#მოგზაურობა

ქალაქები, რომლებიც ზღაპრებში გამოგზაურებთ

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

თანამედროვე სწრაფად ცვალებადი სამყაროს მიღმა არსებობს ადგილები, სადაც ჰაერი კვლავ ჯადოსნური მტვერითაა გაჟღენთილი. პატარა, მყუდრო ქალაქები, რომელთა თითოეული კუთხე-კუნჭული მეზღაპრეების წარმოსახვაში დაიბადა, იქ ჩასული კი თქვენც მაგიური სცენარის ნაწილად იქცევით. ევროპის პოპულარულ, ტურისტებით სავსე ქვეყნებში არაერთი უძველესი ზღაპრული ქალაქი ბუდობს, დღევანდელი სტატია კი რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

Castle Combe, England

castle combe, england, fairy-tale, ინგლისი

Castle Combe იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ტრადიციული ინგლისური ცხოვრების პეიზაჟი იხილოთ და თავი ზღაპრის მთავარ პერსონაჟად იგრძნოთ. სოფლის ჯადოსნურ ბუნებაში, თქვენს მეზობლად, შესაძლოა, გნომები ან ფიფქიას ჯუჯებიც კი ცხოვრობდნენ. Castle Combe მისი გასაოცარი ვიზუალის გამო არაერთი ფილმის გადასაღებ მოედანს მასპინძლობდა, მათ შორის “War Horse” და “Stardust”.

Geithoorn, Netherlands

geithoorn, switzerland, small town, ჰოლანდია, ნიდერლანდები

ნიდერლანდების შუაგულში მდებარე პატარა და მშვიდ სოფელს ხშირად ჩრდილოეთის ვენეციასაც უწოდებენ. გიტჰორნში გზებს უმეტესად არხები ანაცვლებს, რაც ადგილს ნავით გასეირნებისთვის იდეალურ ლოკაციად აქცევს. როგორც ცნობილია, სოფლის სახელწოდება “თხის რქიდან” მომდინარეობს, მის დაარსებას კი მეცამეტე საუკუნეს მიაწერენ. ქალაქი ჩალის სახურავებიანი სახლებითა და ხის ხიდებით ცოტა ხნით თანამედროვეობას მოგწყვეტთ და ჯადოსნურ წარსულში დაგაბრუნებთ.

Riquewihr, France

riquewihr, france, small town, საფრანგეთი

საფრანგეთის ეს შუასაუკუნოვანი ქალაქი ელზასის ღვინის რეგიონში მდებარეობს. მისი ისტორია რომაული დროიდან იწყება, მაგრამ მე-16 საუკუნეში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, როცა ღვინის ვაჭრობის ცენტრი გახდა. ქალაქი ცნობილია თავისი კარგად შემონახული არქიტექტურით, ნათელ ფერებში შეღებილი ნახევრად ხის სახლებითა და მოკირწყლული ქუჩებით. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა დოლდერის კოშკია, რომელიც წარსულში საგუშაგოს როლს ასრულებდა, ახლა კი მუზეუმს მასპინძლობს. საფრანგეთის თვალწარმტაცი ბუნება და Riquewihr-ის ორიგინალური არქიტექტურა ქალაქს ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროდ აქცევს.

Gruyères, Switzerland

gruyéres, switzerland, small town, შვეიცარია

შვეიცარიის მთების შუაგულში ქალაქ გრუიერის აღმოჩენა შეგიძლიათ, რომლის დაარსებაც მე-12 საუკუნით თარიღდება. ბორცვზე მდებარე ქალაქი თავისი ადგილობრივი ყველით მთელს რეგიონში იწონებს თავს. მე-13 საუკუნეში აშენებული ციხესიმაგრე კი, თვალწარმტაცი ხედით ალპებზე, ნებისმიერი ზღაპრისთვის იდეალურ ლოკაციას წარმოადგენს.

