როზი ჰანთინგტონ-უაითლისა და ჯეისონ სტეითემი ვარსკვლავური წყვილი ინტერიერის დიზაინზე, არქიტექტურასა და სახლის დეკორზეა შეყვარებული. როზის ინსტაგრამს თუ გადავავლებთ თვალს, აშკარაა, რომ ბრიტანელ მოდელსა და დიზაინერს სისადავე და მინიმალიზმი უყვარს.
მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო. როზისთვის ე.წ. გეორგიანული სტილის თაუნჰაუსი ძვირფასეულობის ყუთივითაა, რადგან მხოლოდ მისთვის განკუთვნილი და საკუთარი გემოვნებით შექმნილი სივრცეა. მოდელი მეუღლესთან, ჯეისონ სტეითემთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, სახლი კი, კრეატიულ პროექტებზე სამუშაოდ, დასასვენებლად თუ საქმიანი შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.
როზის ეს სახლი ჯერ კიდევ მაშინ ჩაუვარდა გულში, როცა ათი წლის წინ ოჯახი შექმნა და ჯეისონთან ერთად საცხოვრებლის ძიებაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ თაუნჰაუსი ოჯახური ცხოვრებისთვის პატარად მოეჩვენათ, გეორგიანული სტილით მოხიბლულმა მოდელმა ოცნება მაინც აიხდინა და წლების შემდეგ სახლი შეიძინა. ინტერიერისა და განათების დიზაინერ როუზ უნიაკისთან კოლაბორაციით, როზიმ მინიმალისტური, თბილი და დახვეწილი გარემო შექმნა.
სახლის დიზაინში ნეიტრალური, რბილი ტონები ჭარბობს, განსაკუთრებით კი, თეთრი, რძისფერი და კრემისფერია გამოყენებული. ვინტაჟური და თანამედროვე ელემენტებით სავსე თაუნჰაუსი როზის პიროვნებას ირეკლავს და სიმშვიდეს, ჰაეროვნებასა თუ სისადავეს ასხივებს.
როზის სივრცე ქალი არტისტების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნებოდა, ამიტომაც, სახლის დიზაინში ქალი ხელოვანების შექმნილი ნივთები ჭარბობს. ბრიტანელი წყვილისთვის სიყვარულის ენა ინტერიერის დიზაინთან და სახლის დეკორაციებთან იკვეთება. ამ სახლშიც, როზისთვის საყვარელი დეტალი სტეითემის მიერ ნაჩუქარი Paavo Tynell-ის სანათია.
როზის ცალკე ოთახი აქვს, სადაც ესკიზებსა და ჩანახატებზე მუშაობს. ოთახს შუა საუკუნეების მატყლის დივანი და ბუხარი ამშვენებს. ბუხრის თავზე Glithero-ს ვაზა დგას, რომელიც "Hold Me" კოლექციის ნაწილია. ამ ოთახში დგას ჯეისონის ნაჩუქარი სანათიც. კედელს კი, ფრანგი ქალი არტისტის, სიმონ პრუვეს ტილო ამშვენებს. სიმონი ტექსტილის დიზაინითაა ცნობილი და მის ნამუშევრებს პარიზში, პომპიდუს ცენტში აქვთ ბინა დადებული.
სამზარეულოში Alinea-ს სასაუზმო მაგიდა დგას, რომლიდანაც ფინჯანი ჩაით ხელში სიმწვანესა და ყვავილებში ჩაფლულ აივანს გავყურებთ.
ე.წ. სამზარეულოს კუნძული, ისევე როგორც სახლის ინტერიერის უდიდესი ნაწილი, Rose Uniacke-ს დიზაინს ეკუთვნის. როზიმ სახლის განათებისთვის Alexandre Logé-ის ჭაღები შეარჩია. კედლებს ამშვენებს ქალი ხელოვანების - Tarka Kings-ისა და Sarah Rapson-ის ნამუშევრები.
საძინებელიც ქალი დიზაინერების შემოქმედებითაა მოწყობილი. Rose Uniacke-ს დიზაინს ეკუთვნის ქაშმირის გადასაფარებელი, ფარდები და ჭაღი. ხის მაგიდა და სკამი იაპონელმა Akiko Kuwahata-მ შექმნა. ოთახის გამორჩეული ნაწილია მე-19 საუკუნის ინგლისური Paonazzo-ს მარმარილოს ბუხარი.
The Water Monopoly-ს აბაზანის წინ Rose Uniacke-ს პატარა მარმარილოს მაგიდაა მოთავსებული. დიზაინერმა ხელსაბანისთვის კლასიკური თურქული თეთრი მარმარილო გამოიყენა, რომელიც ოქროსფერი ხაზებითა და დეტალებით გამოირჩევა.
ფოტო: Simon Upton