თუკი თუშეთისკენ მიმავალ საკმაოდ ექსტრემალურ, თუმცა უმშვენიერეს გზაზე მოხვდებით, დამღლელი 4 საათის შემდეგ, აუცილებლად მიადგებით კაფეს „ღრუბლებს ზემოთ“, რომელშიც უგემრიელესი ყავითა და სახლში გამომცხვარი ნამცხვრით, დაჯი და მისი ოთხფეხა მეგობარი - ტედი გაგიმასპინძლდებიან. ზღვის დონიდან 2970 მეტრ სიმაღლეზე, იქ სადაც, ღრუბლებს თავად დაჰყუერებ სიმაღლიდან, საოცრად შრომისმოყვარე და მიზანდასახულმა გოგომ, დაჯი ოშორიძემ, საკუთარ ოცნებას ფრთები შეასხა და დასახლებული ტერიტორიიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით კაფე გახსნა, რომელსაც დღემდე სრულიად მარტო მართავს.
„მე თუ მკითხავთ, მივიჩნევ, რომ კი არ ვმუშაობ, არამედ ვისვენებ და ჩემს სტუმრებს ვუმასპინძლდები“ - ამბობს დაჯი ჩვენთან საუბრისას და მისი დიდი მადლიერი ვართ, რომ საკუთარი ისტორიის გაზიარების უფლელბა და საშუალება მოგვცა.
დაჯი, რომ გვიამბოთ როდის გაგიჩნდათ „ღრუბლებს ზემოთ“ კაფეს შექმნის იდეა და რამდენად სწრაფად მოახერხეთ იდეის რეალობად ქცევა?
კაფეს გახსნის იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა. ალბათ, მაშინ, სტუდენტობის პერიოდში, ცხოვრების ახალ ეტაპზე რომ გადავედი. წარმოშობით თუში ვარ სოფელი შენაქოდან, ჩვენ ყოველ წელს, ზაფხულის პერიოდს ვატარებთ თუშეთში და ბოლო წლებში სულ იმას ვფიქრობდი, რა მაგარი იქნებოდა აქ ვინმეს რაღაც კაფეს მსგავსი რომ გაეხსნა.
წარმოიდგინეთ, 4 საათის განმავლობაში გადიხართ 70 კილომეტრს, ბუნებრივია, ყველას სჭირდება დასვენება ამ გზაზე. ვფიქრობდი, რომ ის ადგილი, სადაც ახლა ჩემი კაფეა განთავსებული, საუკეთესო მდებარეობით გამოირჩეოდა, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ის გზის შუა ნაწილშია და ერთგვარ შესვენების წერტილს წარმოადგენს, მეორეც იმიტომ, რომ ამ ლოკაციაზე, ზღვის დონიდან 2970 მეტრ სიმაღლეზე იშლება ულამაზესი ხედები კავკასიონის მწვერვალებისა და კახეთის გაშლილი ველების.
იდეა დაახლოებით 6-7 წლის წინ გაჩნდა, გასულ 2022 წელს კი გადავწყვიტე, რომ მოდი მე ვიქნები ის ვინც ამ იდეას განახორციელებს.
ამოვედი და პატარა კაფე-მაღაზია გავხსენი ჩემს მანქანაში, ეს ერთგვარი ექსპერიმენტული წელი იყო, 40 დღე გავატარე აბანოს უღელტეხილზე კარავში, ცუდი ამინდის დროს მანქანაში მიწევდა ძილი, რადგან კარავში წვიმის წვეთები აღწევდა. წელს კი პატარა სახლი ვიყიდე, სადაც ღუმელიც მიდგას, გემრიელად ვარ მოწყობილი, ჩემს პატარა სახლში ყოველთვის თბილა.
როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ჩანაფიქრს გარშემომყოფთაგან და რომ გვითხრათ, რა იქცა ყველაზე დიდ მოტივაციად თქვენთვის?
თავიდან საკმაოდ უარყოფითი... იდეა ჩემი ოჯახის წევრებს რომ გავუზიარე, მამამ მითხრა, რომ მასაც გასჩენია მსგავსი აზრი, მაგრამ ვერ წარმოედგინა, იდეის განმხორციელებელი და ავტორი თუ მისი შვილი იქნებოდა.
რომ დავსხედით და დავილაპარაკეთ, კარგად მახსოვს მითხრა „შენ მარტო მოინდომე და მე ყველანაირად გვერდში დაგიდგები“.
