#GOGO!

2023 წლის გამორჩეული GOGO!-ები

გაზიარება:

2023 TheDiary-სთვის სიახლეებით დახუნძლული წელი აღმოჩნდა. თუმცა საინტერესო კოლაბორაციების და მნიშვნელოვანი თანამშრომლობების ფონზე, არ დაგვიწყებია ჩვენთვის, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რუბრიკა: GOGO!, რომლის დახმარებითაც THEDIARY დაარსების დღიდან ცდილობს მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ანტრეპრენერი ქალები და მათი ძვირფასი წამოწყებები. ათეულობით შთამაგონებელი ისტორიის მოსმენის შემდეგ, გვინდა ის გოგოები გამოვარჩიოთ, რომლებმაც თავიანთი მიზანსწრაფულობით, მრავალმხრივი აზროვნებითა და შრომით, შთაგვაგონეს ჩვენც და ჩვენი მკითხველიც.

MAO.GE

ორი მეგობრის: იზაბელას და მაკუნას მიერ დაარსებული MAO.GE, დღეს მოდის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საყვარელი street style გვერდია. იაპონიის სიყვარულით აღმოცენებულმა სახელწოდებამ (MAO), ქართული განსაზღვრებაც მიიერთა და ასიათასობით გამომწერისთვის (რომელთა რიგებში არც მეტი, არც ნაკლები ჰეილი ბიბერიც ირიცხება) დღიური შთაგონების უცვლელ წყაროდ იქცა. MAO.GE-ს ამ დიდ მოდურ მოგზაურობაში, 2023 წელს მეგზურობა THEDIARY-მაც გაუწია. THEDIARY X MAO.GE თანამშრომლობამ რუბრიკის სახე მიიღო და უკვე რამდენიმე კვირაა, ყოველ ხუთშაბათს, MAO-სთან ერთად გიყვებით სამყაროში მიმდინარე აქტუალური ტრენდების, ყველასათვის სასურველი აქსესუარებისა და ტენდენციების შესახებ. ცხადია, ტრადიცია, 2024 წელსაც გაგრძელდება, STAY TUNED...

მარიამ აბულაძის MOVEMENT-ი

თუკი ირაკლი აბაშიძის #61-ში, კონცეპტუალურმა მაღაზიამ - Movement-მა თქვენი ყურადღება სახელგანთქმული ბრენდული ტანსაცმლითა და აქსესუარებით უკვე მიიპყრო, მისი შექმნის ისტორიაც უნდა მოისმინოთ. უნიკალური სივრცე, რომელიც სრულად პასუხობს კონცეპტუალური მაღაზიების კონცეფციას, ახალგაზრდა ანტრეპრენერის მარიამ აბულაძის წამოწყებაა. მარიამმა, მოდის შესახებ ყველაფერი, მათ შორის ბაზისებით დაწყებული - მოდის მენეჯმენტით დასრულებული, იტალიაში პრესტიჟულ უნივერსიტეტებში შეისწავლა, მოგვიანებით კი მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში გადაწყვიტა. Movement-ში, რომელიც შოპინგის ახალ კულტურას აერთიანებს, შეგიძლიათ შეიძინოთ Moschino, Balenciaga, Armani, Blumarine, Charles Philip Milano, Malo chashmere და მრავალი სხვა სახელგანთქმული და ტრენდული ბრენდი, რეალური ღირებულებით. კონცეპტუალური მაღაზიის იდეა სწორედ ამ მიდგომაში იმალება - მას სურს ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა, შეიძინონ მათთვის სასურველი სამოსი და აქსესუარები ზედმეტი ნამატის გარეშე.

დაჯი ოშორიძის „ღრუბლებს ზემოთ“

თუში გოგო, დაჯი ოშორიძე ჩვენთვის 2023 წლის აღმოჩენად იქცა. გოგო, რომელიც საკუთარი გულის ძახილს მიჰყვა და 2970 მეტრ სიმაღლეზე, იქ სადაც, ღრუბლებს თავად დაჰყურებ სიმაღლიდან, ოცნებას ფრთები შეასხა და დასახლებული ტერიტორიიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით კაფე გახსნა, რომელსაც დღემდე სრულიად მარტო მართავს. ექსპერიმენტული იდეიდან - რეალიზებულ ბიზნესამდე, დაჯისა და მისი ოთხფეხა მეგობრის ტედის ამ ისტორიამ, ნათლად დაგვანახა, რომ ყველაზე გიჟური იდეების განხორციელებაც კი შეიძლება, თუკი მის რეალობად ქცევაში საკმარის ენერგიას ჩააქსოვ.

არაორდინალური GOGO! - სმაკი

მაია სირაძის, იგივე სმაკის უნიკალური ბრენდის SMAKI-ს ისტორია იმის მტკიცებულება გახდა ჩვენთვის, რომ ზოგჯერ მდიდარი შინაგანი სამყაროს ზედაპირზე წარმოჩენით შეიძლება, რაღაც ჯადოსნური დაიბადოს. სწორედ ასე მოხდა არაორდინალური სმაკისა და მისი ბრენდის SMAKI-ს შემთხვევაშიც. სიყვარულზე შეყვარებულმა გოგომ მოახერხა და სამყაროს ლაღი და თავისუფალი ბრენდი გააცნო.

SMAKI-მ გასულ ზაფხულს აშშ-შიც მოახერხა გაბრწყინება, როდესაც  2023/24 წლების Cosmic Girl კოლექცია შარლოტში გამართულ მოდის კვირეულზე წარადგინა. დარწმუნებული ვართ, რომ კოსმოსურ გოგოს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება და თითოეული მათგანის გასაზიარებლად ჩვენ მზად ვართ.

ეკო-მეგობრული „მიმო“

 „მიმო“ 2021 წელს, ორი მეგობრის გაერთიანებით დაფუძნდა და გასული ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ კონკურენტუნარიან ბაზარზე წარმატებით მოახერხა ოპერირება.  „მიმოს“ პროდუქცია ხარისხიანი, უსაფრთხო და ეკო-მეგობრული მასალით იქმნება და ის ოთხ მთავარ ღირებულებას ეფუძნება: უსაფრთხოება, ხარისხი, ფუნქციურობა და ესთეტიკა.

პატარებისთვის და მათი უსაფრთხოებისთვის შექმნილმა ამ ეკო-მეგობრულმა ბრენდმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დედები ნამდვილი სუპერგმირები არიან და შვილის სიყვარულით ისეთი მაგიის დატრიალება შეუძლიათ, როგორც ამას „მიმო“ ახერხებს.

ზევით