Nail Bar #1 2015 წლიდან არსებობს და პირველი იყო, რომელმაც ქართველ მომხმარებელს ფრჩხილების მოვლის სერვისისთვის ცალკე სივრცე შესთავაზა. დღეს კი უკვე სამ ლოკაციაზე, თბილისის ცენტრალურ უბნებში, ფრჩხილებთან ერთად წარბების, წამწამების მოვლასა და პროფესიონალურ მაკიაჟსაც გვთავაზობს.
The Diary-ის რედაქცია პირველი ნეილ სალონის დამფუძნებელს, ალიონა ხოფერიას გაესაუბრა. ის თავისი წამოწყების პირველ დღეებზე გვიყვება და გვიხსნის, თუ რით არის გამორჩეულია სხვა ნეილ-ბარებისგან Nail Bar #1.
ალიონა, თქვენ თბილისელ მომხმარებელს ახალი გამოცდილება შესთავაზეთ. როგორ გაჩნდა იდეა?
2015 წელს ქართულ მარკეტზე მსგავსი ფორმატის სერვისი არ არსებობდა. როცა მე და ჩემმა ქმარმა შესაბამისი შენობის ძებნა დავიწყეთ, ყველა გვარწმუნებდა, რომ ჯობდა ჩვეულებრივი სალონი გაგვეხსნა, რადგან სივრცეს ან საკმარისი რაოდენობით სპეციალისტს ვერ ვიპოვიდით. მხოლოდ ფრჩხილებისთვის და გელ-ლაქისთვის საკმარისი მომხმარებელიც არ გვეყოლებოდა. ამას 100-იდან 100 ადამიანი გვიმტკიცებდა. თუმცა, მე 99%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან მსგავსი ტიპის სერვისს ბაზარზე ვიღაც მაინც შემოიტანდა და შემდეგ ვინანებდი, რომ არ გავრისკე. ვინანებდი, საკუთარ თავს არ მოვუსმინე. ახლა კი ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად შიშისა და წინაღობებისა, გავრისკეთ. ამ ამბის მთავარი გზავნილი სწორედ ის არის, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოვუსმინოთ.
როგორ მოვიდა Nail Bar #1 დღევანდელ დღემდე?
პირველი ფილიალი ვაკეში, მრგვალ ბაღთან 2015 წლის ოქტომბერში გავხსენით და მუშაობა ერთი სპეციალისტით დავიწყეთ, მომდევნო კვირაში ორი, თვის ბოლოს კი 5 სპეციალისტი გვყავდა. ახლა ჩვენი პერსონალი დაახლოებით 50 ადამიანისგან შედგება. მინდა ვთქვა, რომ პირველი 5 სპეციალისტიდან სამი ჯერ კიდევ ჩვენთანაა. ზოგადად პერსონალი ხშირად არ იცვლება, ისინი ვინც წავიდნენ ან საკუთარი ძალებით დაიწყეს ბიზნესი ან კიდევ საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდნენ, მაგრამ ასეთი მხოლოდ 5 ადამიანი თუ მახსენდება. მომწონს, რომ ხალხს კარგ და სასიამოვნო საქმეს ვთავაზობ. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სასიამოვნოა სხვა Nail სალონებთან კლიენტების გაზიარება, მაინც მიხარია რომ ხალხს შთაგონებას ვაძლევთ საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ. ეს ბუნებრივი პროცესია, სხვანაირად ამ საქმეში შეუძლებელია.
რა პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ბოლო პერიოდში შემოთავაზებული სერვისების სპექტრი საკმაოდ გავაფართოვეთ. მომხმარებელს ხელისა და ფეხის მოვლისთვის ყველა საჭირო პროცედურას ვთავაზობთ. რაღა თქმა უნდა, ფერებისა და ბრენდების ყველაზე ფართო ასორტიმენტი გვაქვს. ამასთან ერთად სპა და სამედიცინო პროცედურები. ჩვენთან შესაძლებელია მანიკიურისა თუ პედიკიურის პარალელურად წარბის მოვლის პროცედურების ჩატარება. წარბის მოვლისთვის კი კორექციის, შეღებვის, ლამინირების, ბოტოქსის პროცედურებს ვთავაზობთ. მოკლედ, ყველაფერს რაც წარბებს უკავშირდება. ასევე მოთხოვნადია წამწამების დაგრძელებისა და ლამინირების სერვისები. A cherry on top კი, ჩვენი ვიზაჟისტების საოცარი მაკიაჟია. მალე დავამატებთ კოსმეტოლოგიის ისეთ არა საინიექციო პროცედურებს, როგორებიცაა დამატენიანებელი, პოპულარული HydraFacial სახის წმენდა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულშია, როდესაც ფორები იკეტება და კანს უფრო ფრთხილი მოვლა და კვება სჭირდება.
რით არის გამორჩეული თქვენი Nail Bar-ი? რა განსაზღვრავს ხარისხს?
ჩვენი კომპანიისთვის კლიენტებთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ჩვენთვის ისინი არა კლიენტები, არამედ სტუმრები არიან და თითოეული მათგანი განსაკუთრებულია. ასევე გვაქვს მაღალი ხარისხის მომსახურება, სპეციალისტების კვალიფიკაციას მუდმივად ვაუმჯობესებთ. ჩვენი კომპანია სტერილიზაციის მაღალი დონითაც გამოირჩევა, ამისთვის სპეციალურად გადამზადებული ადამიანიც გვყავს და სამედიცინო მოწყობილობებს - ავტოკლავებს ვიყენებთ. ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს, მუშაობისთვის საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის პროდუქტები შეარჩიოს. Nail Bar-ის კარი გამოხმაურებისა თუ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის ყოველთვის ღიაა. გვაქვს საბონუსე სისტემაც, ყოველი ვიზიტიდან გროვდება ქულები, რომელთა გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება. ამასთანავე დაბადების დღეზე სტუმარი 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებს. უნდა ვახსენო ჩვენი მანიკიურის სკოლა, სადაც 2016 წლიდან ტოპ სპეციალისტებს ვამზადებთ და ხშირად ოსტატებისთვის აქციებიც გვაქვს. ეს სკოლა კადრების დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში ძალიან დაგვეხმარა.
სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ სხვა ქალაქშიც გახსნათ ფილიალები?
ფილიალების გახსნის ვარიანტს განვიხილავთ, მაგრამ არა საქართველოში. ამ ეტაპზე ფილიალები თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში გვაქვს. Nail Bar #1 არის ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე. ვფიქრობ, დროა სხვა ქვეყნებში გავიდეთ. ამ გამოცდილების სხვა ადგილას გამეორება საინტერესო იქნებოდა. თანაც ეს ნაბიჯი კომფორტის ზონიდან გასვლას ნიშნავს და ზრდა კი სწორედ იქ იწყება, სადაც კომფორტის ზონა მთავრდება. ასე, რომ ვნახოთ რა მოხდება.
გოგონებს რაიმე რჩევებს ხომ არ მისცემდით?
ალბათ სტანდარტული რჩევა მექნება - აირჩიეთ ყველაფერი საუკეთესო, რისი არჩევაც ამ ეტაპზე შეგიძლიათ. ივარჯიშეთ, გამოიძინეთ და ხარისხიანად იკვებეთ, მოუსმინეთ საკუთარ თავს და ეცადეთ, რომ იცხოვროთ საუკეთესოდ. ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის, მეტი გაიღიმეთ, შეიმსუბუქეთ საქმეები და ყოველდღიურად საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმენით.