUD Lisboa.
პროექტის მთავარი იდეა იყო SUD Lisboa ქალაქის სავიზიტო ბარათად გვექცია და პორტუგალიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქ ჩატარებულიყო. დღეს SUD-ს, მაღალი ხარისხის მომსახურება, განსაკუთრებული სამზარეულო და სასიამოვნო გარემო გამოარჩევს. ეს ყველაფერი კი მას ლისაბონის მარგალიტად აქცევს.
შვიდი წელი გავიდა SUD Lisboa-ს გახსნიდა. ის დღემდე ყველაზე ტრენდული ადგილია ლისაბონში და მუდმივად მასპინძლობს მსოფლიო ვარსკვლავებს.
ნანკა: მინდა გაეროში მუშაობის გამოცდილება გაუზიარო ჩვენს მკითხველს. რატომ არჩიე საერთაშორისო ორგანიზაციაში კარიერას ბიზნესი?
სალომე: დიახ, ჩემი კარიერა არ დაწყებულა ლისაბონით. ჟენევაში სწავლის პერიოდში სულ ვმუშაობდი - ჯერ გაეროში UNESCO-სა და UNHCR- ში, ბოლოს ორი წელი Global Emerging Markets კომპანიაში ანალიტიკოსი ვიყავი. პროფესიონალურად სწორედ შვეიცარიულმა გამოცდილებამ ჩამომაყალიბა. გაეროში მუშაობამ დამანახა, თუ რამდენად ბიუროკრატიულია ეს ორგანიზაცია. შემდეგ მივხვდი, შეიძლება იყო ბიზნესის სფეროში და მაინც შეძლო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო.
ნანკა: სალომე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს საქართველოს არაოფიციალური ელჩი ხარ პორტუგალიაში და ძალიან ვამაყობ შენით. გვითხარი, რა არის შენი მთავარი მოტივაცია?
სალომე: პირველ რიგში, მსურს ჩემი პატარა საქართველოს საუკეთესო მხარე პორტუგალიას გავაცნო. ძალიან მიყვარს ქართველების მასპინძლობა პორტუგალიაში. ხშირად, ქართველ ახალგაზრდებს ვიწვევ სტაჟირებებზე. SANA Hotels-სთან პარტნიორობით სხვადასხვა ქართულ ღონისძიებებს ვმასპინძლობ ლისაბონში. ჩვენი ისტორია, მუსიკა თუ ცეკვა მართლა უნიკალურია და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როდესაც სხვადასხვა დელეგაციების, უცხოელების აღფრთოვანებულ სახეებს ვხედავ. არაფერი ხდება მიზეზის გარეშე. მე, როგორც რიგით ქართველს, დიდი პასუხისმგებლობა მენიჭება, საქართველო აქ საუკეთესოდ წარმოვაჩინო. საქართველოს დროშა SANA Hotels-ის არა მხოლოდ პორტუგალიის, არამედ საფრანგეთის, მაროკოსა და გერმანიის სასტუმროების თავზეც ფრიალებს, ამის მიზეზი კი საქართველოსადმი სიყვარულია.
ნანკა: შენ არამხოლოდ საქართველოს აცნობ პორტუგალიას, არამედ პორტუგალიური ინვესტიციები მოგაქვს საქართველოში. ხომ არ გვიამბობდი იმ პროექტზე, რომლის განხორციელებასაც SANA ჯგუფი საქართველოში აპირებს?
სალომე: საქართველოსთან დაკავშირებით SANA Hotels-ს ძალიან საინტერესო გეგმები აქვს - თბილისის ცენტრში უკვე შევიძინეთ მიწა. ვაპირებთ, რომ ავაშენოთ სასტუმრო ქალაქის ცენტრში. უკვე ჩავრთეთ ძალიან ცნობილი არქიტექტორი და იმედი გვაქვს, პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. სასტუმრო 100%-ით პორტუგალიური ინვესტიციით შენდება. ასევე, საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი მაქვს. როგორც იცით, პორტუგალიელი მისიონერები ქეთევან დედოფლის წამებას დაესწრნენ და ეს ყველაფერი სახლში დაბრუნებისას, ლისაბონის ერთ-ერთი ცნობილი ტაძრის ფრესკაზე აღბეჭდეს. ამჟამად ამ ტაძართან არსებულ ძველ მონასტერს რესტავრაცია სჭირდება და პორტუგალიის მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ შენობების რესტავრაცია ჩვენი ჯგუფის მიმართულება არ არის, მაგრამ მაინც მივიღეთ მონაწილეობა. პორტუგალიის მთავრობამ გრასის მონასტრის აღდგენის ნებართვა მოგვცა კიდევაც. განსაკუთრებული სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მე, სალომე გორგილაძე, როგორც ქართველი, მონაწილეობას ვიღებ იმ მონასტრის რესტავრაციაში, რომლის ტაძარშიც დიდი ქართველი ქალის ფრესკაა. ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის.
