ცნობილი ადამიანები თავისი ნიჭითა და შემოქმედებით მილიონებს გამოიმუშავებენ, მაგრამ ეს მათ ხელს სულაც არ უშლით თავისუფალი დრო ახალ გატაცებებს დაუთმონ და შემოსავლის ახალი წყაროც იპოვონ. ყოველწლიურად, რიანას, ჯეი-ზის, ჯესიკა ალბას, დოქტორ დრეს, ჯორჯ კლუნისა და კარდაშიანების გზას არა ერთი ცნობილი ადამიანი ირჩევს და სილამაზის, კვების თუ ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიასაც ელვის სისწრაფით ემატება სტარტაპები.
ერთია იყო ცნობილი, მაგრამ მეორეა შენი ბიზნესი ისეთივე წარმატებულად აქციო, როგორც შენი სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ადამიანების სტარტაპები, დასაწყისშივე, დიდი უპირატესობით გამოირჩევიან, რადგან მათ რეკლამირებაში არც მეტი, არც ნაკლები თავად სელებრითები იღებენ მონაწილეობას, თავის დამკვიდრება სრულიად ახალ ინდუსტრიაში მაინც ძალიან რთულ დავალებასთან ასოცირდება.
ჩვენ, ყველას გვსმენია Fenty Beauty-ს, Kylie Cosmetics-ის, Yeezy-სა თუ SKIMS-ის წარმატების შესახებ, მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც სახელს ახლა იხვეჭენ? წარმოგიდგენთ, გასული 2022 წლის 10 ყველაზე წარმატებულ ბიზნესს, რომლის უკანაც ცნობილი ადამიანები დგანან.
1. LOLAVIE - ჯენიფერ ენისტონი
გასულ წელს, Friends-ის ვარსკვლავმა, ჯენიფერ ენისტონმა, თმის მოვლის ბრენდი LolaVie გამოუშვა. კომპანიის განვითარების ყველა საფეხურზე - პროდუქტის შემუშავებიდან დაწყებული, კრეატიულ მიმართულებამდე და პოპულარიზაციამდე - ენისტონი პირადად იყო ჩართული LolaVie-ს ბიზნეს სტრატეგიის განხორციელებაში და ეს მის წარმატებაზეც დადებითად აისახა.
ჩემი ბიზნეს მოტო:
„ბუნებრივია იყო მკაცრი, მაგრამ ამავდროულად კეთილი და სამართლიანი. ადამიანები, ხშირად წარუმატებლობას მეტ ყურადღებას აქცევენ, რაც საბოლოოდ გამოუსადეგარია”.
2. BEAUTIFUL, FLOWER HOME, FLOWER BEAUTY - დრიუ ბერიმური
დრიუ ბერიმურის სტარტაპები მოიცავს როგორც სილამაზის სამყაროს, აგრეთვე მედიასა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. მსახიობი 3 წარმატებული ბიზნესის მფლობელია, Flower Beauty-ს cruelty-free ხაზი თხევად ჰაილაითერებს და ტუჩის ნიღბებს მოიცავს, Walmart-თან პარტნიორობით კი დრიუმ, სამზარეულოს ნივთებისა და სახლის აქსესუარების ხაზი Beautiful and Flower Home გამოუშვა.
ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც, როგორც ანტრეპრენერმა ვისწავლე:
„ყოველთვის იბრძოლე შენი ინსტინქტებისთვის. არსებობს მიზეზი, რომლის გამოც დღეს შენ ხარ აქ და არა სხვა, ყოველთვის იყავი კარგი თანაგუნდელი”.
3. KINDERFARMS - ჯესიკა ბილი
ბავშვებში კბილების ამოჭრის ტკივილთან დაკავშირებული ეფექტური და ჯანსაღი წამლის ძიებისას, ჯესიკამ აღმოაჩინა, რომ ასეთი პროდუქტი ბაზარზე არ არსებობდა, სწორედ ამიტომ მისი შექმნა თავად დაისახა მიზნად. ნატურალური პროდუქტების მეწარმე ჯერემი ადამსთან და Venice Brands-ის აღმასრულებელ დირექტორთან, გრეგ უილსისთან პარტნიორობით, ჯესიკამ KINDERFARMS დააფუძნა, ამჟამად ბრენდი ბავშვებისთვის ტკივილგამაყუჩებლებს და და ღამის ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს მოიცავს.
საუკეთესო ბიზნეს რჩევა, რომელიც მიმიღია:
„თუ გიყვარს შენი პროდუქცია, გჯერა მისი, შენი კომპანიის და პარტნიორების, მაშინ ამას შენი მომხმარებელიც დაიჯერებს”.
4. DOS HOMBRES - ბრაიან კრენსტონი და აარონ პოლი
Breaking Bad-ის მსახიობები საკუთარი ბრენდის განვითარების საკითხში სრულად არიან ჩართულები, ბრაიანის და აარონის აღმოჩენა სანაპიროდან-სანაპირომდე, საჭმლისა და სასმლის ფესტივალებზე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბაზარზე გამოჩენიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ, მსახიობების ბრენდი აშშ-ში მესამე ყველაზე გაყიდვადი მესკალია. ალკოჰოლური სასმელი შექმნილია მეშვიდე თაობის მაესტრო მესკალეროს გრეგორიო ველასკოს მიერ, რომელსაც ბრაიანი და აარონი ოახაკას შორეულ მიდამოებში მოგზაურობისას შეხვდნენ.
