| თეო კარანაია |
გრეტა გერვიგის ფილმის -”ბარბის” ფარგლებში, მსახიობმა, მარგო რობიმ მსოფლიო პრემიერები და გლამურული ღონისძიებები ათობით დასამახსოვრებელი Look-ით მოიარა. მის ჩაცმულობაზე კი სტილისტი, ენდრიუ მუკამალი ზრუნავს, რომელიც რობისთან კოლაბორაციით, მსახიობის სხვადასხვა როლისთვის ავთენტური ლუქების შექმნას და მისი პერსონაჟის ხასიათის უნიკალურ სამოსშიც გამოხატვას ცდილობს.
წარმატებული პრემიერების შემდეგ, მარგო რობისა და სტილისტის კოლაბორაციით, ბარბის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი საინტერესო სიახლე იგეგმება. 8 მარტს, ოსკარების დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე, წიგნის მაღაზიების თაროებზე ბარბის მსოფლიო ტურის ფოტო კრებული გამოჩნდება. წიგნში ენდრიუ მუკამალის კურატორობით, მარგოსთან კოლაბორაციით, ბარბის ინსპირაციით შექმნილი ლუქები იქნება წარმოდგენილი.
წიგნში წარმოდგენილი ფოტოები ლეგენდარული ფოტოგრაფის, კრეიგ მაკდინის მიერაა გადაღებული. კრეიგ მაკდინი წლებია წარმატებით მოღვაწეობს მოდის სფეროში და თითქმის ყველა დიდ გამოცემასა, თუ საერთაშორისო სახესთან უთანამშრომლია. მისი მოღვაწეობის ბოლო “ჰაილაითი” ბილი აილიშის ბრიტანული ვოგის გარეკანი გახლდათ, სადაც მომღერალი მკითხველის წინაშე განსხვავებული, მერილინ მონროსეული, იმიჯით წარსდგა.
“ბარბის” წიგნის გამოსვლის შესახებ საზოგადოებამ მარგო რობის სტილისტის ინსტაგრამ პოსტიდან შეიტყო. მუკამალი პოსტში აღნიშნავს - ,,ამ წიგნის იდეა იმ დღიდან არის ჩემს ოთახში, რაც 2023 წლის მარტში, ,,ბარბის“ პრეს ტურისთვის მარგოს გარდერობზე ფიქრი დავიწყე".
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ რამდენიმე თვის შემდგომ სტუდიაში ჩემი ოცნების გუნდთან ერთად ამ იდეას სისრულეში მოვიყვანდი.
წიგნში ბარბის პრეს-ტურის სხვადასხვა ლუქებია წარმოდგენილი. ფოტოებში ბარბისთვის დამახასიათებელი, ღია ვარდისფერი ე.წ. ,,bubblegum pink” ტონალობები ჭარბობს. ვხვდებით დიზაინერთა სამოსის მრავალფეროვან ვარიაციების, შანელის ტვიდ ზედატანიდან, კაროლინა ერერას ფემინური საშუალო სიგრძის კაბით დასრულებული. მოდის მოყვარულებისა და ბარბის ფანებისთვის ეს წიგნი ნამდვილი შემოქმედებითი ზეიმი იქნება, ბარბის შემქმნელებისთვის კი მორიგი გონივრული მარკეტინგული სვლა.