თაფლი და დარიჩინი ორივე ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუმცა არის მოსაზრება, რომ ამ ორის მიქსს შეუძლია საოცრებები მოახდინოს და მათ შორის, არც მეტი და არც ნაკლები წონაში დაკლების მიქსტურაც იყოს. The Diary-ს გუნდი არაერთ მეცნიერულ თუ სამედიცინო სტატიას გაეცნო თაფლი - დარიჩინის ურთიერთობებზე და მზად არის თქვენ, ჩვენს ძვირფას მკითხველსაც გაგიზიაროთ.
თაფლის სასარგებლო თვისებები
თაფლი ჯანსაღი საკვებია და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ გემრიელ და თან სასარგებლო პროდუქტს ტრადიციულ მედიცინაში აქტიურად იყენებენ. აბა კარგად გაიხსენეთ რას მიირთმევთ გაციების პირველ სიმპტომზე?
თაფლი არის ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალება, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია მავნე მიკრობებისგან დაგვიცვას. ამ ჯადოსნურ პროდუქტს შეუძლია ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების პრევენცია. წყარო: NLM (მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკაზე განთავსებული კვლევა). სხვადასხვა კვლევებმა, ასევე აჩვენა, რომ კანის ჭრილობაზე ან დამწვრობისას თაფლის კანზე წასმა სამკურნალოდ კარგია.
გაითვალისწინეთ, რომ თაფლი უნდა იყოს ბუნებრივი და არაქარხნულად შექმნილი. ბუნებრივი თაფლი მართლაც რომ ჯადოსნური და სასარგებლოა და ამას არაერთი კვლევაც ადასტურებს.
დარიჩინის სასარგებლო თვისებები
ვის არ უყვარს დარიჩინიანი კაპუჩინო? იტალიელების საყურადღებოდ არ ვწერთ... დარიჩინი არის ძალიან არომატული სუნელი, მე ვფიქრობ რომ ყველაფერს უხდება და თაფლის მსგავსად, სამკურნალო მოხმარების უდიდესი ისტორია აქვს.
2013 წელს ჩატარებულ კვლევებზე დაფუძნებით, ავტორებმა დაადგინეს, რომ დარიჩინს აქვს ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული მოქმედება. მკვლევრებმა ასევე დაასკვნეს, რომ დარიჩინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და შესაძლოა შეამციროს არტერიული წნევა და ქოლესტერინი.
თაფლი, დარიჩინი და წონის კლება
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ადამიანი ამტკიცებს, რომ თაფლს და დარიჩინს წონის დაკლებაში შეუძლია დაგვეხმაროს, სამწუხაროდ ჯერჯერობით, ძალიან მცირე კვლევებით მტკიცდება ეს ფაქტი.
2010 წლის კვლევის მიხედვით თაფლს შეუძლია გაააქტიუროს ჰორმონები, რომლებიც თრგუნავს მადას. 2017 წელს თაგვისა და ადამიანის უჯრედებზე ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ დარიჩინის შემადგენლობაში შემავალი ცინამალდეჰიდი, იწვევს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ არცერთი ეს კვლევა ცოცხალ ადამიანზე არ ჩატარებულა, შესაბამისად რთულია იმაზე საუბარი, გვეხმარება თუ არა თაფლისა და დარიჩინის მიქსი წონის კლებაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, არცერთი კვლევა არ იძლევა დამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომ დარიჩინს, თაფლს ან ორივეს ერთად წონის დაკლებაში შეუძლია შეგვიწყოს ხელი.
ცოტა არ იყოს მეწყინა. სამეცნიერო სტატიების კითხვისას, იმედი მქონა, რომ ძალიან ბევრი კვლევის შედეგად წონის კლების იდეალური მიქსტურა ნაპოვნი იქნებოდა. მაშ რა ვქნათ? თუ კი ეს ცხიმი, რომელიც ასე გვაწუხებს, ჩვენს ტანწერწეტა სხეულს ასე ვერაგად მალავს? პირველ რიგში უნდა ვუთხრათ „კი“ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც მოიცავს ჯანსაღ კვებას, რეგულარულ ვარჯიშსა და წყალს. წყალი, მერწმუნეთ, სილამაზის, ლამაზი კანისა და სხეულის პანაცეა. ხოლო რაც შეეხება თაფლსა და დარიჩინს, ორივე ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მიირთვით თაფლი ზომიერად, მოაყარეთ დარიჩინი თქვენ ყავას და ისიამოვნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.