NEON GALLERY, რომელიც მოგონებებს განათებებად აქცევს

“ნეონ გალერი” ქართული სტარტაპია, რომელიც უკვე 7 წლის გახდა. დღეს GOGO რუბრიკაში, სალომე და ნინუცა ხვადაგიანებს გაგაცნობთ. გოგონებს, რომლებმაც წარმატებული ბიზნესი ჩამოაყალიბეს და ქართველ მომხმარებლებს სრულიად ახალი პროდუქტი გააცნეს.

საკუთარი ოთახისთვის დამზადებული განათება იმდენად კარგი გამოვიდა, რომ დებმა ამ პროდუქტის დიდი პოტენციალი დაინახეს. იდეამ მართლაც გაამართლა. დღეს Neon Gallery თავისი დეკორატიულ განათებებით საქართველოში წამყვანი ბრენდია და ბევრი ადამიანის ოთახს ამშვენებს. აქ თქვენ შეგიძლიათ თქვენი სახლისთვის ან ბიზნესისთვის ნებისმიერი სახის, ორიგინალური და უნიკალური განათებები შეარჩიოთ. The Diary-სთან ინტერვიუში სალომე და ნინუცა ბიზნესის გამოწვევებზე, თავიანთ საქმიანობის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

“ჩვენთვისაც ახალი იყო საკუთარი ბიზნესის ქონა და თანაც მისი მართვა. გამოწვევას წარმოადგენდა  ფინანსური საკითხები, მარაგები, პარტნიორების ძიების პროცესი, უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა და კიდევ უამრავი დეტალი. ეს ყველაფერი ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. თუმცა ვთვლით, რომ ახლა საკმაოდ კარგ პოზიციაში ვართ, სისტემა გამართული გვაქვს და მომხმარებლებთან ურთიერთობაც უფრო გაგვიმარტივდა.”

ყოველთვის ვისმენთ ხოლმე, რომ საკუთარი საქმის ქონას არაფერი ჯობია, მაგრამ ეს თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. რატომ გადაწყვიტეთ ამ სირთულეებს შესჭიდებოდით? 

წლების განმავლობაში ნამდვილად გვიწევდა 24/7ზე მუშაობა. თუმცა ეს ფასია, რომელიც მომავალი წარმატებისთვის უნდა გაიღო. ეს დრო მხოლოდ მომავლის ინვესტიციაა. გამოცდილებასთან ერთად იძენ დროის სწორი მენეჯმენტის უნარსაც. მოტივაციად შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენი სურვილი და მიზანი, ვყოფილიყავით ფინანსურად დამოუკიდებლები. შეგვექმნა სამუშაო ადგილები, გვეზრუნა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. ასეც მოვიქეცით და ავიღეთ სოციალური პასუხისმგებლობა, უფრო დიდი მასშტაბებით ვიდრე ამას მოჭრილი ხელფასით შევძლებდით რომელიმე კომპანიაში.

 

რა რჩევებს მისცემდით იმ გოგოებს, რომლებსაც რაღაც საქმის წამოწყება უნდათ და პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირთ?

პარადოქსია, მაგრამ ბიზნეს გურუები და ნებისმიერ სფეროში წარმატებული ადამიანები გვასწავლიან, რომ მთავარი ინგრედიენტები სურვილი და დისციპლინაა. უბრალოდ არ უნდა გაჩერდე. დაისახე მიზანი, ჩამოაყალიბე გეგმა, მუდმივად გაეცანი სიახლეებს იმ სფეროში, რომლითაც ხარ დაინტერესებული და არ შეწყვიტო ძიება. ეს გზა ნამდვილად არ არის მარტივი, საკმაოდ რთულია, ალბათ ამიტომაც არის რომ ერთეულები აღწევენ ფინიშამდე.

თუ არ ცდი, ვერ გაიგებ გამოგივა თუ არა, ჩვენ კი გეტყვით რომ თუ ცდით და არ გაჩერდებით, თუ გეყვარებათ საკუთარი საქმე, ნამდვილად მიაღწევთ საწადელს.

ნინუცას და სალომეს საქმე მათი ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილს მოიცავს, ჯერ კიდევ ბევრ რამეზე უწევთ უარის თქმა, მაგრამ საკუთარი თავისთვის მაინც იტოვებენ დროს. სალომე და ნინუცას აზრით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია, დრო დაუთმოთ თქვენს ჰობის , გააკეთოთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუტინა ნისლში გაახვევს თქვენ სურვილებს და დაგაფიქრებთ საერთოდ ღირს თუ არა ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. 

 

სად შეუძლია ჩვენს მკითხველს თქვენი პროდუქციის შეძენა? როგორ უნდა დაგიკავშირდნენ?

ამ ეტაპზე სოციალური ქსელების საშუალებით ვიღებთ შეკვეთებს. ვმუშაობთ ვებ გვერდზეც სადაც გამარტივებულად შეძლებენ მომხმარებლები განათების შეკვეთას და მიღებას.

ძალიან თბილი კამპანია გქონდათ დედის დღესთან დაკავშირებით. მომავალში ხომ არ გეგმავთ ახალ კამპანიებს? 

დედის დღესთან დაკავშირებულმა კამპანიამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა და ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენთვის. ყოველდღიურობაში კი სულ გვაქვს გზავნილები ინსტაგრამ სთორების სახით. მნიშვნელოვანია ასევე შეფუთვა, რომელშიც პატარ-პატარა შეხსენებებს ბარათების და სტიკერების სახით მუდმივად აღმოაჩენთ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვაქვს რამდენიმე მიმდინარე იდეა, რომელსაც სულ მალე შევთავაზებთ მომხმარებელს!

ზევით