#მოგზაურობა

ხუთი ადგილი, რომელიც გაზაფხულზე მოგზაურობისას უნდა მოინახულოთ

გაზიარება:

გაზაფხულის მოყვარულები, შეგროვდით, The Diary-მ თქვენთვის შეარჩია ხუთი საუკეთესო ადგილი, სადაც ყვავილობის ზღაპრული სეზონით ტკბობა შეგიძლიათ. 

კლოდ მონეს ბაღები, GIVERNY

ყვავილებსა და გაზაფხულზე შეყვარებული ფრანგი იმპრესიონისტი კლოდ მონე, მე-19 საუკუნის ბოლოს პარიზთან ახლოს, Giverny-ში, სახლდება და ცოცხალი მუზეუმის შექმნას იწყებს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყოველ წელს 500 000 ადამიანი სტუმრობს მონეს სახლს, მის ყვავილების ბაღებსა და იაპონურ ხიდს.

Giverny, Claud Monet, მონეს ბაღები

მონეს ზღაპრულ სამფლობელოში სიარულისას, ვიზიტორები რეალურ სამყაროს სწყდებიან და ფრანგი იმპრესიონისტის შემოქმედების მორევში იძირებიან. ამ გაზაფხულსა და ზაფხულს თუ პარიზის მონახულებას გადაწყვეტთ, გირჩევთ შეიაროთ ორანჟერეაში, სადაც კლოდ მონეს მარადიული გაზაფხული სახლობს. მომდევნო გაჩერება კი მონეს ქუჩაზე გააკეთეთ. დაათვალიერეთ ყვავილების ბაღები, მონეს სახლი და მისი ნამუშევრები. კლოდ მონეს ქუჩაზე ასევე შეხვდებით თანამედროვე მხატვრების ატელიეებსა და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებს. აქვე ადგილობრივების გაკეთებულ ტკბილეულობასა და ნაყინებსაც დააგემოვნებთ. მონეს ბაღები ოფიციალურად 29 მარტს გაიხსნება და დამთვალიერებლებს პირველ ნოემბრამდე უმასპინძლებს. 

ტიტების ველი, ნიდერლანდები, ქალაქი ლისი

ტიტების სეზონი ნიდერლანდებში ჩვეულებრივ მარტიდან მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. თუ გსურთ ნახოთ აყვავებული ტიტების ველები, ადრე გაზაფხულზე მოგიწევთ ნიდერლანდების მონახულება. რა თქმა უნდა, მაღაზიებსა და ქუჩის ბაზრობებზე სხვა სეზონზეც შეგიძლიათ იპოვოთ ტიტები, მაგრამ მხოლოდ სათბურში გაზრდილებს თუ წააწყდებით. ამინდი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ველების მონახულების დროს, ამიტომაც გამოცდილი გიდები გვირჩევენ, აპრილის შუა რიცხვებიდან თვის დასასრულამდე დავგეგმოთ ჩვენი მოგზაურობა.

Tulips, ჰოლანდია, ტულპანები

ქალაქი ლისი ამსტერდამიდან 40 კილომეტრის მოშორებითაა. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ყვავილების ბაღები - Keukenhof. გაზაფხულის ამ დროს იმართება ყვავილების ფესტივალიც ამსტერდამში, ძალიან გრძელი ბაზრობა ეწყობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და ყვავილების მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაულიც იწყება. იყიდება უამრავი ყვავილის თესლი, ასევე ყვავილებისგან დამზადებული არომატული ზეთები და სუნამოები და რაც მთავარია, ამ დროს ტარდება ყვავილების უდიდესი აღლუმიც! 

ტიტების ფესტივალი სტამბულში 

ტიტების ფესტივალი

თუ შუაგულ ევროპაში მოგზაურობას არ გეგმავთ და ტურისტებით ნაკლებად გადატვირთული გარემო გიზიდავთ, მაშინ ტიტების ულამაზესი ველების ნახვა თურქეთშიც შეგიძლიათ. ტიტები ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან მოყოლებული მოჰყავთ თურქეთის ტერიტორიაზე. სტამბოლში ყოველწლიურად აპრილის თვეში ტიტების დღესასწაული Lale Festival  იმართება. სტამბულის ბაღებში 2024 წლის ფესტივალისთვის მნახველებს 30 მილიონამდე ტიტა დახვდებათ. ფესტივალზე მხოლოდ ტიტები არ არის წარმოდგენილი. თქვენ ასევე იხილავთ ნარცისებს, მეწამულ ყაზახებსა და ტიტებს შორის ამოსულ იაჟუჟუნებს

ლავანდას ველები, საფრანგეთი, პროვანსის რეგიონი 

ლავანდა, პროვანსი, საფრანგეთი

პროვანსში ლავანდის სეზონიც მალე დადგება. თუ საფრანგეთის სტუმრობას გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში აპირებთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ იასამნისფრად შეღებილი მდელოები და სურნელოვანი პროდუქციაც გამოაყოლოთ ხელს. ზემოთ ჩამოთვლილი ადგილებისგან განსხვავებით, ეს რეგიონი ფაქტობრივად ლავანდის ველებადაა ქცეული. ამიტომ, პროვანსში მოგზაურობისას Rosé-ს უთვალავი ჭიქისა და რატატუის დაგემოვნების შემდეგ, აუცილებლად ჰკითხეთ ადგილობრივებს მათი საყვარელი ლავანდას მინდვრები მიგასწავლონ. 

ლავანდას მინდვრები საქართველოში 

ტოტოს ლავანდები

თუ ლავანდას სურნელით ტკბობა გსურთ, საქართველოშიც გვაქვს "ტოტოს ლავანდები". ასე ჰქვია პლანტაციას, სადაც ლავანდას ბრიტანული ჯიშია გაშენებული. "ტოტოს ლავანდები" საგურამოში, კერძოდ არაშენდას ტერიტორიაზე მდებარეობს და ძალიან მარტივად მისაგნებია Google maps-ის მეშვეობით. “ტოტოს ლავანდების” დამფუძნებელი ამბობს, რომ 2022 წლიდან უკვე ეთერზეთების გამოხდასაც შეუდგნენ და აქტიურად აწარმოებენ სარელაქსაციო ზეთებს, რომლებიც მშვიდი ძილის გარანტორია!

Toto's Lavender

ზევით