ქართული კინო მსოფლიო ასპარეზზე მწვერვალების დაპყრობას აგრძელებს. ამჯერად, ყურადღების ცენტრში ელენე მიქაბერიძეა სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი ფილმით “ლურჯი მოცვი”, რომელიც Parachute Films-ის წარმოება გახლავთ.
"ლურჯი მოცვი" ცოცხალი ისტორიაა იმაზე, თუ როგორ ამოხეთქავს ჯერ კიდევ ომში გახვეული მიწიდან ახალი სიცოცხლე
ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ორბელიანის ქუჩაზე მელაძეების ოჯახი ცხოვრობს. “ლურჯი მოცვი” გვაცნობს სოსოს, ნინოს, ლაზარესა და გიორგის, რომლებიც ერთდროულად ელენე მიქაბერიძის ფილმის მთავარი გმირები და საქართველოს მტკივნეული აწმყოს სახეები არიან. ფილმში სოფელ ყულიშკარის მოცვის პლანტაციაში ამოვყოფთ თავს, იქ, სადაც თავისუფლებისა და სილაღის ყველაზე მძაფრი სუნი დგას, იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებული აფხაზეთი სულ რაღაც 12 კილომეტრშია. ჩვენც, მაყურებლები მელაძეების ოჯახთან ერთად ვიწყებთ პატრიოტიზმით, შრომითა და სიკეთით გაჟღენთილ ცხოვრებას.
რეჟისორი შეეცადა იმ ადამიანების ცხოვრება გაგვეცნო, რომლებსაც მავთულხლართები თვალწინ გაუვლეს. მიუხედავად ამგვარი ყოფისა, ოჯახი ყოველ დღე ამტკიცებს საკუთარ სიძლიერეს. მელაძეების ოჯახი გადარჩენას ცდილობს, გადარჩენის გზა კი მოცვის მოსავალზე გადის. ამის პარალელურად, მოცვის პლანტაცია მელაძეების ოჯახის ბაშვების - ლაზარესა და გიორგის სათავგადასავლო არენაც არის.
ნახევრად აფხაზი, ნახევრად ქართველი რეჟისორის ინსპირაცია აფხაზეთში მცხოვრები ბიძაშვილები არიან. ელენე მიქაბერიძის ოჯახმა 1993 წელს საცხოვრებლად ბელგიაში გადასვლა გადაწყვიტა. ემიგრაციის შემდეგ ელენემ 25 წელი ბრიუსელში გაატარა, ბოლო 7 წელია კი, საქართველოში დაბრუნდა და უკვე აქ ცხოვრობს.
"მინდა მოვყვე ამბავი იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კონფლიქტები ბავშვებსა და მათ წარმოსახვაზე... ჩემი ფილმი იკვლევს იდენტობას, მოზარდობას და პოლიტიკას. ამბავი ასახავს, თუ როგორია იზრდებოდე არასტაბილურ ქვეყანაში და მაინც ოცნებობდე"
რატომ გახდნენ მელაძეების ოჯახი თქვენი ინსპირაცია?
პანდემიის დროს, რამდენიმე დღის მანძილზე საოკუპაციო ხაზთან ოჯახებს ვიღებდი, ყველა სასტუმრო დაკეტილი იყო და ჩვენმა ოპერატორმა იპოვა მელაძეების საოჯახო სასტუმროში თავისუფალი ოთახი. იქ ერთი ღამე გავატარეთ. ბავშვები იმ დღესვე გავიცანი, ბევრი ვიცინეთ, თითქოს უკვე დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით. გამახსენდა ჩემი ბიძაშვილები, რომლებიც იმავე ასაკის არიან და აფხაზეთში ცხოვრობენ. შემდეგ მოვიდა სოსო და მითხრა, რომ მოცვის პლანტაცია ჰქონდა, მერე ნინოც შემოგვიერთდა, ერთი საღამო ძალიან გემრიელად გავატარეთ. ღამე არ მეძინა, ვგრძნობდი რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. გავეცანი ინფორმაცია მოცვის პლანტაციებზე - “დანერგე მომავლის” პროგრამაზე. დავრჩი ოჯახთან და ვნახე მოცვის პლანტაცია, ვიფიქრე პირველ მოსავლამდე დავრჩები-მეთქი, შემდეგ კიდევ 1 კვირა, 2 კვირა და ამასობაში 2 წელი გავიდა.
როგორი იყო იმ ადამიანების გადაღება, რომლებიც ფაქტობრივად თქვენი მეგობრები გახდნენ?
ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის დროა, რაც ამ ოჯახთან კამერის გარეშე გავატარე. როდესაც დოკუმენტურ ფილმს იღებ, სანამ სხვისგან მოითხოვ, რომ საკუთარი ისტორიები, საიდუმლოები, ყოველდღიური ცხოვრება გაგიზიარონ, შენ უნდა გაიხსნა, შენი ცხოვრება უნდა დადო მაგიდაზე და გულწრფელი იყო. როდესაც უკვე მეგობრობა გაჩნდება, მერე დაიწყო გადაღება, ამიტომაც ეს ფილმი არის ჩვენი და არა ჩემი.
რისი სიმბოლოა მოცვის პლანტაცია?
მოცვის პლანტაცია არის იმის მაგალითი, თუ რას აკეთებ, როცა ყველაფერი დანგრეულია და თავიდან იწყებ. სოსო ამბობს, რომ ეს პლანტაცია მისი საჩუქარია შვილებს. მეტაფორულია, მაგრამ მიწიდან ახალი ცხოვრება ამოდის. ფილმში, საერთოდ, ძალიან ბევრი სიმბოლოა.
რა ისწავლეთ მელაძეების ოჯახისგან?
ვისიამოვნე მათთან ცხოვრებით. ორი ძალიან კარგი, სამაგალითო მშობელი გავიცანი, რომლებიც ბავშვებს თავისუფლად ზრდიან.
როგორი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს საერთაშორისო არენაზე?
უკვე 10 ევროპულ ფესტივალზე ვიყავით და ყველამ თბილად მიიღო ფილმი, ამისთვის მადლობელი ვარ. ზოგმა უკვე გამოხატა სურვილი, დაეხმაროს ოჯახს, ბევრიც საქართველოთი დაინტერესდა. ფილმის საშუალებით რაღაც სითბო მივიტანე ამ ხალხთან. ფილმის ნახვის შემდეგ, ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა და კოცნიდა. უკრაინაშიც ვიყავი, სადაც კიდევ უფრო ემოციურად მიიღეს კინო. საქართველოში კი, თბილისის პრემიერა 21 სექტემბერს გვქონდა და ძალიან მოეწონა საზოგადოებას, კრიტიკაც დაიწერა. შემდეგ ქუთაისსა და ბათუმში ვაჩვენეთ, ფილმის ნახვის შემდეგ ყველა ტიროდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზუგდიდში ჩვენება, იმ ხალხის წინაშე, ვინც მონაწილეობდა ფილმში. რეგიონებში ფილმის ჩვენები მომავალ წელსაა დაგეგმილი.
სტატიაში გამოყენებული ფოტოების ავტორი, ფილმის ოპერატორი, პატრიკ ვენდტია.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.