#მუსიკა

თორჩოს "კარმა" - დაგუგლე, რა გჭირს?!

გაზიარება:

კარმას ყოველთვის ის მოაქვს, რასაც გასცემ, ჰოდა, გიორგი თორაძემ სამყაროს იმდენად დიდი ნიჭი უბოძა, რომ “კარმამ” ყველაფერი უკან მოუტრიალა. ახალგაზრდა ქართველი მომღერლის კლიპზე, რომლის ინტერნეტ პრემიერაც ორიოდე დღის წინ შედგა, სრულიად ერი საუბრობს და ეს გასაკვირი ნამდვილად არაა.

“კარმა” გიორგი თორაძის, იგივე Torcho-ს სადებიუტო სოლო ნამუშევარია, რომლის მუსიკა და ტექსტიც ნათია (ნაჯო) ორაშვილს ეკუთვნის, ვიდეო რგოლის რეჟისორი კი ლევან (ლეკო) ჭყონია გახლავთ. კლიპის გადაღებებზე პროდიუსერის ფუნქციები რუსკა მაყაშვილმა შეითავსა, პროექტის მენეჯერი კი ანნა დოი გახლდათ.

თორჩო: ვიდეო რგოლის სცენარი და რეჟისურა ლეკო ჭყონიას ეკუთვნის, თუმცა სცენარი მოცემულობიდან გამომდინარე იცვლებოდა. ქორეოგრაფიის ავტორი მე ვარ, მაგრამ ესეც კლიპის საკმაოდ სპონტანური ნაწილია. სულ 6 დუბლი გადავიღეთ და ექვსივეში სხვადასხვანაირია ქორეოგრაფია. იმ წამს როგორი შეგრძნებებიც მქონდა, იმის მიხედვით ვასრულებდი მოძრაობებსაც. ის, რაც მაყურებლამდე მივიდა, მეექვსე დუბლია, თან მთლიანი ვიდეო უწყვეტ კადრადაა გადაღებული.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Najo (@natiaoqruashvili)

ვიდეო რგოლი სცენაზე გათამაშებული მიუზიკლის შეგრძნებას ტოვებს. განსაკუთრებით მომხიბვლელია ის ფაქტი, რომ კლიპი უწყვეტ კადრადაა გადაღებული, ამიტომაცაა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ოპერატორისა და განათების სპეციალისტის ტანდემი - They understood the assignement! და მეტიც… ვიდეო თავად რეჟისორის ხელითაა გადაღებული.

როგორც ვიცი, მუსიკალური ვიდეო რგოლის გადაღება მთლიანად შენი მეგობრების დამსახურებაა…

თორჩო: როდესაც მე და ნაჯომ ტრეკი ჩავწერეთ, გაჩნდა იდეა, რომ ამ ნამუშევარს ვიდეო რგოლიც აუცილებლად სჭირდებოდა. არა ერთ კომპანიასთან გავედით კონტაქტზე სპონსორის ძიებაში, მაგრამ, სამწუხაროდ ყველამ უარი გვითხრა. რაღაც პერიოდი ხელიც კი ჩავიქნიეთ, გვეგონა არაფერი გამოგვივიდოდა. მერე საქმეში ჩემი მეგობრები ჩაერთნენ და შედეგიც სახეზეა. სულ იმას ვამბობ, რომ მეგობრებში ძალიან გამიმართლა.

Without you I’m nothing - ყოველთვის ამას ვეუბნები ხოლმე.

რომ არა ჩემი მეგობრები, თორჩო ვერ იქნებოდა თორჩო. მათ დიდი წვლილი მიძღვით ჩემს პიროვნულ განვითარებაშიც და ჩემს პერფორმერად ჩამოყალიბებაშიც.

ბევრი სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან გიცნობთ, რომლებიც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორია თორჩო?

თორჩო: თორჩო ინდივიდუალური არტისტია, რომელსაც ბევრი ცნობილი და წარმატებული ხელოვანის გავლენა ეტყობა. ვეცადე, რომ ყველა ინსპირაცია, რაც ბავშვობიდან მიმიღია ჩემი საყვარელი არტისტებისგან, რაღაცნაირად გამეერთიანებინა და გამომეტანა გარეთ.

გამორჩეულია გიორგის მუსიკალური სტილიც. შემსრულებელი ბაზარზე არსებული არტისტებისგან სრულიად განსხვავებულ თემატიკას გვთავაზობს, რაც დამატებით მისი ქორეოგრაფიული და სამსახიობო ნიჭის დამსახურებაცაა. “კარმას” ვიდეო რგოლი კი ჭკვიანურად შეკრული გუნდის ანგარიშზეა.

Imagine, what they could do with your money?!

ზევით