დედას თავიდან ცოტა ეშინოდა, ამ შუაგულ მთებში ხომ სულ მარტო ვიყავი, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, მაგრამ შიშის მიუხედავად იმასაც მეუბნებოდა, რომ თუ სურვილი მქონდა, გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი მისაღები იყო.
დიდი მითქმა-მოთქმა წამოვიდა საზოგადოებისგან, დედას და მამას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, თუ როგორ გაუშვეს გოგო მთებში მარტო და როგორ არ შეეშინდათ, როდესაც ამის უფლება მომცეს. მშობლები რომ მირეკავდნენ ხოლმე, სულ იმას დარდობდნენ ასეთ რაღაცებს გვეუბნებიან და აბა რას შვრები როგორ ხარო...
მე კი უბედნიერესი ვიყავი რადგან იმ საქმეს ვაკეთებდი რაც ყველაზე მეტად მიყვარდა, ამიტომ სულ ვუმეორებდი (მშობლებს), რომ ნურავის ნუ მოუსმენდნენ, რადგან ყველას თავისი არჩევანი აქვს და მე ამ არჩევანით ბედნიერი ვიყავი.
ჩემთვის ყველაზე დიდ მოტივაციად ის ფაქტი იქცა, რომ მე ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითი აღმოვჩნდი და პატარა ნაპერწკალი გავაღვივე მათ გონებაში, ვფიქრობ რომ ნელ-ნელა გამოვცოცხლდებით და ჩვენი ახალგაზრდობა დაიწყებს ჩვენი მხარის განვითარებაზე ფიქრს.
დაჯი, არ გქონიათ შიშის მომენტი დასახლებული სოფლებიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით კაფის გახსნის და მართვის მომენტში?
ბევრი გიჟს მეძახდა, რადგან შიშის გრძნობა საერთოდ არ მქონია არც ერთი წუთით, მითუმეტეს ყოველთვის ვიაზრებდი იმ ფაქტს - რამე რომ მომხდარიყო, ჩემ გარდა არავინ არ იყო ამ შუაგულ მთებში, ჩემი და ჩემი პატარა ოთხფეხა საუკეთესო მეგობრის ტედის გარდა.
ალბათ, ყველამ იცით, რომ ძაღლებს განსაკუთრებული ინსტინქტი და კარგი სმენა აქვთ, როდესაც ღამღამობით მანქანების ნაკადი შეწყდებოდა, ჩემი კაფედან დაახლოებით 300-400 მეტრში მიწევდა გასვლა ჩემებთან დასარეკად. იმ პერიოდში, როდესაც ტედის კუნტრუშს ვუყურებდი და ვხედავდი, რომ არაფერი არ აწუხებდა, მეც ვთამამდებოდი და ხანდახან, ვარსკვლავების ყურებაში შუაღამე, 11-12 საათიც კი მოდიოდა და შემდეგ ვბრუნდებოდით სახლისკენ.
ვფიქრობ, რომ ადამიანები შიშს საკუთარ თავში ჩვენ თვითონ ვნერგავთ.
როგორ გამოიყურება ერთი სამუშაო დღე თქვენთვის…
მე თუ მკითხავთ, მივიჩნევ, რომ კი არ ვმუშაობ, არამედ ვისვენებ და ჩემს სტუმრებს ვუმასპინძლდები. მიხარია, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად ვარ და უფროსი არავინ მყავს. შემიძლია ნებისმიერ დროს გავხსნა და დავკეტო ჩემი პატარა კაფე, თავს ვგრძნობ ძალიან თავისუფლად ასე მგონია რომ ბუნების ნაწილი ვარ.
ჩემი დღე ძირითადად 6 საათისთვის იწყება დილით, მზე და მე ერთად ვიღვიძებთ, ყავის აპარატებს ვასუფთავებ, გამომაქვს ბებოს მოქსოვილი წინდები და სახლს ვალაგებ, ამდენი ადამიანის სტუმრობით სახლი მარტივად ისვრება, ამიტომ ყოველდღიური რუტინა დილით სახლის დალაგებით იწყება.
