#GOGO!

არაორდინალური GOGO!-ს არაორდინალური ბრენდი SMAKI

გაზიარება:

ქართული მოდის სამყარო ავთენტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, კლასიკური, ტრადიციული თუ არაორდინალური სტილი, ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლად არსებობს და ახალი თაობის დიზაინერებს, სულ უფრო და უფრო მეტი სათქმელი უგროვდებათ სამყაროსთვის. სწორედ ამ ინკლუზიურობით აიხსნება ის გლობალური ინტერესი, რომლის სამიზნედაც ქართული მოდის სამყარო, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე იქცა. 

აღმოჩნდა, რომ მოდის კვირეულების ციებ-ცხელებაში, ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გამოგვეპარა მხედველობიდან: სმაკის (მაია სირაძის) მიერ დაფუძნებულმა ბრენდმა SMAKI-მ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შარლოტში გამართულ მოდის კვირეულზე მიიღო მონაწილეობა. სმაკიმ, კვირეულზე 2023/24 წლების Cosmic Girl კოლექცია წარადგინა, რომელიც, სრულად შთაგონებული იყო კოსმოსითა და მისი მრავალფეროვნებით.

2017 წელს დაფუძნებული ტანსაცმლის ბრენდისთვის, ეს არც პირველი და დარწმუნებული ვართ, არც უკანასკნელი საერთაშორისო წარმატება არ გახლავთ. ექსპრესიული, ლაღი, თამამი და თავისუფალი SMAKI-ს სილუეტების მიღმა, შთაგონებებით აღსავსე GOGO! სმაკი დგას, რომელსაც დღეს ახლოდან გაგაცნობთ.

სმაკი, პირველ ყოვლისა, რას მოუყვებოდით მკითხველს თქვენ შესახებ?

ალბათ, ვეტყოდი იმას რომ ძალიან მიყვარს “სიყვარული” და მგონია “სიყვარული” თუ გიყვარს შენ ყველაფერს იზამ!  ასევე დავამატებდი მუსიკის სიყვარულს, თუ როგორი საჭირო და მნიშვნელოვანი რამ არის  ჩვენს ცხოვრებაში. უბრალოდ კი არ გვინდა მუსიკა, არამედ გვჭირდება, როგორც მაგალითად რამის ტკივილისას გამაყუჩებელი. ვეტყოდი კიდევ როგორ მიყვარს გემრიელი საჭმელების ჭამა, ცეკვა და რაც მთავარია თავდაუზოგავი შრომა წარმატებისთვის და ბევრი ადამიანის გახარებისთვის! 

ასევე ვიტყოდი როგორ მინდა მოგზაურობა დედამიწაზე ყველა ქვეყანაში, ყველა კულტურისა და რელიგიის გაზიარება და ასევე კოსმოსში მოგზაურობა, ჩემი თვალებით რომ მენახა ის უსასრულობა, რაც მაქვს წარმოსახვაში, იმაზე მეტი ვიდრე მე მგონია და ვხედავ.

მაია სირაძის პირადი ისტორია... ჩნდება მის ცხოვრებაში ალტერ ეგო სმაკი?

მაია სირაძის ისტორიაში ძალიან ბევრი სირთულეა, ეს რა თქმა უნდა გარედან არ ჩანს, მაგრამ ბევრი და დიდი წარმატებისთვის ყოველთვის ბარიერებია გადასალახი. და რაც შეეხება ალტერეგო სმაკის, მგონია ეს დაბადებიდან მომყვება.

როდის შემოაბიჯა მოდის სამყაროს და დიზაინის მიმართ ინტერესმა თქვენს ცხოვრებაში?

ყველაზე თავისუფლად ამ კითხვას ვუპასუხებ, იმიტომ რომ ეს სმაკის სამყარო დაბადებიდან მომყვება. პატარა ვიყავი, როდესაც კორპუსის სადარბაზოში ჩვენებებს ვმართავდით, ხალიჩას ვფენდით კიბეებზე და გამოვდიოდით ჩვენ სხვადასხვა ტანსაცმლით. ხშირად ვჯღაბნიდი, ჩემი ხელით ვკერავდი, ვქსოვდი, ვჭრიდი სამოსს, ამას გიყვებით დაახლოებით 8,9,10 და დღემდე ასაკში.

ბევრი არ მიძებნია, ბევრი არ მიბრძოლია იმისათვის რომ მეპოვა საკუთარ თავში ეს პროფესია, თითქოს დავიბადე და ეს ვიყავი.

