#მოგზაურობა

10 საუკეთესო სანაპირო ლისაბონის მახლობლად

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესების ფონზე, რთულია საზაფხულო არდადეგებზე ფიქრი, თუმცა სამყარო მოძრაობას აგრძელებს და შეგვიძლია ჩვენს ტვინებსაც ოდნავ განტვირთვის საშუალება მივცეთ. ქაოტური ქალაქის შემდეგ ოქროსფერი მზე, ლაჟვარდოვანი სანაპირო, ცხელი ქვიშა, ხმაურიანი ტალღები ნამდვილი მისწრება იქნება. დღევანდელი სტატია გზას ლისაბონამდე გაგიკვლევთ და 10 საუკეთესო სანაპიროს წარმოგიდგენთ, რომლებიც ზაფხულის არდადეგების გატარებას პორტუგალიის დედაქალაქში მოგანდომებთ.

portugal, beach, lisbon, praia do ribeiro do cavalo

Praia do Ribeiro do Cavalo

იმის გამო, რომ ის ტერიტორიულად რთულად მისასვლელ ადგილასაა, Ribeiro do Cavalo-ს სანაპიროს ლისაბონელები დიდი ხნის მანძილზე ტურისტებისგან საიდუმლოდ ინახავდნენ. დანიშნულების წერტილამდე გზა კლდის ბილიკებში უნდა გაიკაფოთ, ამიტომ სანაპირო მეტად მიმზიდველია მათთვის, ვისაც ცოტაოდენი ლაშქრობა და თავგადასავლები იზიდავს. მიაღწევთ თუ არა პორტუგალიის ერთ-ერთ ულამაზეს სანაპიროს, კლდეებით გარშემორტყმული ფირუზისფერი სანაპირო ეგზოტიკურ კუნძულზე გაგრძნობინებთ თავს.

guincho beach, portugal, lisbon, summer,

Praia do Guincho 

სინტრა-კასკაისის ბუნებრივ პარკში მდებარე სანაპირო დიუნებითა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეებითაა გარშემორტყმული. ეს უკანასკნელი ქარიანი და ძლიერი ტალღებითაა ცნობილი, რის გამოც ის სერფინგისა და ვინდსერფინგის ჩემპიონატებსაც მასპინძლობს ხოლმე. ლურჯი სანაპირო, ქვიშა, დიუნებისა და კლდეების ბუნებრივი ლანდშაფტი Guincho-ს სანაპიროს ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად აქცევს, მით უმეტეს, რომ მისი ჩრდილოეთ ნაწილი მეტად დაცულია ქარისგან. ადგილის სილამაზემ და გამორჩეულობამ ჰოლივუდის ყურადღებაც მიიპყრო. ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ფილმი სწორედ Praia do Guincho-ს პეიზაჟით იწყება.

praia do creiro, portugal, beach, summer, lisbon

Praia do Creiro

აღნიშნული სანაპირო შესაძლოა ლისაბონის რეგიონში ყველაზე პოპულარულადაც ჩავთვალოთ. იგი მშვიდი, სუფთა ზღვისა თუ ლანდშაფტის გამო, ინდოეთის ოკეანის კუნძულს მოგაგონებთ. Praia do Creiro-ზე სამი სხვადასხვა სანაპიროს გავლით შეგიძლიათ მოხვედრა, ლისაბონის ცენტრიდან კი გზას 1 საათი დასჭირდება.

galapinhos beach, lisbon, portugal, summer,

Praia dos Galapinhos

Praia dos Galapinhos ერთ-ერთია სწორედ იმ სამი სანაპიროდან, რომელზეც praia do creiro-ს გავლით მარტივად მოხვდებით. ერთ დროს, გამოკითხვის მიხედვით, ევროპის ყველაზე ლამაზ სანაპიროდაც ითვლებოდა. მისი კრისტალივით სუფთა ზღვისა და თვალწარმტაცი ბუნების პეიზაჟებს არაერთი საფოსტო ბარათი დაუმშვენებია. Galapinhos-ის სანაპირო არც ისე ხალხმრავალია, რის გამოც იდეალური ადგილია რომანტიული საღამოს გასატარებლად.

