#წიგნების თარო #ლიტერატურა

THE MDIVANI SAGA: ამბავი ყველაზე ცნობილი ქართული ოჯახის შესახებ

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ბუდენბროკებისა და ფორსაიტების ამბების კითხვაში თუ ღამეები გაგითენებიათ, თქვენთვის განსაკუთრებული ამბავი გვაქვს. დავით გიგაურმა ლეგენდარული ქართული ოჯახის ისტორია ახალ წიგნში - "Mdivani Saga"-ში ჩაატია. მდივანების ოჯახი, რომლის გასაოცარი წარსულიც ბევრი ქართველისთვის უცნობია, მე-20 საუკუნის ჰოლივუდისა და ევროპის მაღალი კლასის საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ. გასულ საუკუნეში, დიდი გეტსბის მსგავს წვეულებაზე, რომელიმე სტუმარი, მდივანებზე აუცილებლად იტყოდა - მათ ცხოვრებაზე წიგნი დაიწერებოდაო, ჰოდა დადგა ეს დღეც. მდივანების ეპიკურ ამბავს ბრიტანეთში მოღვაწე მკვლევარი და მწერალი, დავით გიგაური გვიყვება. წიგნის წაკითხვამდე კი ავტორთან საინტერესო ინტერვიუსთვის ჩამოსხედით.

დავით გიგაური, მდივანების საგა, Mdivani Saga, David Gigauri

რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც მდივანების ოჯახი? რამე კავშირი ხომ არ აქვთ გიგაურებს და მდივანებს?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი ბებია მდივანია, არ ვიცი გვაქვს თუ არა პირდაპირი ნათესაური კავშირი. თუმცა ვვარაუდობ, რომ მათი მამა, გენერალი ზაქარია (შაქრო) მდივანი და ჩემი დიდი ბაბუა, გენერალი ნესტორ გარდაფხაძე, რომლებიც კომუნისტების შემოსვლამდე სამხედრო სამინისტროში მუშაობდნენ, შესაძლოა კოლეგები ყოფილიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო ჰობია ვიდრე პროფესია, უძველესიდან თანამედროვე პერიოდამდე ქართული დიასპორის კვლევას 20 წელი დავუთმე. მთელი ცხოვრება საქართველოს გარეთ გავატარე, თუმცა ქართულ მემკვიდრეობასთან ღრმა კავშირმა, ისტორიის მანძილზე ქართველების გამოცდილებებისადმი ინტერესი გამიჩინა. ბევრმა ქართველმა, ვინც სამშობლოს გარეთ ცხოვრობდა, მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა, მაგალითად, მამლუქთა გავლენიანმა დინასტიებმა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთს მართავდნენ, ან ისეთმა ცნობილმა პიროვნებებმა, როგორიცაა ჯორჯ ბალანჩინი, New York Ballet-ის დამფუძნებელი.

ალექსი მდივანი, დავით მდივანი, სერჟ მდივანი, ნინა მდივანი, რუსი მდივანი
საათის ისრის მიმართულებით ქვემოთ მარცხნიდან: ალექსი მდივანი, დავით მდივანი, სერჟ მდივანი, ნინა მდივანი, რუსი მდივანი

მდივანებით, როგორც ქართული ოჯახით, რომელმაც, გარკვეულწილად, "თანამედროვე ცნობილი ადამიანის" ხატი შექმნა, მაშინვე დავინტერესდი. ჩემი პირველი წიგნი (Be My Guest: Georgian Recipe for Cooking Success, 2013) უკვე შეიცავდა ერთ თავს მდივანების ოჯახის შესახებ და ამის შემდეგ, მთლიანად მათ ამბავზე ორიენტირებული წიგნის წერა დავიწყე.

როგორი იყო მდივანების გავლენა იმდროინდელ კულტურულ ტენდენციებზე? მოაღწია ამ გავლენამ საქართველომდეც?

მდივანები ნამდვილი 1920-იანი წლების ადამიანები იყვნენ. მასმედიის გამოჩენამ მათი სახელი, როგორც სკანდალის, ფუფუნების და, უპირველეს ყოვლისა, მასშტაბური ქორწინების სინონიმი, გაზეთების განუყოფელ ნაწილად აქცია. ასე შეიქმნა მეტსახელი „The Marrying Mdivanis“. იმ ეპოქაში, სადაც გლამურული ყოფა ასეთი მიმზიდველი, ხოლო პირად და საჯარო ცხოვრებას შორის ზღვარი დაბინდული იყო, მდივანები თანამედროვე ცნობილი ადამიანების წინამორბედებად შეგვიძლია აღვიქვათ.

