#მოგზაურობა

ხმელთაშუა ზღვის 6 საოცნებო კუნძული

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

გაზაფხულის მოსვლასა და ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად გონება საოცნებო არდადეგების დაგეგმვას იწყებს. ვეცდებით საქმე გაგიმარტივოთ და შემოგთავაზოთ ხმელთაშუა ზღვის 6 კუნძული, რომლებიც განსაკუთრებულ მასპინძლობას გაგიწევთ.

კრეტა, საბერძნეთი

კრეტა საბერძნეთის ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული კუნძულია, რომელიც ულამაზესი სანაპიროებითა და სიმწვანით გამოირჩევა. ყველაზე ცნობილი სანაპიროებია ბალოსი, ვაი და ელაფონისი, სადაც ლურჯი ზღვა და ოქროსფერი ქვიშა მაგიურად ერწყმის ერთმანეთს. გასაოცარი ბუნების გარდა, კრეტას მდიდარი ისტორია და კულტურა აქვს.

crete, კრეტა, საბერძნეთი

ბერძნული მითები და ისტორია თქვენს თვალწინ გაცოცხლდება ქალაქის ქუჩებში სეირნობისას, სადაც ციხესიმაგრეებს, შადრევნებს, მუზეუმებსა და ეკლესიებს შეხვდებით. კრეტას მინოსის კულტურის ნაშთების სანახავად ისტორიის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ. კნოსოსის სასახლესა და ჰერაკლიონის არქეოლოგიურ მუზეუმში შეგიძლიათ გაეცნოთ  ერთ-ერთ პირველ ევროპულ ცივილიზაციას.

სარდინია, იტალია

სარდინია 200-ზე მეტ ულამაზეს ტურისტულ სანაპიროს მოიცავს და ზღვის ფირუზისფერი შეფერილობით ინდოეთის ოკეანესაც უწევს კონკურენციას. სამხრეთით, ელიტური ტურიზმის ცენტრად აღიარებულ კოსტა სმერალდაზე შეგიძლიათ ნავით გაისეირნოთ, სადაც A-lister-ების ძვირადღირებულ იახტებს შეხვდებით. 

sardinia, italia, italy, სარდინია, იტალია

კაშკაშა სანაპირო ზოლის მიღმა უხეში, მთიანი ლანდშაფტი მოჩანს, რომელიც ლაშქრობის შესანიშნავ შესაძლებლობებს გაძლევთ. სარდინია უძველესი ცივილიზაციების თავშესაფარს წარმოადგენდა და დღესდღეობით კუნძულზე გაურკვეველი წარმომავლობის ნანგრევებია შემორჩენილი. ზურმუხტოვანი სანაპიროებისა და ისტორიული კონტექსტის გარდა, სარდინიაზე გამორჩეულ ღამის ცხოვრებას ეზიარებით. წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება მუსიკალური ფესტივალი, სადაც თავს იყრის გართობა, ცეკვა, ღვინო და იტალიური გასტრონომია.

ზაკინთოსი, საბერძნეთი

ზაკინთოსი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური კუნძულია. მრავალფეროვანი სანაპიროებით, ზურმუხტისფერი ზღვითა და ვენეციური სტილის სასახლეებით იმდენად მოგაწონებთ თავს, რომ სახლში დაბრუნება აღარ მოგინდებათ.

საბერძნეთი, zakynthos

ზაკინთოსის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ნავაგიოს სანაპიროა, რომელსაც ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს. იქვე შეხვდებით ზღვის კუებსა და ხმელთაშუა ზღვის სელაპებს. კუნძულის მთავარი სანახაობა, ლაჟვარდოვანი მღვიმეა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაგტოვებთ.

კორჩულა, ხორვატია

მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიის კუნძულები ნაკლებად ცნობილი და პოპულარულია, ისინი არანაკლებ იმსახურებენ ამ სიაში ყოფნას. კორჩულა ადრიატიკის ზღვაში, ალბათ, ყველაზე გამორჩეული კუნძულია თავისი თვითმყოფადი კულტურითა თუ ბუნებით. აღსანიშნავია, რომ კუნძული მარკო პოლოს სახლია და მისი ძველი ქალაქი იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლია.

korcula, croatia, ხორვატია, კორჩულა

ხორვატიის კუნძულის მთავარი სიმბოლო ღვინოა. კუნძულზე ისეთი ღვინის ჯიშები გვხვდება, რომლებიც მსოფლიოში სხვაგან არსად მოდის. კორჩულაზე მოგზაურობა აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს ულამაზესი ვენახებითა და მარნებით, ზღვით თუ მის გარშემო არსებული კლდეებით.

კორფუ, საბერძნეთი

კორფუ გამორჩეულია ბუნების პეიზაჟების, უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ნაზავით. კუნძული იონიის ზღვაში მდებარეობს და განთქმულია თვალწარმტაცი პლაჟებით, ულამაზესი ქალაქებითა და სოფლებით და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც უძველესი პერიოდით თარიღდება. კუნძულზე ერთ-ერთი დაუვიწყარი გამოცდილება ნავის დაქირავება და სანაპირო ზოლის დამოუკიდებლად დათვალიერებაა.

corfu greece

კორფუზე აგრეთვე არაერთი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, მაგალითად ვენეციური ციხე, რომელიც კუნძულის ულამაზეს ხედებს გადაგიშლით თვალწინ. სიის მეხუთე ნომერი მდიდარი კულინარიითა და ღამის ცხოვრებით გამოირჩევა, რის გამოც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში.

ისკია, იტალია

ისკია ვულკანური კუნძულია, რომელიც ნეაპოლის სანაპიროზე, ტირენიის ზღვაში მდებარეობს და მინერალებით მდიდარი თერმული წყლებით იქცევს ყურადღებას. კუნძული სტუმრებს ნამდვილ იტალიურ გამოცდილებას სთავაზობს. ერთ-ერთი მთავარი სანახაობა არაგონის ციხეა, რომელიც ისკიას მეორე ნაწილთან ხიდითაა დაკავშირებული. ხელოვნების მოყვარულთათვის კუნძული არაერთ გალერეასა თუ მუზეუმს ინახავს. იქ დაგხვდებათ იდეალური ბალანსი იტალიური სულის, სტუმარმასპინძლობის ტრადიციებისა თუ ბუნების სილამაზის.

ischia italia, იტალია

ნეაპოლთან ახლო მდებარეობის გათვალისწინებით, არ გაგიკვირდებათ, რომ ისკია იტალიური სამზარეულოს შედევრებს შემოგთავაზებთ. ზაფხულის მზიან დღეს, ლაჟვარდოვან ზღვაში გაგრილების შემდეგ, შეგეძლებათ საკუთარ თავს ნეაპოლიტანური პიცით გაუმასპინძლდეთ.

ზევით