| ანნა მათიაშვილი |
ბოლო წლებია კანის მოვლის პროდუქტების პოპულარობის ზრდასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანი ხდება მათზე დაკვირვებისა და შემადგენლობების კვლევის პრაქტიკაც. ევროკავშირის სამომხმარებლო უსაფრთხოების სამეცნიერო კომიტეტი მუშაობს იმისთვის, რომ თავის მოვლის საშუალებები, რაც შეიძლება მეტი სარგებლისა და ნაკლები პოტენციური ზიანის მომტანი იყოს. სწორედ ამიტომ, უკვე დაწესდა შეზღუდვები მიკროპლასტმასისა და ტყვიის შემცველ პროდუქტებზე, შემდეგი კი ყველასთვის საყვარელი skincare პროდუქტი - რეტინოლია.
ევროკავშირის ქვეყნებში მოქალაქეები კვლავ შეძლებენ რეტინოლის შემცველი კანის მოვლის პროდუქტების შეძენას, თუმცა ახალი წესებით. რეგულაციის თანახმად, რომელიც 2023 წლის დასასრულს შევიდა ძალაში, შეიზღუდება რეტინოლის კონცენტრაცია ურეცეპტოდ გაცემულ პროდუქტებში, როგორიცაა რეტინოლის შემცველი შრატი და დამატენიანებელი. სახისა და ხელის პროდუქტებისთვის რეტინოლის მაქსიმალური შემცველობა იქნება 0.3%, ხოლო ტანის ლოსიონებისთვის - 0.05%.
ეს შეზღუდვა იმას არ ნიშნავს, რომ რეტინოლის მაღალი შემცველობის პროდუქტები ახლავე აიკრძალება. კომპანიებს მიეცემათ სამი წელი იმისთვის, რომ მათ თავიდან შეადგინონ რეტინოლის შემცველობის ფორმულა ნაკლები კონცენტრაციით. არ იფიქროთ, რომ რეგულაცია რეტინოლის მავნებლობაზე მიუთითებს. შეზღუდვები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ადამიანებმა თავიდან აიცილონ A ვიტამინის გადაჭარბებული მოხმარების რისკები.
ადამიანებში არსებული A ვიტამინის უმრავლესობა მოიხმარება კვებით, ისეთი პროდუქტების საშუალებით, როგორიცაა რძე, კვერცხი, თევზის ზეთი, სტაფილო და აუცილებელია იმუნური სისტემისთვის, კანის ჯანმრთელობისა და მხედველობისთვის. მიუხედავად მისი სარგებლიანობისა, გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლებელია ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, რაც ღვიძლის დაზიანების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ევროკავშირის სამომხმარებლო უსაფრთხოების მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სინამდვილეში A ვიტამინის პროცენტული წილი კოსმეტიკური საშუალებებიდან უფრო დაბალია, ვიდრე საკვებიდან. ეს შეზღუდვა კი დააწესეს მხოლოდ იმისთვის, რომ დაიცვან ადამიანები, რომლებიც ვიტამინის მაღალ დონეს უკვე იღებენ საკვებიდან თუ დანამატებიდან. აღნიშნულმა რეგულაციამ საკმაოდ ააფორიაქა ხალხი, თუმცა ექიმები ამტკიცებენ, რომ პაციენტების უმრავლესობა სრულიად საკმარის სარგებელს მიიღებს რეტინოლის 0.3%-ითაც.