ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და საოცრად სურნელოვანი ჯინჯერის ორცხობილა დღეს დასავლური სამყაროსთვის, საშობაო თუ საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ამ პატარა ორცხობილების ისტორია, რომლებსაც ძირითადად სადღესასწაულო თემატიკის მიხედვით შერჩეული ფორმები და მორთულობები აქვთ, სათავეს საუკუნეების წინ იღებს.
მისი ადრეული ფორმები ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეშია ნაპოვნი, ხოლო მე-11 საუკუნეში, მას შემდეგ რაც ჯვაროსნები სუნელებს აღმოსავლეთიდან - დასავლეთში აბრუნებენ, ჯინჯერის ორცხობილებისთვის ახალი ცხოვრება იწყება.
საუკუნოვანი ისტორია მარადიულ ტრადიციაში გადაიზარდა და ჯინჯერის ორცხობილებიც, ყოველწლიურად, ჩვენს საახალწლო სუფრაზე საპატიო ადგილს იკავებენ.
ინგრედიენტები:
• კარაქი 150 გრ.
• ყავისფერი შაქარი 100 გრ.
• თაფლი 200 გრ.
• კვერცხი 1 ცალი
• ფქვილი 3 ჭიქა
• ვანილი 5 გრ.
• სოდა 1/2 ჩ.კ.
• მიხაკი 1/2 ჩ.კ.
• ჯინჯერი 1 ს.კ.
• დარიჩინი 1 ს.კ.
მომზადების წესი:
1. ჯამში მოათავსეთ ყავისფერი შაქარი და დარბილებული კარაქი და ამოიყვანეთ. დაუმატეთ კვერცხი, თაფლი და ვანილი.
2. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ სუნელების მიქსი, სოდა და აურიეთ.
3. დაუმატეთ ამოყვანილი მასა, კარგად მოზილეთ. ცომი დაასვენეთ მინიმუმ 1 სთ.
4. დასვენებული ცომი გააბრტყელეთ და მიეცით სასურველი ფორმა. მოათავსეთ გამოსაცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ 8-10 წთ. 180° გრადუსზე.
5. მორთეთ სურვილისამებრ.
ისიამოვნეთ!