როდის დაფუძნდა არაორდინალური გოგოს არაორდინალური SMAKI?

ჩემი SMAKI ოფიციალურად დაფუძნდა სამხატვრო აკადემიის დამთავრებისას. დაახლოებით 2011 წელს. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, სმაკის სული სულ არსებობდა.

როდის მიხვდით, რომ SMAKI-სთან ერთად სწორ გზაზე იდექით?

მაშინ, როდესაც დავამსხვრიე ჩარჩოები და ვიდექი მყარად ჩემს art-თან ერთად ცარიელ სივრცეში  ჩარჩოების გარეშე. ეს სამყარო უსაზღვროა, არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ხელი ვერ მიგვიწვდება, ის უსასრულოა და შესაძლებლობებიც შესაბამისობაშია და რა დროს ჩარჩოებია?! 

ასე ვიტყოდი: გაზაფხული შემობრძანდა პირველივე კოლექციაზე, ცხოვრების უმთავრეს ეტაპზე რომ არ დავემორჩილე ჩარჩოებს და პირველივე უძლიერეს ბრძოლაში რომ გავიმარჯვე, აი სწორედ ეგაა გამარჯვებაც და გაზაფხულის შემოსვლაც! მაშინ ფეხი რომ “გადამბრუნებოდა” ახლა მე მე აღარ ვიქნებოდი! და ეს ყველაფერი რამ ქნა? რამ და სიყვარულმა, სმაკის უზარმაზარმა სიყვარულმა!

როგორ ჩნდება სმაკის ცხოვრებაში შთაგონება და რამდენად დიდი როლი უკავია თქვენს სამეტყველო ენას თქვენივე სილუეტებში?

რაც შეეხება შთაგონებას, ის ჩემგან დამოუკიდებლად ჩნდება. გუშინ, მაგალითად, გამეღვიძა ღამის 4 საათზე და მაშინვე მომივიდა ახალი იდეა, რა დროს იდეა იყო, მეძინა ღრმად, მაგრამ არა, გამაღვიძა და ტვინში შემომიძვრა. ასე ხდება ყოველთვის, ზოგჯერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგჯერ უბრალოდ ფილმის ყურებისას, თავისთვის დამოუკიდებლად ცხოვრობს ჩემში და როცა უნდა მაშინ მეგებება. 

ჩემი სამეტყველო ენა პირდაპირ კავშირშია ჩემს ხელოვნებასთან. მასში ჩემი ხასიათი დევს, ჩემი ავტოპორტრეტი დევს, მთელი ჩემი დიდი ენერგია და უსაზღვრო ემოცია ბრძანდება.

სმაკი როგორ აღმოჩნდით საერთაშორისო ბაზარზე და როგორი გამოცდილება იყო შარლოტში მოდის კვირეულზე გამოსვლა?

საერთაშორისო ბაზარზე აღმოვჩნდი ჩემი შრომისმოყვარეობით და კეთილი ადამიანის დახმარებით, რისთვისაც ყველას სათითაოდ დიდი მადლობას ვუხდი. ახლაც ასე მოხდა, GEOINSTYLE-ს დახმარებით ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კაროლინაში მოდის კვირეულებზე აღმოვჩნდით. @geoinstyle არის ამერიკაში არსებული ონლაინ მაღაზია სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ქართული წარმოების ტანსაცმელები და აქსესუარები. მფლობელები ნია ნეილსონ (Nia Neilson) და ნინო უოლტონი (Nino Walton) ასევე ხელს უწყობენ ქართველ დიზაინერებს წარადგინონ თავიანთი უნიკალური კოლექციები ამერიკის სხვადასხვა შტატის მოდის კვირეულებზე.

ამჯერად, @geoinstyle-მა წარადგინა @smaki_designs ქალაქ შარლოტში, ჩრდილო კეროლაინის შტატში @charlotteseen ორგანიზებით ჩატარებულ შემოდგომის მოდის კვირეულზე. @charlotteseen -ის ორგანიზატორები ხშირად ეპატიჟებიან @geoinstyle-s წლიურ მოდის კვირეულებზე, წლევანდელ სიას მეც შევუერთდი, რაც ძალიან მახარებს.

სამომავლო ხედვებზე რას გვეტყოდით…

სამომავლო გეგმებზე არ მიყვარს საუბარი, იმას ვიტყვი რომ გეგმები დიდია და ამას უკვე  დრო გვიჩვენებს.

ზევით