Mont Saint-Michel, France

mont saint-michel, france, საფრანგეთი,

ნორმანდიის კლდოვან კუნძულზე აღმართული მონ სენ-მიშელი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ღირსშესანიშნაობაა. ქალაქი ჩვენი წელთაღრიცხვით 708 წლით თარიღდება, როდესაც ავბერტმა, ავრანჩის ეპისკოპოსმა, გადმოცემის თანახმად, მთავარანგელოზ მიქაელის სტუმრობის შემდეგ კუნძულზე პატარა ეკლესია დააარსა. საუკუნეების განმავლობაში, ეს ადგილი მომლოცველთა მთავარ დანიშნულების წერტილს წარმოადგენდა. სასახლე, რომელიც შუა საუკუნეების არქიტექტურის შედევრია, მარტივად შეგვიძლია გონებაში ზღაპრის ბოროტი პერსონაჟის საბინადროდ ან უმშვენიერესი პრინცესის ტყვეობის ადგილად წარმოვიდგინოთ.

Colmar, france

colmar, france, კოლმარი, საფრანგეთი

ელზასის მაგიურ ბუნებაში კიდევ ერთი ზღაპრული ქალაქი კოლმარი იდებს ბინას. ელზასური ღვინის დედაქალაქად წოდებული კოლმარი მეცხრე საუკუნიდან მოყოლებული ფრანგული და გერმანული კულტურების ნაზავს წარმოადგენს. მის ძველ ქალაქში ვიწრო ქუჩები და რენესანსის ნაგებობები თვალწარმტაც ლაბირინთად გვევლინება, რომლის გავლისასაც თავს ნამდვილ ზღაპარში იგრძნობთ. ულამაზესი არხები კი კოლმარს საფრანგეთის “პატარა ვენეციად” აქცევს. ის ასევე ყოველწლიური საშობაო ბაზრითაა ცნობილი, რომელიც თეთრად შეღებილ ქალაქს ზამთრის არდადეგების შესანიშნავ მიმართულებად აქცევს.

Grimentz, Switzerland

grimentz, switzerland, შვეიცარია

საფრანგეთიდან აღმოსავლეთით თუ გადავინაცვლებთ, Val d'Anniviers-ში, შვეიცარიის ალპებში ჩაფლულ სოფელს აღმოვაჩენთ, რომელიც თავისი ტრადიციული ხის შალეებითა და გერანიუმებით მორთული ქუჩებითაა ცნობილი. გრიმენტცი შუა საუკუნეებით თარიღდება, თუმცა თავის ავთენტურ ალპურ ხასიათს დღემდე არ კარგავს. სოფელი ზამთარში მოთხილამურეების სამოთხედ იქცევა, ხოლო ზაფხულში პოპულარული საბანაკე ტერიტორიაა მიმდებარე მთებში ლაშქრობისთვის. ადგილობრივი ღვინო, Vin du Glacier, ძველ ცაცხვის ხის კასრებშია დაძველებული, მისი გასინჯვა კი ტურისტების to-do list-ის მნიშვნელოვანი პუნქტია.

Bibury, England

bibury, england, ბაიბერი, ინგლისი

უსწორმასწორო ბორცვებითა და ქვის კოტეჯებით მორთული ბაიბერი ინგლისის ყველაზე ლამაზი სოფლის ტიტულს უკვე დიდი ხანია ამაყად ატარებს. ბაიბერის ულამაზესი კოტეჯები თავდაპირველად 1380 წელს აშენდა. მის ქუჩებში სიარულისას კი შეუძლებელია არ გაიფიქრო, რომ სოფელმა რეალობაში ზღაპრების წიგნიდან გადმოინაცვლა.

lavertezzo, switzerland

lavertezzo, switzerland, შვეიცარია

სამხრეთ შვეიცარიაში, ვერზასკას ველზე პატარა სოფელი - ლავერტეზოა მოთავსებული. მისი განსაცვიფრებელი სილამაზე შვეიცარიის ბუნებისთვის უცხო არ არის, თუმცა ქალაქის ნაგებობები მას ყველასგან გამორჩეულს ხდის. ლავერტეზო ყველაზე ცნობილი ორთაღოვანი ხიდით გახდა - Ponte dei Salti მდინარე ვერზასკას კრისტალურად სუფთა წლებზე გადის. მდინარის ზურმუხტისფერი წყალი და გლუვი ხავსით დაფარული ლოდები ადგილს ჯადოსნურობას სძენს. გასაკვირი არ არის, რომ ის უამრავ ფოტოგრაფს, მოცურავესა თუ მოლაშქრეს იზიდავს.

ზევით