ნანკა: რამდენადაც კარგ საქმეებს ემსახურები პორტუგალიაში, იმდენად მენანება, რომ შენნაირი პროფესიონალები უშუალოდ საქართველოში არ მოღვაწეობენ. რომ მიიღო შემოთავაზება სამშობლოდან, დაბრუნებაზე იფიქრებდი?
სალომე: ზუსტად არ ვიცი რას ვიზამდი, თუმცა ნამდვილად დავფიქრდებოდი ამ შემოთავაზებაზე. ყველაზე ბედნიერი მაინც საქართველოში ვარ. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ძალიან მიჭირს უკან დაბრუნება. აეროპორტში თუ ვინმეს დავუნახივარ, სულ ცრემლით ვტოვებ ქვეყანას, დღემდე ვერ შევეჩვიე ამ დისტანციას.
ნანკა: და ბოლოს, ჩემი საამაყო პროექტის GOGO-ს მთავარი კითხვა: რას ურჩევდი გოგოებს, რომლებიც ეს-ესაა იწყებენ ბიზნეს ან პირიქით, ვერ ბედავენ? მინდა რომ მოტივაცია იყო მათთვის.
სალომე: ნანკა, დიდი პასუხისმგებლობაა მკითხველისთვის ასეთი რჩევის მიცემა. უამრავი პრობლემაა საქართველოში და ვიცი, ვინც ახლა იწყებს კარიერას, შეიძლება ფიქრობდეს, რომ ძალიან რთული და გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ ის არც ისე გრძელია. შეიძლება ვიყოთ პატარა ქვეყნიდან, პატარა ქალაქიდან მაგრამ ყველას შეგვწვეს ძალა. მთავარია იცოდეთ, სად მიდიხართ და რას გინდა მიაღწიოთ. განათლება, არდანებება, შრომისმოყვარეობა, მიზნისკენ სწრაფვა, თავდაჯერებულობა - ყოველივე ეს თამაშობს მნიშვნელოვან როლს.
მიუხედავად იმისა, რომ გზად უამრავი ბარიერი ჩნდება, მთავარია, არასდროს გადაუხვიოთ გზას, არ დანებდეთ და მიზნებს მიჰყვეთ ამაყად.
კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც ყველა გოგოს მივცემდი: არასდროს დავამციროთ და გავაკრიტიკოთ ერთმანეთი. ხშირად, ქალები ძალიან სასტიკები ვართ ერთმანეთის მიმართ. არ ვითვალისწინებთ, თუ რა სირთულეები აქვს გამოვლილი და რა სიხარული თუ ტკივილი გადაუტანია ადამიანს. აქ, პორტუგალიაში, ძალიან ბევრი ქალია დიპლომატიურ სამსახურში და ჩვენ ერთობლივ ღონისძიებებს ვაწყობთ, რომლებიც მიმართულია ქალების გაძლიერებისკენ. მნიშვნელოვანია, ქალები ერთმანეთს გვერდში ვედგეთ.
ნანკა: როგორც TheDiary-ს რედაქტორი და როგორც ქართველი ქალი, დავამატებდი, რომ საქართველოს ხალხს უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი. სალომეს რაც შეეხება, იშვიათად შეხვდებით მსგავს ადამიანებს - კეთილი, უანგარო, ჭკვიანი, ინტელექტუალი და ლამაზი, თუმცა გარეგნულობაზე ხაზგასმა, როგორც შევამჩნიე არ უყვარს, ვინაიდან ინტელექტი და ჰუმანურობა მისთვის ადამიანობის ფუნდამენტური ღერძია.
The Diary აგრძელებს ქართველი გოგოების წარმატებაზე საუბარს. ამჯერად, ელენე გიორგაძეს გაგაცნობთ, რომელიც 2016 წლიდან ბრენდ Lename-ს ქმნის. ელენე თანამედროვე ქალებს საინტერესო და უნიკალური დეტალებით მდიდარ, მოდერნულ თუ კლასიკურ კოლექციებს სთავაზობს.
"აურა" ონლაინ მაღაზიაა, სადაც ბუნებრივი სალბების, არომატული ჩხირების, სურნელოვანი ნელსაცხებლებისა თუ საკმევლის შეძენას შეძლებთ. პროდუქცია თქვენს ცხოვრებას სიმშვიდეს შემატებს, უარყოფით აურას განწმენდს და მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ, ეს ყველაფერი კი გამორჩეული სურნელების ფონზე მოხდება.
ორი გოგოს მიერ შექმნილი ბრენდი დახვეწილი სტილითა და საინტერესო დეტალებით გამორჩეულ სამოსს გვთავაზობს. Lemerie-ს ტანისამოსი როგორც ყოველდღიური, ისე საღამოს დახვეწილი ლუქის შექმნაში დაგეხმარებათ.