დავით გიგაური, მდივანების საგა, Mdivani Saga, David Gigauri

ყიდვა

მათზე ყოველდღიურად წერდნენ გაზეთებში და ყველამ იცოდა მათი სახელები, დასავლეთში კი „დივანებად“ მოიხსენიებდნენ. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მდივანებს ცნობილი ადამიანის სინონიმად იყენებდა. მაგრამ ეს ოჯახი მეტი იყო, ვიდრე მათზე მოარული ჭორები. მდივანები იმ დროის დიადი ადამიანების ინსპირაციის წყაროსაც წარმოადგენდნენ. სალვადორ დალიმ ოჯახის ერთ წევრს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ადამიანი უწოდა, რომელიც ოდესმე შეხვედრია, ხოლო ჰოლივუდის ვარსკვლავმა, პოლა ნეგრიმ განაცხადა, რომ მას სერჟ მდივანი უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე ვალენტინო, ან ჩარლი ჩაპლინი. დეილ კარნეგიმ ცნობილ წიგნში, „როგორ შევიძინოთ მეგობრები და ვიქონიოთ ადამიანებზე გავლენა“, მდივანების X-ფაქტორი გააანალიზა. მათ შთააგონეს ჟან კოქტოს, დაეწერა პიესა Les Monstres Sacrés, და ალფრედ სავუარიც, რომელმაც პიესა „მარია“ შექმნა. მათი სახელები დაერქვა კერძებსა და მოდის სხვადასხვა სტილს, ბალენსიაგა ყოველთვის უგზავნიდა ნინა მდივანს წითელ ვარდებს, ხოლო შანელი პირადად უმზადებდა სამოსს რუსი მდივანსელენა რუბინშტეინმა რუსის „მიწაზე მოყრილი მარილიც“ კი, უწოდა.

რუსი მდივანი, roussy mdivani, დავით გიგაური, მდივანების საგა, Mdivani Saga, David Gigauri
რუსი მდივანი შანელისთვის V&A ჟურნალის გარეკანზე პოზირებს. "Fashion Manifesto exhibition" ლონდონში, Victoria & Albert მუზეუმში, 2023 წელი. რუსის შანელის თეთრი ფერის კაბა აცვია. ფოტოს ავტორი André Durst-ი გახლავთ. თავდაპირველად Vogue-ში 1936 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.

მათი პროფესიული წვლილიც აღსანიშნავია. რუსი მდივანი ცნობილი მოქანდაკე იყო და ისეთი ადამიანებისთვის ქმნიდა ბიუსტებს, როგორიც ნიდერლანდების პრინცი და ჯეიპი მორგანის ოჯახის წევრები იყვნენ. ამის გარდა, კიდევ ბევრი რამ არის სათქმელი, მაგრამ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მიუხედავად მათი დავიწყებისა, ამ ოჯახის მემკვიდრეობა ხელოვნებასა და მოდაში კვლავ ცოცხლობს. 1989 წელს, ამერიკელმა არტისტმა და ენდი უორჰოლის მუზამ, ბილი ბოიმ მაღალი მოდის საკოლექციო თოჯინები შექმნა და მათ მდივანების ოჯახის წევრების სახელები დაარქვა. ცოტა ხნის წინ შანელმა გამოუშვა Trio Ring, შთაგონებული მდივანების ისტორიით. შემდეგ იყო, წითელ ტუჩსაცხი, რომელიც რუსი მდივანს ეძღვნება.

426 Roussy, Chanel Lipstick, მდივანების საგა, Mdivani Saga, Roussy Mdivani, რუსი მდივანი
ეს ტუჩსაცხი, 426 ROUSSY, კოკო შანელის 24 უახლოესი მეგობრის ინსპირაციით შექმნილი სერიის ნაწილია. მათ შორისაა ქართველი მოქანდაკე რუსი მდივანი.

მათი ბიძაშვილი იყო ბუდუ მდივანი, დიდი კომუნისტი, რომელმაც გავლენა მას შემდეგ დაკარგა, რაც 1937 წელს მთელი ოჯახი რეპრესიების დროს დახვრიტეს. მიუხედავად იმისა, რომ მდივანების ნათესავები საქართველოში მაინც შემორჩნენ, ვფიქრობ, ამერიკაში ცნობილი ოჯახის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია საბჭოთა ქვეყნის შიგნით ვერ შემოაღწევდა.

თქვენი, როგორც საქართველოს ისტორიისა და დიასპორის მკვლევრის აზრით, რამდენად დიდი როლი ითამაშა ოჯახმა ამერიკისთვის საქართველოს გაცნობაში?

