ანა გავა - SUCH A BALENCIAGA GIRL!

არასტანდარტული და სახასიათო გარეგნობის, 24 წლის მოდელის კარიერაში ისეთი ხმაურიანი ბრენდებია, როგორიც არის Balenciaga, Maison Margiela, Gucci, Act n°1, Marco de Vincenzo, Diesel.

ყველაფერი დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო, როდესაც გრიგორ დევეჯიევის (ვიზუალური ხელოვანი) ქასთინგზე მოხვდა. სწორედ გრიგორთან მუშაობის პროცესში გაიცნო ქართველი დიზაინერები და შემდეგ უკვე ბევრ მათგანთან სამუშაო ურთიერთობებიც შედგა. მოდელის პირველი ჩვენება ქართული ბრენდისთვის Materiel by Tiko Paksa თბილისი მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა.

ანა

მე ვარ ანა გავა, დავიბადე საქართველოში, მაგრამ წარმოშობით უკრაინიდან ვარ. პანდემიამდე ხშირად ვმოგზაურობდი, დავდიოდი გამოფენებსა და მუზეუმებში. ჩემი თავისუფალი დრო მოდის სფეროს გარდა მთლიანად ხელოვნებას უკავშირდება; ვკითხულობ, ვხატავ, ვუსმენ მუსიკას, ვიღებ ფოტოებს.

Balenciaga

გრიგორთან მუშაობის პროცესში ხშირად მესმოდა სიტყვები Such a Balenciaga Girl. ბალენსიაგა - ბრენდია, რომელთან მუშაობა სულ მინდოდა და მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა შედგა. ეს არის არაჩვეულებრივი, ყურადღებიანი ადამიანებისგან შემდგარი ბრენდი. რაც შეეხება მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობას, საკმაოდ დიდი სხვაობაა ლოკალურისგან განსხვავებით. დიდ ბრენდებთან თანამშომლობისას ჩემი ყოველი წუთი გათვლილია მათი გუნდის წევრების მიერ, დაწყებული მძღოლით და დამთავრებული მაკიაჟითა და მანიკიურით, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩემი საქმიანობის მიმართ ყველგან ერთნაირი მაქვს.

Dress your mind!

ბოლო დროს მოდის ინდუსტრიაში ხშირია სოციალური თემები და გლობალური საკითხები, რაც როგორც კოლექციის ლუქებზე, ასევე მოდელებზეც ნათლად აისახა. მოდის სფეროს „იდეალური მოდელის“ სტანდარტები და ტენდენციები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ უამრავი გოგონა თავს თვლიდა არასრულყოფილად, რასაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგებამდე მივყავდით. დღეისათვის ბევრი ბრენდის „ქასთი“ საკმაოდ მრავალფეროვანია და არ არსებობს კონკრეტული „სტანდარტი“. ვფიქრობ, ამ მხრივ მოდის სფერო საკმაოდ განვითარდა.

მინდა...

რომ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა იყოს, ქუჩაში სეირნობისას არ ვხედავდე მიუსაფარ ადამიანებსა და ცხოველებს. ასევე მინდა, ბოლო მოეღოს ტერმინ LGBTQ-ს და ადამიანებმა შევძლოთ თავისუფლად ცხოვრება.

COVID19

ციფრული ფორმატი დიზაინერებისგან განსხვავებით, მოდელებისთის საკმაოდ ადვილი იყო. ამ შემთხვევაში ჩვენებები უბრალოდ სტუმრებისა და პრესის გარეშე ჩავატარეთ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული სეზონი მქონდა. პანდემიის გამო, სხვა სეზონებისგან განსხვავებით ძალიან ცოტა ჩვენება მქონდა და ვერც საზღვარგარეთ წასვლა მოვახერხე.

მომენტი

ეროვნული გამოცდის წინა ღამეს, მეცადინეობის მაგივრად სრულიად შემთხვევით დავიწყე ხატვა. სწორედ მას შემდეგ გავაცნობიერე ჩემი ღრმა კავშირი ხელოვნებასთან და მივხვდი, რომ აქამდე ფაქტობრივად არ მიცხოვრია.

GOGO!

მინდა ყველა გოგოს ვურჩიო თავისუფლება და შესაბამისად დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის სიყვარული.

ფოტო: ირაკლი პირველი
ვიდეო: ლუკა იმედაშვილი
სამოსი: AVTANDIL
მაკიაჟი: Nail bar #1, კრისტი ვეკუა

 

ზევით