სვანური მარილი, ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და თვითმყოფადი სვანური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მისი მომზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და თითოეულ ოჯახში პროპორციებისა და ინგრედიენტების სურვილისამებრ ცვლილების ხარჯზე, განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სვანური მარილის ოჯახური რეცეპტი, თაობიდან თაობებს გადაეცემა და ახლა „პაპრიკას“ დამსახურებით, ერთ-ერთი მათგანის დაგემოვნების საშუალება გვეძლევა.
„პაპრიკა“ ორგანული ნედლეულით დამზადებული სვანური სანელებლების სტარტაპია, რომელიც ქართული დახლებზე მრავალფეროვანი და მუდმივად მზარდი ასორტიმენტით უკვე გამოჩნდა. „პაპრიკას“ პროდუქციაში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ როგორც სვანური მარილი და სხვადასხვა სანელებელი, აგრეთვე, რამდენიმე დასახელების მიქს სუნელი, რომელიც კონკრეტული კერძისთვის საჭირო სანელებლებს ერთ შეფუთვაში აერთიანებს და ცხოვრებას ერთი ორად გვიმარტივებს.
„პაპრიკას“ შექმნის იდეის, მისი განხორციელებისა და ბრენდის იდენტობის შესახებ, „პაპრიკას“ თანადამფუძნებელთან ანა ბენდელიანთან ინტერვიუში მოვისმენთ:
როგორ გაჩნდა „პაპრიკას“ შექმნის იდეა და რა გამოარჩევს მას?
ყველაფერი სამეგობრო წრეში დაიწყო, სადაც ჩვენი სვანური მარილი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ასევე ყველას მოსწონდა ჩვენი „კუპდარები“, ჩვენში ვგულისხმობ ოჯახური რეცეპტით დამზადებულს, გადავწყვიტეთ ეს უნიკალური, ავთენტური და ამავდროულად ტრადიციული სანელებლების შეზავების რეცეპტები გვექცია ბიზნეს იდეად და ასე გაჩნდა ბრენდი „პაპრიკა“.
დღეს ჩვენი ბრენდი წარმოადგენს სანელებლების ტრადიციული გემოების და თანამედროვე მოთხოვნების უნიკალურ ფორმულას, რომელიც აბსოლუტურად ორგანული ნედლეულით მზადდება.
მის წარმოებაში ჩართულია ოჯახის 3 თაობა. ყველაზე უფროსი თაობა უშუალოდა ჩართული პროდუქტების შექმნაში, რა თქმა უნდა, თავიანთი ცნობილი რეცეპტებით და უნიკალური გემოებით, რომლის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
პროდუქტის შექმნის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ორგანულად სუფთა ნედლეულის მოძიების პროცესი. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა და ბევრი კვლევაც ჩავატარეთ.
როგორ მიმდინარეობს თქვენი სტარტაპის ქართულ ბაზართან მორგების პროცესი და რამდენად სწრაფად მიიღო ის მომხმარებელმა?
პროდუქტი უკვე ბაზარზეა ჩაშვებული, ამ ეტაპზე წარმოდგენილია რამდენიმე საცალო ქსელში, მათ შორის აგოროჰაბში და სულ მალე ევროპროდუქტების დახლებზეც გამოჩნდება, რა თქმა უნდა მუდმივად ვითვალისწინებთ მომხმარებლის უკუკავშირს ეს ნორმაა.
ბრენდის იდენტობისა და მისი ვიზუალური ენის შესახებ რას გვეტყვით?
ჩვენი ბრენდის მთავარი ნიშა არის ხარისხი, ვიყენებთ ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულს, დიზაინი მინიმალისტურია, მარტივი და დახვეწილი, პროდუქტის დანომვრის იდეა ძალიან მოგვწონს, ვფიქრობთ, რომ მომხმარებლისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს.
რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, გვგონია რომ სამზარეულოში ყველა სუნელი გვაქვს და კერძის კეთების პროცესში აღმოგვიჩენია რომ რაღაც გაკლია? დანომვრის იდეაც აქედან წამოვიდა, მარტივია იმის აღმოჩენა, რომ რომელიღაც ნომერი არ გვაქვს სამზარეულოში და მარაგის შევსებაა საჭირო.
ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის სიმარტივე, „მიქსების“ იდეაც სწორედ ამაში მდგომარეობს, სპეციალურად მომზადებული შენარევები კონკრეტული კერძებისთვის. ასევე მოგვწონს, ტრადიციულ გემოების „თანამედროვე“ პროდუქტებთან გამიქსვა. წარმოიდგინეთ დილით საუზმეზე მარტივად ჭრით ავოკადოს, კიტრს, ასხამთ ზეითუნის ზეთი და აყრით სვანურ მარილს, უბრალოდ საოცრებაა, უგემრიელესია. ხშირად ვხუმრობთ ხოლმე ბებიაჩემს ალბათ ავოკადოს შესახებ არც ჰქონდა გაგონილი და აგერ მისი რეცეპტით დამზადებულ სვანურ მარილს ვაყრით ავოკადოს და თავი მოგვწონს რა გემრიელი კერძი გამოგვივიდა-მეთქი.
ამ ეტაპზე რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ 16 დასახელების პროდუქტს. აქედან განსაკუთრებულად გამოვყოფ მიქსებს, რომლებიც იქმნება სპეციალურად სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად და როგორც ზემოთ ვახსენე მომხმარებელს გაუმარტივებს ცხოვრებას, მათ არ დასჭირდებათ დამატებით სანელებლების შეძენა კონკრეტული კერძის მოსამზადებლად. თუ მომხმარებელი ამზადებს ხორციან კერძს, შეუძლია შეიძინოს ჩვენი პროდუქტი #2 მიქსი ხორციანისთვის, ის განკუთვნილია ხორციანი კერძებისთვის და მასში ყველა სანელებელია თავმოყრილი, რომელიც უხდება ხორციან კერძს. მიქსების ჩვენეული უნიკალური რეცეპტით ვამზადებთ, შენარევი ისეა დაბალანსებულია სხვადასხვა სუნელით რომ კერძს განსაკუთრებულად გემრიელს ხდის.
ამ ეტაპზე მხოლოდ 16 დასახელება გვაქვს მაგრამ ეტაპობრივად ვამატებთ პროდუქტებს, როგორც გითხარით საბოლოოდ ყველა „ნომერს“ გამოვუშვებთ.
სანელებლებში გამოყენებულ ინგრედიენტებზე და მისი მომზადების პროცესებზეც რომ გვიამბოთ...
როგორც უკვე ვახსენე, ხარისხი არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული ნედლეული, რომელსაც წარმოების პროცესში ვიყენებთ და ის უნიკალური რეცეპტები რომლებსაც მიქსების დამზადებისას ვიყენებთ თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჩვენს ოჯახში. თავისებური ტექნიკით მუშავდება მარცვალი და ინგრედიენტების პროპორციებიც საიდუმლო რეცეპტის ნაწილია.
ექსპორტზე თუ გადის პაპრიკა და როგორ გეგმავთ მისი შესაძლებლობების გაზრდას?
ჩვენი გუნდის ერთი ნაწილი ამ მიმართლებთ მუშაობს და ახლო მომავალში პაპრიკა აუცილებლად იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე, ქართული ტრადიციული და დიდი ისტორიის მქონე სანელებლების ჩვენეული რეცეპტებით მომზადებულ პროდუქტს აუცილებლად გავაცნობთ მსოფლიოს.
სიმართლე რომ ვთქვა, დასაწყისში, მხოლოდ საექსპორტო მიზნები გვქონდა, მაგრამ მერე როგორც ხდება ხოლმე მუდმივად განიცდის გეგმები ცვლილებას, გზადაგზა ახალ ახალი პროცესები, და გამოწვევები გვხვდება, ეს ხომ ბიზნესია, ყოველთვის ცდილობ ბაზარს უსმინო.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები...
ჩვენი ბრენდი დინამიკურად ვითარდება და ფოკუსირებულია მომხარებლების ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე. სამომავლოდ ვგეგმავთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრზე პოზიციების გამყარებას და განსხვავებული ნიშის დამკვიდრებას. ვნახოთ როგორ გამოგვივა...