#კულინარია

გოზინაყის 3 განსხვავებული ვარიაცია საახალწლო სუფრისთვის

გაზიარება:

ქართული საახალწლო სუფრა გოზინაყის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენი გასტრონომიული კულტურის გამორჩეული ნუგბარი, ახალი წლის განუყოფელ ნაწილად, მეტიც, სიმბოლოდაც კი იქცა. სამზარეულოდან გამომავალი, მოხალული თხილეულისა და თაფლის მადისაღმძვრელი სურნელი, ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან გვაკავშირებს.

ქართულ ტრადიციულ სარიტუალო ნუგბარს დიდი ისტორია აქვს. ცნობილია, რომ ეს საკმაოდ ნოყიერი და მაღალკალორიული ტკბილეული, ჯერ კიდევ უძველეს დროში, მეომრებს მიჰქონდათ თან. ზუსტად არავინ იცის, როდის დაუკავშირდა გოზინაყი ახალ წელს, თუმცა ფაქტია, რომ მის გარეშე ახლა დღესასწაულის დადგომა წარმოუდგენელია. 

ყველაზე პოპულარული და ამავდროულად ტრადიციული - ნიგვზითა და თაფლით მომზადებული გოზინაყის გარდა, ვხვდებით  აგრეთვე სხვა ვარიაციებსაც, როგორებიცაა სხვა თხილეულით (თხილი, გოგრის თესლი, ფსტა) და ჩირეულით მომზადებულ ნუგბარსაც. საახალწლო სუფრის დასამშვენებლად, წარმოგიდგენთ გოზინაყის მომზადების 3 განსხვავებულ ვარიაციას, რომელსაც ქართველი შეფ-მზარეულები გვთავაზობენ.

1. ტრადიციული გოზინაყი ვაჟა წულუკიძისგან

ინგრედიენტები:

• 750 გრამი თეთრი ნიგოზი
• 370 გრამი თაფლი
• 30 გრამი შაქარი
• 5 გრამი ვანილინი 

მომზადების წესი:

1) დაჭერით ნიგოზი გრძლად, მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 20-25 წუთი. 

2) თაფლი წამოადუღეთ 4-5 ჯერ. თითო წამოდუღების შემდეგ გააციეთ და ხელახლა წამოადუღეთ. ბოლოს, დაუმატეთ ვანილი და შაქარი და კვლავ გააცხელეთ.

3) მიღებულ მასას დაუმატეთ მოხალული ნიგოზი, გადაურიეთ და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 1 წუთი. 

4) დაასველეთ დაფა და საბრტყელებელი, გააბრტყელეთ გოზინაყი სასურველ სისქეზე და სანამ ჯერ კიდევ თბილია დაჭერით  თქვენთვის მისაღებ ნაჭრებად.

2. გოზინაყი ნუშით ნუცა სურგულაძისგან

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by My Stock (@chemimaragi)

ინგრედიენტები:

• 300 გრამი კანგაცლილი ნუში
• 200 გრამი თაფლი 
• 250 გრამი შაქარი

მომზადების წესი:

1) დაჭერით კანგაცლილი ნუში. პარალელურად გააცხელეთ ტაფა და გაალღვეთ შაქარი.

2) დაუმატეთ ცოტა ვანილის ექსტრაქტი და თაფლი.

3) თაფლიანი მასა რომ აქაფდება, დაუმატეთ დაჭრილი თხილეული და გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ არ შესქელდება.

4) მიღებული მასა გადაიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და მიეცით ბრტყელი ფორმა. მოათავსეთ საყინულეში 15 წუთი და დაჭერით სასურველ ფორმებად.

3. გოზინაყი ლუკა თოდუას რეცეპტით

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Luca Todua (@luka.thodua1)

ინგრედიენტები:

•  100 გრამი თაფლი
•  3 ს/კ შაქარი
•  ფორთოხლის ცედრა და წვენი
•  70  გრამი ნიგოზი
•  50 გრამი ნუშის ფანტელი
•  40 გრამი მზესუმზირას მარცვალი
•  40 გრამი გოგრის მარცვალი

მომზადების წესი:

1) შაქარი და თაფლი წამოვადუღოთ სამჯერ.

2) ცალკე ტაფაზე მოვხალოთ წვრილად დაჭრილი თხილეული და ჩირი, დავუმატოთ თაფლის მასა და კარგად გადავზილოთ.

3) როგორც კი მივიღებთ ერთიან მასას გავაბრტყელოთ პერგამენტის ქაღალდზე, გავაციოთ და შემდეგ დავჭრათ.

ზევით