ჩვენი ბრენდის ყველაზე წარმატებული პოსტი სოც. მედიაში იყო:
პოლი: „როგორ მიმაგორებს ბრაიან კენსტონი Dos Hombres-ით სავსე ბარგის ეტლზე, ამას ერთ დღეს რეალურად ვაკეთებდით და მაშინ შევთავაზე ბრაიანს, რომ ეს სცენა სარეკლამოდ გადაგვეღო”.
5. ED ELLEN DEGENERES - ელენ დეჯენერესი
წარმატებული 19 სეზონის შემდეგ, ელენ დეჯენერესის თოქ-შოუ მაყურებელს დაემშვიდობა, თუმცა თავად კომიკოსი შენელებას სულაც არ გეგმავს. ელენისთვის დამატებითი ბიზნესის წარმოება უცხო ხილი არც ამ დრომდე ყოფილა, 2015 წელს დეჯენერესმა გამოუშვა ცხოვრების სტილის ბრენდი - ED Ellen DeGeneres, რომელიც ყიდის ყველაფერს, განათებიდან, ხალიჩებიდან დაწყებული საწოლებით, ჭურჭლით და აქსესუარებით დამთავრებული. გასულ წელს კი ელენი, კოსმეტიკის მაგნატთან ვიქტორია ჯექსონთან თანამშრომლობით, სილამაზის ინდუსტრიას Kind Science ხაზით შეუერთდა. Cruelty-free პროდუქტები სახის დამატენიანებლებს, შრატებს და თვალის საცხებს აერთიანებენ.
ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც, როგორც ანტრეპრენერმა ვისწავლე:
„როგორ წარმოვთქვა სიტყვა ანტრეპრენერი”.
6. AVIATION GIN - რაიან რეინოლდსი
არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, მათ შორის Deadpool 3-სა და Free Guy-ს სექუელის გადაღებებისა, რაიან რეინოლდსმა მოახერხა და ფილმების გადაღებებიდან ერთი წელი შესვენება აიღო. მსახიობი ოჯახზე და ჯინის ბიზნესზე კონცენტრირდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაშინ, როდესაც რაიანი AVIATION GIN-ზე დაუღალავად მუშაობს, მისი მეუღლე ბლეიკ ლაივლი ცქრიალა უალკოჰოლო პრემიუმ მიქსერების ხაზს უშვებს, რაც წყვილს საშუალებას აძლევს საერთო ბიზნესში, საერთო საქმით დაკავდნენ.
საუკეთესო ბიზნეს რჩევა, რომელიც მიმიღია:
„ყოველთვის თავად გააკეთე საქმეები, უპასუხე ზარებს, შეხვდი პირადად, პირისპირ შეხვედრას ყოველთვის კარგი შედეგები მოაქვს”.
7. RARE BEAUTY - სელენა გომესი
სანამ სელენა საკუთარი კოსმეტიკური ხაზის მფლობელი გახდებოდა, მხოლოდ იმ ბრენდებთან თანამშრომლობდა, რომელთა კამპანიაშიც ფილანთროპული ხასიათის ელემენტები იქნებოდა გამოყენებული. დღეს, გომესი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოსმეტიკური ბრენდის მფლობელია, Rare Beauty 45 ქვეყანაში, იყიდება, მისი გაყიდვიდან შემოსული თანხის 1% კი Rare Impact Fund-ში ირიცხება, ორგანიზაციაში, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ეხმიანება.
საკუთარი თავის განსხვავებული მხარე, რომელიც როგორც ანტრეპრენერმა აღმოვაჩინე:
„ის, რაც მიყვარს ჩემს პროფესიებში, არის ჩემი შემოქმედებითი მხარის შესწავლა. როდესაც საქმე ეხება ჩემს ბიზნეს ინტერესებს, ჯერ კიდევ არსებობს შემოქმედების ელემენტი, მაგრამ ის, რაც მე ნამდვილად მიყვარს, არის სტრატეგიის შემუშავება იმ გადაწყვეტილებების მიღმა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ”.
8. HAMPTON WATER - ჯესი ბონ ჯოვი და ჯონ ბონ ჯოვი
ჯონ ბონ ჯოვიმ საკუთარი სახელი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდს დაუკავშირა, მაგრამ რა იცის მან როზეს შესახებ? როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი რამ. მანამ, სანამ Hampton Water ბაზარზე გამოჩნდებოდა ბონ ჯოვიმ მთელი 2 წელი დაუთმო კვლევებს; ამ პერიოდში მისი ვაჟი ჯესი, ბოთლის დიზაინზე და ეტიკეტზე მუშაობდა.
არ დავიწყებდი ბიზნესს, რომ არა...
„მუდმივად გამოლეული როზეს მარაგი სახლში”.