ხელოვნური ბეწვი ზამთრის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
| ანა ციხელაშვილი |
ელენე მიქაბერიძე მამით ქართველი და დედით აფხაზი რეჟისორია, რომელიც დოკუმენტური კინოს სამყაროში არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა და უკვე წარუშლელ კვალს ტოვებს. ელენე, ოჯახთან ერთად, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, ბელგიაში ემიგრანტად წავიდა. საქართველოში ის წლების შემდეგ დაბრუნდა, სცენარით ხელში და იმ მისიით, რომ კინო კონფლიქტის მოგვარების გზაზე მთავარ ინსტრუმენტად აქციოს.
ელენე ფართო საზოგადოებამ სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის, "ლურჯი მოცვის", დახმარებით გაიცნო. ქართველი რეჟისორი ჩვენი რუბრიკის, The Diary Originals-ის სტუმარია. ჩვენ ელენესთან სასაუბროდ, ტრადიციულად, chicos.tbilisi-ს კაფეს ვესტუმრეთ.
როგორ აღმოჩნდით ბრიუსელში?
ბრიუსელში 1993 წელს წავედით მე, ჩემი ძმა და მშობლები. ჩვენ აფხაზისა და ქართველის შერეული ოჯახი ვართ, რაც მაშინდელ პერიოდში რთული იყო და ცოტა დავიჩაგრეთ. 25 წელი ბელგიაში ვიცხოვრე, იქ მყავს ოჯახი, მაგრამ უკვე 7 წელია რაც საქართველოში ვცხოვრობ.
როგორია აფხაზეთი თქვენს მოგონებებში? ბოლოს როდის იყავით იქ?
როცა მხოლოდ ბავშვობაზე ვფიქრობ, ზღვა და კარგი მოგონებები მაქვს. ომის შემდეგ 3-ჯერ ვიყავი აფხაზეთში და მაშინ ვნახე ბებია, ბიძა და ბიძაშვილები. ეს შეხვედრები ძალიან ემოციური იყო. ეს ადგილი დროსა და სივრცეში ჩაკეტილია, დიდი სევდა სუფევდა იქ. ბევრი მიტოვებული სახლი, ომის დანატოვარი ვნახე. ახლა უკვე აღარ მიშვებენ აფხაზეთში, ე.წ. საშვის შესახებ უარი მომივიდა რამდენჯერმე. ერთხელ ე.წ. მესაზღვრემ ისიც კი მითხრა წადი, შენი სახლი აქ არ არის, ქართული გვარი გაქვს, მამა ქართველი გყავსო. რატომ არ მიშვებენ ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მტკივნეული თემაა ეს ჩემთვის.
თქვენთვის კინო მშვიდობის ინსტრუმენტია. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეიძლება ითამაშოს ფილმმა?
ბაბუაჩემი პოლიტიკოსი იყო და სულ უნდოდა აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხი მოეგვარებინა. 15 წლის ასაკში პალესტინასა და ისრაელში ვიყავი და იქ ვნახე ომით დაშორებული ხალხი. მაშინ გადავწყვიტე, პოლიტიკა მესწავლა. შემდეგ უნივერსიტეტში კინოსა და პოლიტიკის კურსი ავიღე. საერთოდ, ბავშვობიდან მიყვარს კინო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ რამე უფრო მნიშვნელოვანი უნდა მესწავლა, სამშობლოსთვის რომ კარგი გამეკეთებინა. უნივერსიტეტში ნაშრომი დავწერე ქართულ კინოსა და ომის შესახებ, შემდეგ ჩამოვედი თბილისში, აფხაზეთშიც ვიყავი და საოკუპაციო ხაზთანაც.
ამის მერე წავედი ბრიუსელში და სცენარი დავწერე - კომედია ჩემს ოჯახზე, იმაზე, თუ როგორი აბსურდია ეს გამყოფი ხაზი. მაშინ გადავწყვიტე, რომ ფილმის გადაღება მსურდა. საქართველოში ფრანგული სცენარი ჩამოვიტანე, არც კინო მქონდა გადაღებული ოდესმე და არც ქართული ვიცოდი. შემხვდა ზაზა ურუშაძე, მოეწონა სცენარი და მითხრა ჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადამეღო, მესწავლა კინოს გადაღება და ქართული ენა. და მეც ბევრ სხვადასხვა რეჟისორთან ერთად ვიმუშავე შემდგომ.
პოლიტიკური მეცნიერების სწავლის შემდეგ, რატომ აირჩიეთ კინო, როგორც აუდიტორიასთან ურთიერთობის საშუალება?
ჩემთვის მთავარია ვაჩვენოთ, რომ ორივე მხარეს ადამიანები დგანან, არავის უნდა სახლის დატოვება ან უბედურება. მეტად უნდა ვაჩვენოთ შერეული ოჯახების მაგალითიც. ვანახოთ, რომ ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობენ ასეთი ოჯახებიც.
როგორი იყო პირველ ფილმზე მუშაობის პროცესი?
ძალიან მორცხვი ვიყავი, იმდენად ვნერვიულობდი action-ს ვერ ვამბობდი, ამიტომ გადავწყვიტე ქართული კარგად მესწავლა. ჯერ დიდ ჯგუფთან მუშაობისთვის მზად არ ვიყავი. ვთვლი, რომ ამის გამო პირველ ფილმებში ვერ ვთქვი ბოლომდე ჩემი სათქმელი.
რა ადგილი უჭირავს თქვენს შემოქმედებაში იუმორს?
იუმორი ძალიან მიყვარს, სახლშიც სულ ვცდილობდით რთული მომენტებისთვის მსუბუქად გვეყურებინა. გავიზარდე ბელგიაში, 9 მთავრობა მართავს ქვეყანას, სამ ენაზე ჩხუბობს ყველა, მოკლედ, აბსურდსა და სიურრეალიზმში გავიზარდე. თანაც ხალხმა, ვინც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს მთხოვა არ გამომეყენებინა სევდა ჩემს ფილმებში - ჩვენ არ ვცხოვრობთ სევდაში, გვიყვარს ცხოვრებაო. მათ დავპირდი, რომ ჩემს ფილმებში იუმორი იქნებოდა მხოლოდ და არანაირი სევდა!