portugal, lisbon, summer, beach

Praia da Conceição

Conceição კასკაისის მატარებლის სადგურთან ყველაზე ახლოს მდებარე ნაპირია. მისი ადგილმდებარეობა ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც სანაპიროსკენ მუდმივად მიემართება ადგილობრივი ახალგაზრდებისა თუ ტურისტების ნაკადი. აქ ქალაქის დათვალიერებისას შეგიძლიათ გავლა, რადგან ლისაბონის ძველი ცენტრიდან არაერთ სანაპირომდე, მათ შორის Praia da Conceição-მდეც მიდის გზა. 

praia de carcavelos, portugal, summer, lisbon

Praia de Carcavelos

სანაპირო გამოირჩევა იმით, რომ მისი მთლიანი ზოლი ატლანტის ოკეანეშია გაჭიმული. ის ამჟამად ყველაზე მეტად ახალგაზრდა ტურისტების დანიშნულების წერტილს წარმოადგენს, ამის მიზეზი კი სანაპიროზე გავრცელებული სპორტული აქტივობები გახლავთ, მათ შორის, ქვიშის ფრენბურთი და ფეხბურთი. Carcavelos-ის სანაპირო ადგილობრივებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად შაბათ-კვირას ხალხმრავლობასაც უნდა ელოდეთ. ზაფხულის სეზონზე სანაპიროზე უამრავი კვების ობიექტი დაგხვდებათ. ლისაბონის ცენტრიდან carcavelos-მდე მისაღწევად სულ რაღაც 35 წუთია საჭირო.

galapos beach, portugal, summer, beach, lisbon

Praia dos Galapos

ლისაბონის სამხრეთ ნაწილში არაბიდას ბუნებრივ პარკში ტყით დაფარული ფერდობები, მათ შორის კი თეთრი ქვიშის სანაპირო დაგხვდებათ. Praia dos Galapos განცალკევებულ ყურეს წარმოადგენს, სადაც ლაჟვარდისფერი სანაპირო, თეთრი ქვიშა და მშვიდი გარემოა. სანაპიროზე ორი რესტორანია, რომლებიც ზღვის პროდუქტებით გაგიმასპინძლდებათ. ლისაბონის ცენტრიდან სანაპირომდე კი 1 საათის სავალი გზაა.

portugal, praia da ursa, lisbon, summer, beach

Praia da Ursa

ათეულის შემდეგი სანაპირო Praia da Ursa სინტრასა და კასკაისის დასახლებებს შორის მდებარეობს და ცნობილია, რომ ევროპის უკიდურეს დასავლეთ წერტილს წარმოადგენს. მასთან მისასვლელად მთამსვლელობა არაა აუცილებელი, თუმცა კლდის ბილიკების გასაკვლევად გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. გზაში თქვენს თვალწინ გადაშლილი ხედები ნამდვილად იმსახურებს მოთმინებასა და დროს. მისი განსაცვიფრებელი ბუნება აუცილებლად აქცევდა სანაპიროს ტურისტების მთავარ თავშეყრის ადგილად, რომ არა ძლიერი ტალღები და ცურვის აკრძალვა.

troia beach, portugal, summer, lisbon

Troia

ტროიას სანაპირო ოფიციალურად ლისაბონის რეგიონის გარეთ მდებარეობს, თუმცა ქალაქიდან ერთ დღიანი მოგზაურობისთვის შესანიშნავი მიმართულებაა. ნახევარკუნძულზე მოხვედრა ბორნით შეგიძლიათ, რომელიც არაბიდას ბუნებრივ პარკს მიუყვება. გზად გადაშლილი პეიზაჟები გამოცდილებას კიდევ უფრო გასაოცარს ხდის. სანაპირო სიმშვიდითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა, რის გამოც იდეალური ვარიანტია ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის.

costa da caparica, portugal, lisbon, summer

Costa da Caparica

სიის ბოლო წევრი, Costa da Caparica ბარებით, ღამის გართობით, მუსიკითა და კოქტეილებითაა ცნობილი. რა საკვირველია, სანაპირო ზაფხულში ახალგაზრდების თავშეყრის მთავარ ადგილს წარმოადგენს, თუმცა მას ტურისტებზე მეტად, ადგილობრივი მოსახლეობა სტუმრობს. Costa da Caparica მისი სიდიდით გამოირჩევა და როგორც ცნობილია, რამდენიმე წარმოსახვით ნაწილადაც იყოფა - ჩრდილოეთ ნაწილში ბავშვების ჟრიამული და რესტორნების ხმაური დაგხვდებათ, ხოლო თუ სამხრეთით ჩამოუყვებით გზას, ნუდისტურ ნაპირზეც ამოყოფთ თავს.

ზევით