პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია ადამიანს სასურველი ვიზუალის მიღწევაში, თავდაჯერებულობის, ცხოვრების ხარისხისა და თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება, რომ შეცვალოთ თქვენი გარეგნობა, თუნდაც მცირედით, ძალიან დელიკატური და პერსონალური საკითხია. თუ თქვენ ამას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია ბოლომდე დარწმუნებული იყოთ თქვენს არჩევანში და არ აჰყვეთ ტენდენციებს.
დღევანდელ სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია პლასტიკურ ქირურგიას და რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. ამაში კი დარგის სპეციალისტი, პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე დაგვეხმარება.
როდესაც ადამიანი პლასტიკურ ოპერაციაზე ფიქრობს, პირველ რიგში, უჩნდება კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება და რამდენად უსაფრთხოა პროცედურა. საინტერესოა, რა თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდებია დანერგილი დღეს საქართველოში პლასტიკური ჩარევების რისკების შემცირებისა და მეტი ეფექტურობის მისაღწევად?
პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია დღეს ნამდვილად განვითარების მწვერვალებს აღწევს. ის გვთავაზობს ძალიან მაღალი ხარისხის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდებს, რომლებიც ოპერაციის/პროცედურის ეფექტურ შედეგებს უზრუნველყოფს. ასეთია, მაგალითად, 3D ვიზუალიზაცია, რაც გულისხმობს ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ პაციენტისა და ქირურგის სასურველი შედეგის ვირტუალური მოდელი და შემდეგ სწორად დავაგეგმაროთ პროცედურა. ასევე, გიამბობთ მცირე ინვაზიური მეთოდების შესახებ, რომლებიც ქირურგებს საშუალებას გვაძლევს, პაციენტისთვის სასურველი შედეგი მინიმალური ჩარევით მივიღოთ. ეს შედეგად ამცირებს პაციენტის პოსტ-რეაბილიტაციურ პერიოდსა თუ ნაწიბურების რისკს.
მთავარი პლიუსი კი, რაც მცირე ინვაზიურ მეთოდებს აქვს, არის ის, რომ მათ შემთხვევაში პოსტ-ოპერაციული გართულებები, ტრადიციულ ქირურგიულ მიდგომებთან შედარებით, 70%-ით ნაკლებია.
აგრეთვე ქსოვილების ინჟინერიასა და რეგენერაციულ მედიცინას ვიყენებთ - მცირე ინვაზიური ტექნიკებით, როგორიცაა საკუთარი ცხიმით გაახალგაზრდავება, რომელიც ზრდის ჰორმონებს და ღეროვან უჯრედებს შეიცავს. ეს ტექნოლოგია თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში შესაძლებლობას გვაძლევს, შევანელოთ ასაკობრივი ცვლილებები, გავზარდოთ ქსოვილების რეგენერაციის დონე, დავაჩქაროთ შეხორცების პროცესი და გავაუმჯობესოთ ვიზუალური შედეგი.
პროცედურების ეფექტურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თანამედროვე, მაღალფუნქციურ აპარატურასაც. შეიქმნა მოწყობილობები, რომლებიც ერთდროულად ასრულებენ რამდენიმე ფუნქციას და ერთი პროცედურით პაციენტს სრულყოფილი შედეგის მიღწევის შანსი უჩნდება. ეს ყოველივე კი, რა საკვირველია, ამცირებს პროცედურების რისკიანობას და უკეთეს შედეგსაც გვაძლევს.
თქვენი გამოცდილებით, რამდენად დიდი გავლენა აქვს პლასტიკურ ქირურგიას პაციენტის თავდაჯერებულობასა და მენტალურ კეთილდღეობაზე?
