#ფოტოამბავი

რუსული მმართველობის წინააღმდეგ ქართული პროტესტის ქრონოლოგია

გაზიარება:

რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა, ჯერ კიდევ სამეფო-სამთავროების პერიოდში დაიწყო. დაიწყო და მაშინვე გამოჩნდა რუსი მოხელეების, იმპერატორების და შემდგომ საბჭოთა მმართველების ღალატით, იმპერიალიზმითა და ორიენტალიზმით გაჟღენთილი, მჩაგვრელი პოლიტიკა. ჩვენს ქვეყანას რუსეთი ისტორიის არცერთ ეტაპზე არ აღიქვამდა თანასწორად, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად და მუდმივად ჩასაფრებული იყო, საჭირო დროს, მოქმედებაზე გადასულიყო. სწორედ ასე, 1801 წლიდან ქართული სამეფო-სამთავროების ნელ-ნელა გაუქმების პროცესი დაიწყო. ამას მალევე მოჰყვა აჯანყებებები, პროტესტის ტალღა, თავისუფლებისთვის ბრძოლა. მოდით, ერთად გადავავლოთ იმ აჯანყებებისა და პროტესტების ფოტოებს, რომლებიც ისტორიას შემორჩა და დღესაც გვახსენებენ, თუ როგორი მომავლისთვის ღირს ბრძოლა.

აჯანყებები 1801 წლიდან დაიწყო: მთიულეთის, კახეთის, იმერეთის შეიარაღებული პროტესტები. შემდეგ კი ცნობილი 1832 წლის შეთქმულება, რომელიც აჯანყებაში ვერ გადაიზარდა.

1841 წლის გურიის აჯანყების მონაწილეები. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, რუსმა მოხელეებმა გურული მოსახლეობის შევიწროება დაიწყეს. განსაკუთრებული პრობლემა კი ძალიან მაღალი გადასახადები იყო. მოსახლეობამ რუს მოხელეებს პარტიზანული თავდასხმებითა და აქტიური პროტესტით გაუწია წინააღმდეგობა.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა. 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების დღეა, დღე როდესაც კიდევ ერთხელ ჩაესვენა დამოუკიდებლობის მზე ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ბრძოლა არასდროს შეგვიწყვეტია. მალევე, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა "შეფიცულთა რაზმი" შექმნა და პარტიზანული ბრძოლები დაიწყო. მან რამდენიმე აჯანყებაც მოაწყო, თუმცა საბოლოოდ აჯანყებულები დამარცხდნენ, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს.

1978 წლის 14 აპრილი

1978 წელს, ქართული ენის სტატუსის დასაცავად თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები დაიწყო, რომლებმაც კულმინაციას 14 აპრილს მიაღწია. სტუდენტები უკან არ იხევდნენ და ამ შეუპოვრობამ შედეგიც გამოიღო. ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

1989 წლის 9 აპრილი, ნანა მახარაძე. ფოტო: იური მეჩითოვი

თითოეული აჯანყება, შეთქმულება ან საპროტესტო გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობასთან აახლოებდა. კულმინაცია კი 9 აპრილი იყო, როდესაც უკვე ყველასთვის ცხადი რუსული სისასტიკე, კიდევ ერთხელ 21 თავისუფლებისთვის მებრძოლი სულის ტრაგედიით დამტკიცდა. დღეს ჩვენ მათი სახელობის ქუჩებზე, დამოუკიდებელ საქართველოში დავდივართ და მათი სისხლით მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებას ვცდილობთ. ამ ფოტოს "გოგონა დროშით" შეერქვა და ნანა მახარაძე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. 

2019 წლის "გავრილოვის ღამე"

რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს და მის პარლამენტში შესვლას, ბუნებრივია, საპროტესტო ტალღა მოჰყვა. პროტესტზე მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდა გახარიას მთავრობა, მაკო გომურის თვალიც ამ აქციებს შეეწირა და უამრავი ადამიანი დაზარალდა.

ეს პროტესტი კი იმის აღმნიშვნელი იყო, რომ საქართველოში რუსი ოკუპანტების, მითუმეტეს დეპუტატების ადგილი არ არის და მათზე ქართული სტუმარ-მასპინძლობა არ ვრცელდება.

"გავრილოვის ღამე", ტბელ აბუსერიძის ფოტო

ბრძოლა გრძელდება... "რუსული კანონის" განხილვა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტში დაიწყო. მაშინ პარლამენტმა ინიციატივა უკან გაიწვია, თუმცა ეს ყველაფერი ქართველი ხალხის შემართებით, შეუჩერებელი ძალითა და შეუპოვრობით მოხდა. მარტის აქციებზე სპეცრაზმის ჭავლს, გაზსა და ხელკეტებს არავინ შეუშინებია. 

ნანა მალაშხია

დღეს კი იმავე კანონს ვაპროტესტებთ. რუსეთის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება, "ბრძოლის ველი" კი უცვლელია.

ფოტო : Kate Mosiava 

ქართველების ბრძოლა რუსული მმართველობის წინააღდეგ ერთ სტატიაში შეუძლებელია მოექცეს. ამ და სხვა თარიღებმა, თუ პროტესტის მონაწილეებმა დღევანდელობამდე მოგვიყვანა და მათი ღვაწლი არასოდეს უნდა დავივიწყოთ. 

ზევით