ოლიმპიური თამაშების შეჯიბრებები 35 სხვადასხვა არენაზე გაიმართება. მათ უმეტესობას თანამედროვე სტადიონები და შენობები შეადგენს. თუმცა, ოლიმპიელები მედლებისთვის საფრანგეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობების ფონზეც იასპარეზებენ.
ვერსალის სასახლე
სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოდ ქცეული სასახლე ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მასპინძელია. 23 ივლისს ვერსალში სალმა ჰაიეკმა ოლიმპიური ჩირაღდანი პრესნელ კიმპემბეს გადასცა. მეჩირაღდნეებმა სასახლის ბაღები, სარკეებიანი დარბაზი და სამეფო ეზო მოიარეს.
ვერსალის ბაღებში სეირნობისას მორბენალ ადგილობრივებს ხშირად მოკრავთ თვალს. წელს კი იქ მსოფლიოს საუკეთესო ათლეტები ერთმანეთს თანამედროვე ხუთჭიდსა და ცხენოსნობაში შეეჯიბრებიან. ვერსალში ცხენოსნობის ტრადიცია საუკუნეებია რაც არსებობს.
ფრანგი მონარქების სასახლე მოოქრულ დარბაზებსა და თვალუწვდენელ ბაღებთან ერთად, ლეგენდარული La Grande Écurie-თ, საცხენოსნო აკადემიითაა ცნობილი. ლუი XIV-ის თავლაში ერთ დროს 2000 ცხენი ბინადრობდა. თავლა სასახლის სარკეებიანი დარბაზის დიზაინერისა და სამეფო არქიტექტორის, ჟულ ანდუინ-მანსარის შემოქმედებაა. მთელ საფრანგეთში საცხენოსნო შეჯიბრის ჩასატარებლად უკეთესი ადგილი ვერ მოიძებნებოდა.
HOTEL DE VILLE, პარიზის მერია
საფრანგეთის ორაკული და მერლინი, მდუმარე მემატიანე - Hôtel de Ville საუკუნეების მანძილზე ისტორიული მოვლენების ეპიცენტრში იდგა. მის თვალწინ ჩაიარა იმპერიების აღზევებამ და დაცემამ, რევოლუციებმა თუ სისხლიანმა ტერორმა. მე-16 საუკუნეში ფრანსუა პირველის დავალებით, იტალიელმა არქიტექტორმა რენესანსის სტილის შენობა ააგო. პარიზის მერია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გარემონტდა და ისეთი დიადი ხელოვანების ნამუშევრებით გაივსო, როგორებიცაა დელაკრუა და ოგიუსტ ენგრი.
1871 წელს პარიზის კომუნის დროს, კომუნელებმა მერია გადაწვეს. არქივი, კოლექციები, ყველაფერი ფერფლად იქცა. სამი წლის შემდეგ მისი აღდგენა არქიტექტორებმა, თეოდორ ბალუმ და ედუარდ დეპერსიმ თითქმის უცვლელი სახით შეძლეს. დღეს მერიას თუ ესტუმრებით, ფასადზე ფრანგ მოღვაწეებსა და მხატვრებს იხილავთ. პარიზის ქუჩებს ვოლტერის, მოლიერისა თუ დელაკრუას ქანდაკებები გადმოჰყურებს.
წელს მერიის ტერიტორია ოლიმპიური თამაშების მარათონის საწყისი წერტილი იქნება. უფრო კონკრეტულად კი, მარათონელები ლამის 43 კილომეტრიან რბოლას მერიის მოედნიდან დაიწყებენ. მარათონი 1896 წლიდან ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე რთული შეჯიბრია, რომელშიც ზედიზედ ორი ოქროს მედლის მოპოვება მხოლოდ სამმა ათლეტმა შეძლო. წლევანდელ განრიგში კაცების ოლიმპიური რბოლა 10 აგვისტოს, ხოლო ქალების 11 აგვისტოსაა ჩანიშნული.
ალექსანდრე III-ის ხიდი
Le Pont Alexandre III, ეს არის ხიდი, რომელიც პარიზის სამ უმნიშვნელოვანეს ნაწილს აკავშირებს და თავადაც სინათლის ქალაქის ღირსშესანიშნაობაა. Grand Palais-სა და ინვალიდების სასახლის დამაკავშირებელი ხიდი, გასაოცარი ხედით ეიფელის კოშკზე, 1900 წლის მსოფლიოს უნივერსალური ექსპოზიციის დროს აშენდა.
ალექსანდრე მესამის სახელობის ხიდს 32 ბრინჯაოს ლამპიონი, 17 მეტრიანი მოოქრული სვეტები და ლომის ქანდაკება ამშვენებს. 1975 წლიდან ის ისტორიული ძეგლების სიაში იწერება. სენაზე გადაჭიმულ ხიდს ოლიმპიურ თამაშებზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ხიდი ტრიათლონი-ის "ფინიშის ხაზი" იქნება. ტრიათლონი სამ ეტაპიანი შეჯიბრია, რომელიც მარათონულ რბენას, ველორბოლასა და ცურვას მოიცავს. გეგმის მიხედვით, ცურვის ეტაპის დროს, ოლიმპიელები ერთმანეთს მდინარე სენაში უნდა შეეჯიბრონ.
ინვალიდთა სახლი
ლუი XIV-ეს მიაჩნდა, რომ მათ, ვინც ქვეყნისთვის სისხლი დაღვარეს, ცხოვრების დარჩენილი დრო სიმშვიდეში უნდა გაეტარებიდანთ. სწორედ ამიტომ, მან Hôtel des Invalides-ის აშენება ბრძანა. თავდაპირველად ის სამხედრო ჰოსპიტალი და ომის ვეტერანების სახლი იყო. შემდგომ კი, ნაპოლეონ ბონაპარტის სტრატეგიული სამხედრო ცენტრი გახდა.
დღეს ის საფრანგეთის სამხედრო ისტორიის მუზეუმია, რომელშიც ნაპოლეონ ბონაპარტის საფლავის მონახულებაც შეგიძლიათ. აქვე განისვენებენ ფრანგული ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პირები, მათ შორის მარსელიეზას ტექსტის ავტორი რუჟე დე ლილი. პარიზის ოლიმპიადის ფარგლებში ინვალიდთა სახლის ბაღი ოლიმპიელ და პარაოლიმპიელ მშვილდოსნებს უმასპინძლებს.
Grand Palais
იცოდით, რომ ადრე ოლიმპიურ თამაშებზე მედლებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში გასცემდნენ? პარიზის Grand Palais 1924 წლის ოლიმპიადის სახელოვნებო ნაწილის მასპინძელი იყო. წელს სასახლე ამ მისიას ისევ შეასრულებს, ოღონდ ამჯერად აქ ფარიკაობისა და ტაეკვანდოს შეჯიბრებებს ვიხილავთ. Grand Palais 1900 წლის პარიზის უნივერსალური გამოფენისთვის აშენდა. სასახლის უზარმაზარი შუშის სახურავი მსოფლიო არქიტექტურის შედევრია.
შენობას სპეციალურად ოლიმპიადისთვის რესტავრაცია ჩაუტარდა. ოლიმპიადის პერიოდში სასახლე ნაწილობრივ, მხოლოდ შეჯიბრებების დროს გაიხსნება. ოფიციალური გახსნა 2025 წელსაა დაგეგმილი და მომავალში ის სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე იქნება.
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.