პლასტიკური ქირურგია ეს არის ხელოვნება, რომელიც ადამიანებს საკუთარ სხეულში მაქსიმალური კომფორტის შეგრძნებას უქმნის. რა თქმა უნდა, ზრდის პაციენტის თავდაჯერებულობას, ასევე ცხოვრების მოტივაციას, ხარისხს და ზოგადად ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუმჯობესებს. ესთეტიკური მხარის ცვლილება და გარკვეული კუთხით გაუმჯობესება ამცირებს სტრესს, ზრდის მათი სოციალური ინტეგრაციის დონეს, ასევე თავიდან არიდებს პაციენტებს სხვადასხვა არასასურველ გარეგნულ თუ შინაგან დისკომფორტს. განსაკუთრებით დიდი როლი აქვს იმ პაციენტებისთვის, რომელთაც გარკვეული ფუნქციური თუ ესთეტიური ნაკლოვანებები აღენიშნებათ, ვგულისხმობ, მაგალითად სახის პარეზს, ქუთუთოს მალფორმაციებს, პოსტ-სიმსივნურ გართულებებს და ასე შემდეგ.
პლასტიკური ქირურგიის რომელი დარგები აუმჯობესებენ ადამიანის ცხოვრების ხარისხს და რა მაგალითები შეგიძლიათ გაიხსენოთ ამ მიმართულებით?
მაგალითად, რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგია, რომელიც ფუნქციურ და ესტეტიკურ მხარეს ერთობლივად აუმჯობესებს. ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც, მაგალითად, პაციენტს გადატანილი აქვს რაიმე ტრავმა, სიმსივნე, დამწვრობა და ასე შემდეგ. აგრეთვე, უნდა აღვნიშნოთ თანდაყოლილი დეფექტების კორექციის მიმართულებაც, მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში მგლის ხახა ან კურდღლის ტუჩი. ამ დროს პლასტიკურ ჩარევებს შეუძლია ადამიანს დაუბრუნოს ან გააუმჯობესოს სუნთქვის, საკვების მიღების, გამართულად საუბრის ფუნქციები, რომლებიც, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ცხოვრების მაღალი ხარისხისთვის. ძუძუს რეკონსტრუქცია, წონის კლების ქირურგიული ჩარევები, კანის სიმსივნის ელიმინირება, ნაწიბურის კორექცია - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროცედურების გრძელი სიიდან, რომლებიც პაციენტების ცხოვრებას მეტად სრულფასოვანს ხდის.
როგორც პლასტიკური ქირურგი, რა რჩევებს მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, თუმცა ყოყმანობენ ან ეშინიათ პროცედურის?
როგორც ზემოთ ვახსენეთ, პლასტიკური ჩარევების განხორციელება საკმაოდ სერიოზული არჩევანია. თუ თქვენ საფუძვლიანი ფიქრის შემდგომ კვლავ მოისურვებთ, მას მიმართოთ, მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ნებისმიერ ოპერაციას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველ რიგში, მოიძიეთ თქვენთვის სწორი ქირურგი - ადამიანი რომელიც თქვენს ნდობას მოიპოვებს და რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ!
რა თქმა უნდა, გჭირდებათ მაღალკვალიფიციური ქირურგი, რომელიც სრულყოფილად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, სწორ მოლოდინებს დასახავს და გაგაცნობთ პროცედურის ყველა შესაძლო მიდგომას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გაისაუბროთ ოპერაციის პოტენციურ გართულებებზე და მათი თავიდან არიდების გზებზე. დაიმახსოვრეთ, რომ პლასტიკურ ქირურგთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, როგორც პროცედურის წინ, ისე პროცედურის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგაც - მანამ, სანამ თქვენი სასურველი შედეგი არ იქნება მიღწეული. შიშის დამარცხება ინფორმაციის მიღებით, ქირურგთან ღია კომუნიკაციითა თუ ახლობლების მხარდაჭერით შეგიძლიათ. ყველა ეს ეტაპი, საბოლოოდ თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს. პლასტიკური ქირურგია ხომ საბოლოოდ იმისტვისაა, რომ ადამიანი საკუთარი სხეულის სიყვარულამდე მიიყვანოს. თითოეული ჩვენგანი იმსახურებს, თავი კომფორტულად და ლამაზად იგრძნოს საკუთარ სხეულში!