„მიმო“ ხარისხიანი, ნატურალური და უსაფრთხო ქსოვილისგან შექმნილი საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ხაზია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და წარმატებით მოახერხა როგორც ერთგული მომხმარებლების მოზიდვა, აგრეთვე ზრდა და განვითარება.
ბავშვობის მეგობრების მიერ დაფუძნებული ბრენდი, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული საბავშვო ხაზის შემქმნელად ითვლება, რომლის მთავარი პრიორიტეტი ხარისხი და უსაფრთხოებაა. რა გზა განვლო „მიმომ“ დაარსების დღიდან დღემდე, როგორია ბრენდის იდენტობა და როგორი სამომავლო გეგმები აქვს მას, ამის შესახებ „მიმოს“ თანადამფუძნებლისგან ანი ნიკოლაიშვილისგან მოვისმენთ, რომელსაც ჩვენთან საუბრისას არ დაუმალავს, რომ მისთვის ცხოვრებაში მთავარი სტატუსი დედობაა და სწორედ შვილის სიყვარულისა და ზრუნვით გაჩნდა „მიმოს“ შექმნის შთაგონება და მოტივაცია.
როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა და რა გზა განვლო მან რეალიზებამდე? მიმოს პირველი ნაბიჯები და გზა მომხმარებლებამდე
„მიმო“ ბავშვობის ორი მეგობრის მიერ, 2021 წელს დაწყებული ბიზნესია, რომელმაც მოკლე პერიოდში შეძლო სამიზნე აუდიტორიის ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვება.
პანდემიის რთულ პერიოდში, როცა ბევრ სერვისსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, მე და ჩემს მეგობარს, თათია ლომაძეს, გაგვიჩნდა საბავშვო ნაწარმის წარმოების იდეა, ვინდაიდან საკუთარი გამოცდილებით აღმოვაჩინეთ, რომ ქართული ბაზარი მსგავსი პროდუქციის დეფიციტით გამოირჩეოდა.
მცირე კაპიტალით დავიწყეთ ნედლეულის შეძენა, ჩვენი დიზაინით შევქმენით ესკიზები და გამოვუშვით პირველი კოლექცია.
ვინაიდან ონლაინ ვაჭრობა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, მეტად მოთხოვნადი გახდა, გავაკეთეთ სოციალური ქსელები და დავიწყეთ გაყიდვაზე ზრუნვა. განსაკუთრებული ყურადღება მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაზე გავაკეთეთ, რამაც ყველაზე დიდი შედეგი მოგვიტანა.
საბედნიეროდ, „მიმომ“ მომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია და დაინტერესებული მყიდველების რიცხვი კვირიდან-კვირამდე იზრდებოდა, რაც წარმოების ზრდის შესაძლებლობას გვაძლევდა. დავიწყეთ თანამშრომლობა საკურიერო სააგენტოებთან და ამჟამად, ჩვენი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება.
ბრენდის იდენტობის შესახებ რომ გვიამბოთ…
პროდუქცია ხარისხიანი, უსაფრთხო და ეკო-მეგობრული მასალით იქმნება და ის ოთხ მთავარ ღირებულებას ეფუძნება: უსაფრთხოება, ხარისხი, ფუნქციურობა და ესთეტიკა. „მიმო“ თანამშრომლობს ნედლეულის მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომლებსაც ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები გააჩნიათ. ბრენდი ცდილობს მისი პროდუქცია მულტიფუნქციური გამოყენების იყოს.
მიმო არის ყველაზე ფერადი, მხიარული და რაც მთავარია მორგებულია დედისა და ბავშვის კომფორტზე და სიახლოვეზე.
ვისთვის და სად იქმნება თქვენი პროდუქცია? რა ასაკის პატარებზეა გათვლილი თქვენი ბრენდის სამოსი?
მიმოს მოდელები გათვლილია 0 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. კომპანიის ბავშვის ხაზი არის ნივთები/აქსესუარები. ესენია: სხვადასხვა ზომის და ფორმის ხალიჩები, სპილო/ლაქტაციის ბალიშები, ბაჭია/დათუჩა გასახვევები, გამოსაყვანი კონვერტები, დედის ჩანთები, სლინგები, საწოლის კომპლექტი, საბნები, პლედები, სადღესასწაულო სამოსი და სხვა.
კომპანია იყენებს საქართველოს ბაზარზე ბავშვებისათვის ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიულ ნედლეულს. მასალა, რომლითაც მზადდება ჩვენი პროდუქცია არის უსაფრთხო და არ შეიცავს ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს. ამჟამად ჯამში 37-მდე სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ და მათი რაოდენობა კვარტალურად იზრდება. ძალიან გვეამაყება, რომ მიმო იყო პირველი ქართული ბრენდი, რომელმაც დედის ჩანთა პირველმა შესთავაზა მომხმარებელს.
მიმოს მიერ შექმნილი პროდუქტი წარმოებულია საქართველოში, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, მისი სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ.
სად შეიძლება მიმოს პროდუქციის შეძენა?
ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ჯიპისისა“ და „ნიკორას“ ქსელური ობიექტების ნაწილში. შეკვეთა ასევე შესაძლებელია სოციალური ქსელების მეშვეობით, მიმოს ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდის გამოყენებით. ჩვენი მომსახურება მორგებულია მომხმარებლის სურვილებზე და მაქსიმალურად სწრაფად ემსახურება მათ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
„მიმოს“ კონცეფციის მთავარი პრიორიტეტი დასაწყისშივე იყო მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის საფუძველზე, მათი კეთილგანწყობის მოპოვება, ამიტომ მან მალევე შეძლო მომხმარებლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება.
როგორც აღვნიშნე, მიმო არსებული ბიზნესია, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე ორი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ამ პერიოდში დაგროვდა გარკვეული გამოცდილება, როგორც წარმოების გაუმჯობესების, ასევე მომხმარებელთა ურთიერთობის მიმართულებით. ამჟამად, ჩვენი მიზანი წარმოების ზრდა და მისი საზღვრებს გარეთ ცნობადობაა. ამ მიზნით მიმდინარე წლის მიმოს დაგეგმილი აქვს წარმოების საშუალებების შეძენა, რაც წარმოების ზრდისა და სისწრაფის შესაძლებლობას მოგვცემს.
საზღვარგარეთის ბაზრის კვლევისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით კი, მიმო მიმდინარე წლის ზაფხულში პარიზსა და ფლორენციაში უმსხვილესი საბავშვო ნაწარმის გამოფენებზე მიემგზავრება: 𝐏𝐥𝐚𝐲𝐭𝐢𝐦𝐞 𝐏𝐚𝐫𝐢𝐬 და 𝐏𝐢𝐭𝐭𝐢 𝐈𝐦𝐦𝐚𝐠𝐢𝐧𝐞 𝐁𝐢𝐦𝐛o. ეს იქნება მიმოს პირველი საერთაშორისო და დასამახსოვრებელი გამოჩენა ევროპის ბაზარზე და დიდი იმედი გვაქვს სამომავლო საქმიანობის პირველ პერსპექტივების დასახვის საშუალებაც მოგვეცემა.
რჩევა GOGO!-ებს:
მოუსმინეთ საკუთარ თავს და ის აუცილებლად მიგანიშნებთ, რა უნდა აკეთოთ ცხოვრებაში. იპოვეთ, საქმე რომლის კეთება დიდ სიამოვნებას განიჭებთ. თუ არ შეუშინდებით დაბრკოლებებს, იშრომებთ მისი განვითარებისთვის, აუცილებლად მიაღწევთ მიზანს. გოგონებისთვის შეუძლებელი არაფერია!