| ანნა მათიაშვილი |
ვენეციის კინოფესტივალი წელს რიგით 81-ე გამოშვებით დაგვიბრუნდა. საერთაშორისო ფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნა და 7 სექტემბერს იტალიელი რეჟისორის პუპი ავიტის ფილმით "The American Backyard" დაიხურება. იტალიის უმშვენიერესი ქალაქის წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები, ცნობილი მოდელები თუ მსახიობები თვალისმომჭრელი სამოსით გამოჩნდნენ, სტატიაში ჩვენს რჩეულებს გაგიზიარებთ.
Cate Blanchett
55 წლის მსახიობი და პროდიუსერი კვლავ აგრძელებს ვარსკვლავებს შორის კაშკაშს. ღია ოქროსფერი Armani Privé-ს კაბა და ლუი ვიტონის მხრებზე გადაწეული ყელსაბამი მის ერთ-ერთ საუკეთესო ლუქადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
Izabel Goulart
ბრაზილიელი მოდელი ვენეციაში კამერების წინაშე Ermanno Scervino-ს შავი, ნახევრად გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა. ვიქტორია სეკრეტის ყოფილი მოდელის სადა ლუქი მეტად ელეგანტურად ულამაზესმა ყელსაბამმა აქცია.
Monica Bellucci
სილამაზის ეტალონი, მონიკა ბელუჩი კინოფესტივალზე რეჟისორთან, ტიმ ბარტონთან ერთად წარსდგა. იტალიელმა მსახიობმა არჩევანი ვივიენ ვესტვუდის დახვეწილ შავ კაბაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი 28 აგვისტოს სწორედ ტიმ ბარტონის ახალმა ნამუშევარმა Beetlejuice, Beetlejuice გახსნა.
Zhang Ziyi
45 წლის ჩინელი მსახიობი და მოდელი წითელ ხალიჩაზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქით მოგვევლინა. იგი ველვეტის არმანის სამოსითა და შავი მარაოთი გამოჩნდა. როგორც ცნობილია, წელს იგი კინოფესტივალის ჟიურის ფუნქციას შეასრულებს.
Jenna Ortega
საკულტო Wednesday Addams-ის როლის შემსრულებელი მსახიობი ფესტივალის გახსნით ცერემონიასა და ტიმ ბარტონის ფილმის პრემიერას მომაჯადოებელი ლუქით დაესწრო. მსახიობს დიორის წითელი კაბა და ამავე ბრენდის სამკაული ამშვენებდა.
Taylor Russell
კანადელი მსახიობის, ტეილორ რასელის თეთრი კაბა Chanel Couture-ის ვინტაჟური კოლექციიდანაა. კაბა თავდაპირველად კლაუდია შიფერმა შანელის 1993 წლის ჩვენებაზე წარადგინა. Chanel-ის კაბას ტეილორმა Tiffany & Co-ს ყელსაბამი შეუხამა.
Winona Ryder
უინონა რაიდერი ვენეციაში Beetlejuice Beetlejuice-ის ქასთის ერთ-ერთი წევრის ამპლუაში გამოჩნდა. ამერიკელი მსახიობი კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გოთიკური სტილის შავი კაბით წარსდგა.