დაახლოებით 8-9 საათიდან იწყება ხალხის ამოსვლა და მეც ამ დროისთვის უკვე მზად ვარ ხოლმე. ვფიქრობ რომ უგემრიელესი ყავის მარცვალი მაქვს და ძალიან, ძალიან მოსწონთ ჩემს სტუმრებს ჩემი მომზადებული ყავა. ბევრჯერ მქონია შემთხვევა რომ თუშეთიდან უკან დაბრუნებისას სტუმრებს უთქვამთ, რომ ერთი სული ჰქონდათ როდის დააგემოვნებდნენ ჩემს ყავას კიდევ ერთხელ, ეს ძალიან მახარებს და სტიმულსაც მაძლევს, რომ ხარისხი, როგორც მომსახურების ასევე პროდუქტის, გავაუმჯობესო.
იქიდან გამომდინარე რომ აქ, 2970 მეტრზე წყალი არ მოდის, მიწევს მანქანით ხევში ჩასვლა და 4-5 დღე ში ერთხელ, 250-300 ლიტრი წყლის ამოტანა, ყავის აპარატებისთვის კი ცალკე ვყიდულობ წყალს, რადგან, ჩვენ ძალიან ხისტი წყალი გვაქვს და აპარატებს გამიფუჭებს
რას ფიქრობთ, ყველაზე ღირებული რა მოგცათ ამ განხორციელებულმა ბიზნეს იდეამ?
ადამიანები და ადამიანობა, კი, ვიცოდი რომ ჩვენი თუში ხალხი გვერდში დგომით გამოირჩეოდა მაგრამ ხომ იცით, ბოლომდე მაინც ვერ იაზრებ სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი. ვფიქრობ, ძალიან ძალიან ბევრი კარგი და კეთილისმსურველი ადამიანი აღმოვაჩინე, ვინც გულწრფელად მიდგას გვერდით და ვისაც გულწრფელად უხარია ჩემი წარმატება.
სრულიად უცხო ადამიანებიც მოდიან და უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ.
მეც ძალიან ბევრს ვსწავლობ ჩემი სტუმრებისგან. განსხვავებული აზროვნების და ცხოვრების სტილის მქონე ქართველი თუ უცხოელი ადამიანები, რომლებთანაც დღის განმავლობაში მიწევს კონტაქტი, ხშირად მიბიძგებენ საკუთარი ცხოვრების სტილზე დაფიქრებისკენ, მე კი საკუთარ თავში ვიწყებ ძებნას იმისა, თუ ვინ ვარ და რა მსურს...
რა იმალება ზღვის დონიდან 2970 მეტრზე თუშეთის მთების სიჩუმის მიღმა?
2970 მეტრზე რა იმალება? თავისუფლება! სხვა პასუხი არ მაქვს თავისუფლება და ბედნიერება, ბუნების და მასში არსებული არსებების სიყვარული.
როგორია თქვენი და თქვენი ბიზნესის სამომავლო ხედვა?
მოვლენებს არ ვუსწრებ წინ და ძალიან დიდი და არარეალური მიზნები არ მაქვს, მივყვები ცხოვრების დინებას და შევეცდები რომ უფრო მიმზიდველი და ყველასთვის საყვარელი გავხადო ეს ადგილი, მინდა აქ მოსულ დამსვენებლებს აქ რამდენიმე დღით დარჩენის სურვილი გავუჩინო და იმ თვალით დავანახო ეს ვეებერთელა კავკასიონი როგორც მას მე აღვიქვამ.
რას ურჩევდით ჩვენს მკითხველ გოგოებს, რომლებსაც აქვთ იდეა, თუმცა მისი განხორციელების ეშინიათ…
შიში? დაფიქრდნენ რეალურად რისი ეშინიათ და მას შეებრძოლონ, ვიცი, მიხვდებიან როგორი მარტივია ამ შიშის დამარცხება. ყველა გოგონას ვუსურვებ, რომ იყვნენ დამოუკიდებელნი, შეძლონ იმ მიზნების განხორციელება, რაც მთელი სულით და გულით სურთ. ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს გარშემო და ნუ იქნებით ამ აზრების მსხვერპლი, დაიწყეთ ნულიდან და გააკეთეთ, ის რაც გულით გსურთ...
ადამაინი ხომ ნელ-ნელა სწავლობ გამართულად სიარულს, საკუთარი ცხოვრება კი ნაბიჯების გადადგმას გასწავლის.
თავდაჯერებულობა, საკუთარი საქმის სიყვარული და საკუთარი თავის პატივისცემა - ამ ყველაფერს რომ მიაღწევ, მერე იქნები თავისუფალი როგორც კავკასიონის არწივი რომელიც ყოველ დღე დამტრიალებს თავს და ხარობს თავისი თავისუფლებით...