2018 წლიდან მოყოლებული, ქართული მოდის ბაზარს ინდივიდუალური ხედვის, გამორჩეული კონცეფციისა და დახვეწილი სტილის ბრენდი „მეთერსი“ (Matters) შეუერთდა. ამ 4 წლის განმავლობაში, „მეთერსმა“ მოახერხა მომხმარებლისთვის თვითგამოხატვისთვის საჭირო ხარისხიანი, კომფორტული და ხელმისაწვდომი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროცესს დღემდე წარმატებით აგრძელებს.
სულ რაღაც ერთი დღის წინ, „მეთერსმა“ მომხმარებელს წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდით შთაგონებული, სრულად ხელნაკეთია კოლექცია Matters Singularity წარუდგინა, რომელიც ბრენდისეული ხელწერით და სადღესასწაულო ბზივარებით გამოირჩევა. „მეთერსის“ 4-წლიანი ისტორიის, ბრენდის კონცეფციისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ, „მეთერსის“ თანადამფუძნებლისგან მოვისმენთ:
როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და როგორ განხორციელდა ის?
ბრენდი შეიქმნა 2018 წელს, თუმცა იდეა „მეთერსის“ დაარსებამდე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა. ჩვენი დაკვირვებით, იმ დროს ქართული ბაზარზე ნაკლები ადგილობრივი წარმოების ბრენდი იყო და მომხმარებლებს ნაკლები საშუალება ჰქონდათ, ქართული, ხარისხიანი და ტრენდული ნაწარმი ხელმისაწვდომ ფასად შეეძინათ. ამ ყველაფერმა გვიბიძგა გადაგვედგა ნაბიჯი და დავაარსეთ „მეთერსი“.
ბრენდის უკან პატარა, მაგრამ მოტივირებული და საკუთარ საქმეზე შეყვარებული გუნდი დგას.
თავდაპირველად მხოლოდ 2 დამაარსებელი ვასრულებდით მთელს საქმეს, თუმცა ბრენდის მიმართ ინტერესის, მასშტაბებისა და მიზნების ზრდასთან ერთად „მეთერსის“ გუნდიც გაიზარდა. გუნდის თითოეულ წევრს საერთო ღირებულებები და ფასეულობები გვაერთიანებს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გადავიტანოთ ბრენდში, რაც გულისხმობს არამარტო პროდუქტს, რომელსაც ვქმნით, არამედ ბრენდის დამოკიდებულებას საკუთარი მომხმარებლების მიმართ.
რამდენად რთული იყო სტარტაპის ეტაპზე ყოფნა და რა სირთულეებს გადააწყდით ამ საკმაოდ შრომატევად გზაზე?
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბრენდის შექმნასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა სრულიად გვქონდა გაანალიზებული, სტარტაპის ეტაპზე ყოფნა საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი სერვისით და პროდუქტით ისარგებლებდა, შეგვეთავაზებინა ბრენდთან ურთიერთობის განსაკუთრებული გამოცდილება, თუმცა, საქართველოში, განსაკუთრებით ამ სფეროში, სტარტაპ კომპანიისთვის საკმაოდ რთულია სტაბილურად კარგი მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა და ამ პროცესში ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმია ჩართული, მათ შორის ერთ-ერთია ხარისხიანი მუშახელისა და მასალების მომწოდებლების სიმცირე.
საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და მოთმინება იმისათვის, რომ ბრენდმა შექმნას სტაბილური გარემო საკუთარი მომხმარებლებისთვის.
როგორია თქვენი ბრენდის კონცეფცია?
ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივ ბაზარზე შევქმნათ ძლიერი ბრენდი, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზებს თვითგამოხატვისთვის საჭირო ხარისხიან, კომფორტულ და ხელმისაწვდომ საშუალებას. „მეთერსი“ ცდილობს, საკუთარ მომხმარებლებს მისცეს საშუალება ახალი აღმოჩენები გააკეთონ საკუთარ თავში, იყვნენ მეტად გაბედულები და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. ამის მისაღწევად მაქსიმალური სიფრთხილით ვარჩევთ მოდელებს, რომელსაც ჩვენს აუდიტორიას შევთავაზებთ და მაქსიმალურად ფოკუსირებულები ვართ თარგებზე, რის მიხედვითაც საბოლოოდ ჩანაფიქრი მოდის სისრულეში.
თითოეული მათგანი განსაკუთრებული სიფრთხილით იქმნება და მუშავდება, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ტანისამოსის ტარების განსხვავებული გამოცდილება. უფრო კონკრეტულად, ვცდილობთ შევქმნათ ტრენდული, კომფორტული ტანისამოსი, რომლის მორგება მრავალრიცხოვანი მომხმარებლისთვის იქნება მარტივი.
მომხმარებლის რჩეული ბრენდი - რა გამოარჩევს „მეთერსს“?
მოგეხსენებათ, ბაზარზე კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, უმეტესწილად გამოწვეულია კონკრეტულად ამ სფეროს თავისებურებებით. მაგალითად, ვგულისხმობ იმას, რომ დიდი ფინანსური ინვესტიცია არ არის საჭირო იმისათვის, რომ სოციალურ მედიაში დაარეგისტრირო ახალი ბრენდი და საწყის ეტაპზე მომხმარებელს შესთავაზო რამდენიმე ერთეული. მოკლედ რომ გითხრათ, ერთი შეხედვით, ბაზარზე შესვლის ბარიერი ახალი კომპანიისთვის არ არის მაღალი.
გამომდინარე აქედან, ყოველდღიურად ვხვდებით ახალ-ახალ, საინტერესო ქართულ ბრენდებს. კარგი ის არის, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ქართული ტანსაცმლის წარმოების პროცესების და ნაწარმის ხარისხის დახვეწა, მომხმარებლებს მიეცათ მეტი ალტერნატივა ყიდვის პროცესში და ა.შ. ამ პირობებში, იმისათვის, რომ არ დავკარგოთ აქტუალურობა, ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ სფეროსთვის დამახასიათებელ სწრაფ ტემპს და მსოფლიო მოდის ტენდენციების მუდმივი „თვალთვალის“ პარალელურად ვართ სიახლეების ძიებაში. შედეგად, მომხმარებლებს ვთავაზობთ მუდმივად განახლებად, ტრენდულ, კომფორტულ ტანისამოსს.
თქვენს ასორტიმენტზე რომ გვიამბოთ, სად იქმნება ესკიზები და ვის მიერ, სად იკერება და როგორ შეუძლია მომხმარებელს მისი შეძენა?
დიზაინის შექმნისთვის სპეციალურად დაქირავებულ დიზაინერებთან არ ვთანამშრომლობთ და თვითონ ვმუშაობთ ამ მიმართულებაზე. კერძოდ, ვაკვირდებით მოდის ძირითად ტენდენციებს, ვთანხმდებით მოდელების საბოლოო სახეზე და შემდეგ ვუშვებთ წარმოებაში. რაც შეეხება გამოყენებულ მასალებს, შერჩევის პროცესს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალა გამოვიყენოთ.
წარმოებაში ჩაშვებამდე თითოეული მოდელი გადის ტესტირებას, რათა თავიდან ავიცილოთ უხარისხო მასალის გამოყენებით გამოწვეული შესაძლო რისკები და მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ რამდენიმე სამკერვალოსთან, რომლებსაც სისრულეში მოჰყავთ ჩვენი ჩანაფიქრი. „მეთერსი“ მომხმარებლებს მხოლოდ ონლაინ მომსახურებას სთავაზობს და ჩვენი კოლექციების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე Matters.ge, ან ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე. Matters-ის კოლექცია წარმოდგენილია ქართული ონლაინ მოლის - shopshop.ge-ის პლატფორმაზეც.
მეთერსის სამომავლო გეგმები...
სამომავლოდ, პირველ რიგში, ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის გატანას ექსპორტზე და ამ მიმართულებაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. უკვე დავარეგისტრირეთ ჩვენი მაღაზია მსოფლიოს ყველაზე დიდი, ხელნაკეთი ნივთების, ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე ETSY.com და მაღაზიის შექმნის პროცესში ვართ ასევე AMAZON.COM-ზეც. ასევე, მომხმარებლების მხრიდან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაფართოოთ ასორტიმენტი და დავამატოთ მამაკაცის ხაზი.