#კულინარია

მარტივი და ჯანსაღი სადილის რეცეპტები THE DIARY-ისგან

გაზიარება:

თუ სამზარეულოში ექსპერიმენტების კეთება გიყვართ, მაგრამ ბევრი თავისუფალი დრო არ გაქვთ, ამ ორი მარტივი და გემრიელი კერძის რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი.

ოსპის ბოლონეზე

ვეგანური ოსპის არომატული ბოლონეზე იდეალური არჩევანია მცენარეული ცილის მისაღებად და მისი მომზადებაც ძალიან მარტივია.  

მომზადების წესი:

გაცხელებულ ტაფაზე, მცირეოდენ ზეთში 1 ცალი ხახვიმოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 120 გ. სტაფილო, 1 ცალი ნიახური, 1 ცალი ნიორი, ერთ-ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ერთი ჩაის კოვზი პილპილი. შეგიძლიათ დაამატოთ სხვა, თქვენთვის სასურველი სუნელებიც. ინგრედიენტები 7-8 წუთის განმავლობაში მოშუშეთ.

შემდეგ დაუმატეთ 1/3 ჭიქა პომიდვრის სოუსი, ოდნავ შებრაწეთ ტაფაზე და მოასხით 200გ. წითელი ღვინო, როცა ღვინო წამოდუღდება, დაამატეთ 3 საშუალო ზომის პომიდორი და მიღებული მასა რამდენიმე წუთის განმავლობაში მოშუშეთ.

დაამატეთ 150 გ. შავი ოსპი, სურვილისამებრ, ბოსტნეულის 3 ჭიქა ბულიონი ან იმავე რაოდენობის წყალი და 90 გ. მოხალული, წვრილად დაჭრილი ნიგოზი. მიიყვანეთ ადუღებამდე, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20-25 წუთის განმავლობაში, ან იქამდე სანამ ოსპი დარბილდება. შემდგომ დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ბალზამიკოს ძმარი და ბოლონეზეს სოუსიც მზადაა.

თქვენთვის სასურველი პასტა ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და 10 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. მოასხით თქვენს მიერ მომზადებული ბოლონეზეს სოუსი და გემრიელად მიირთვით!

პ.ს. შეგიძლიათ გემოების გასაუმჯობესებლად მოაყაროთ ყველი.

ვეგეტარიანული ლაზანია

ვეგეტარიანული ლაზანია, კერძი

მომზადების წესი:

სანამ კერძის მზადებას დაიწყებდეთ, ღუმელი 350 გრადუსზე გააცხელეთ.

3 ჭიქა წყალში მოხარშეთ 1 ჭიქა წითელი ოსპი. მიიყვანეთ ადუღებამდე და დატოვეთ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. ოსპი გადაწურეთ წვრილ საწურში, შემდეგ დააბრუნეთ ქვაბში და შეურიეთ ერთი ქილა მარინარა-სოუსი ან პომიდვრის სოუსი და გადადგით ცეცხლიდან.

ცალკე მოამზადეთ სოუსი ქეშიუსა და ტოფუს გამოყენებით. დააბლენდერეთ 1 ჭიქა ქეშიუ მანამ, სანამ მაქსიმალურად ერთგვაროვანი მასა არ გახდება. შემდეგ დაამატეთ 400 გრამი დაჭრილი ტოფუ, ლიმონის წვენი, მარილი, რეჰანი, ორეგანო და ნივრის ფხვნილი, თითოეული 1 ჩაის კოვზის ოდენობის. ისევ დააბლენდერეთ, იქამდე, სანამ შესქელებულ მასას არ მიიღებთ.

შეგიძლიათ შეუდგეთ ლაზანიას აწყობას ღუმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. თავდაპირველად დაამატეთ უკვე მომზადებული ოსპის სოუსი (1 ჭიქა), თანაბრად გაანაწილეთ ის გარშემო. შემდეგ დაუმატეთ ლაზანიას მოუხარშავი 4-5 ფირფიტა. ზემოდან გადაუსვით რიკოტა, ისე რომ დაიფაროს ზედაპირი. შემდეგ მოაყარეთ ისპანახის ფურცლები. გაიმეორეთ იგივე პროცესი კიდევ ერთხელ. მეორე ფენის დასრულებისას ისპანახს ზემოდან დაუმატეთ ლაზანიას 4-5 ფირფიტა და დარჩენილი სოუსიც მოასხით დასარულებლად. მჭიდროდ შეფუთეთ ფოლგით და გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. ამასობაში კი გაამზადეთ მოცარელა თქვენთვის სასურველი ოდენობით. 40 წუთის შემდეგ ჭურჭელს მოხსენით ფოლგა, მოაყარეთ მოცარელა და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 20 წუთით. ვუალა, კერძიც მზადაა და გემრიელად მიირთვით!

ზევით