აშშ-ში, მსოფლიო რუკაზე ნამდვილად მდივანებმა მონიშნეს საქართველო. მათი ამბის ნაწილი ევროპაში ვითარდებოდა, სადაც ისინი ისეთივე ცნობილები იყვნენ, როგორც თვითონ ჩვენი ქვეყანა. ერთმა ჟურნალისტმა აშშ-ში აღნიშნა: „საქართველო, ქვეყანაა და არა შტატი, ყოველთვის შორეული და არარეალური ადგილი ჩანდა, ამიტომ სრულიად დავიბენი, როდესაც ცოტა ხნის წინ, ორი სასიამოვნო ახალგაზრდა შემხვდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საქართველო იყო მათი მშობლიური მიწა. ეს სიმართლე ვერ იქნება, იქიდან ხომ არავინ არასდროს მოსულა“. მდივანები საკუთარ თავს ყოველთვის ქართველებად წარადგენდნენ, დეტალურად აღწერდნენ თავიანთი ოჯახისა და ქვეყნის ისტორიას. გაზეთებიც ყოველივე ამას ცხადი სიზუსტით ბეჭდავდა.

მდივანების ოჯახი, დავით გიგაური, მდივანების საგა, Mdivani Saga, David Gigauri
სტატია მდივანების შესახებ ამერიკის გაზეთში, 1933 წელი

მეტიც, ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ყველაფერი ქართულის პოპულარიზაციაში. ნინა მდივანმა ფრანგულ გაზეთში გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების სერია, მოგვიანებით კი ამერიკულ რადიოში ქართველებზე ინტერვიუ მისცა, ის ყოველთვის ესწრებოდა ნიუ-იორკის საქველმოქმედო გალას - „Allaverdy Ball“. რუსი მდივანმა შექმნა სკულპტურები ქართულ თემაზე (მაგალითად, „ქართველი მოცეკვავე“), ალექსი მდივანი მუშაობდა საფრანგეთის ქართული მისიის ოფისში და შემდეგ შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს, აფინანსებდნენ მათ განათლებას და საცხოვრებელს, თანაც ქართული დიასპორისთვის ისეთ შორეულ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი. იგი პოლიტიკაშიც ჩართული იყო და ცდილობდა, შეექმნა ემიგრანტების პოლიტიკური ძალა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოახდენდა ზეწოლას საბჭოთა მთავრობაზე, რათა საქართველო გათავისუფლებულიყო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი ოჯახი რევოლუციამდე ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ ელიტას ეკუთვნოდა, ამის გამო მდივანების შთამომავლობა ვერასდროს იქნებოდა გულგრილი ქართული საქმის კეთების მიმართ. ისინი ვანო სარაჯიშვილის ნათესავები იყვნენ, ირაკლი თოიძემ დახატა დედა, რომელსაც პაოლო იაშვილმა ლექსიც მიუძღვნა. მათი ბაბუა იყო ცნობილი სამხედრო ფიგურა, მამა კი ბათუმის გუბერნატორი გახლდათ.

ირაკლი თორაძე, დავით გიგაური, მდივანების საგა, Mdivani Saga, David Gigauri
ირაკლი თორაძის ნახატი, 1921 წელი

მდივანების რეპუტაციის ნაწილია სიმდიდრე, სკანდალები, რომანები. წიგნი ამ თემებზე კონცენტრირდება, თუ ოჯახის შიდა დინამიკასა და წევრებს შორის ურთიერთობებზე გვიყვება?

ეს ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ზედაპირზე მათი ამბავი სენსაციური აღმასვლისა და დრამატული ვარდნების, მოგებული და დაკარგული მილიონების, სკანდალებისა და ფუფუნების ისტორიას ჰგავს. რეალურად მდივანების ამბავი ოთხ კონტინენტზე განაწილებული ოჯახის საგაა, თანმდევი თერთმეტი ქორწილით, შვიდი განქორწინებითა და ხუთი გარდაცვალებით. მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახის კვლევა დავიწყე და აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არქივებს მივაკითხე, სადაც პირად წერილებსა და მიმოწერებზე წვდომა მოვიპოვე, დავინახე როგორი განსხვავებული იყო პრესის მოყოლილი ისტორია სინამდვილისგან. ამ ბრწყინვალე ფასადის მიღმა იმალებოდა ტრაგიკული რეალობა – ამბავი გადარჩენის, იმედისა და იმ სახლის დაუსრულებელი ძიებისა, რომელსაც ისინი რევოლუციამ დააშორა. გავეცანი ყველა მასალას, რომელიც მათ ცხოვრებაში მონაწილე ადამიანებს ეხებოდა, ასევე გაზეთების არქივებს და ჩავატარე ინტერვიუები მათ ნაცნობებთან. ასე რომ, ეს წიგნი ნამდვილად არ არის სენსაციებზე ორიენტირებული ნაშრომი, უფრო მეტად ოჯახის პირადი ისტორიაა.

The Marrying Mdivanis, მდივანების ოჯახი, დავით გიგაური, მდივანების საგა, Mdivani Saga, David Gigauri

როგორ ფიქრობთ, რა ხდის ამ ოჯახის ისტორიას 21-ე საუკუნეში აქტუალურს?

იმ ფაქტის გარდა, რომ ეს არის ისტორია ხუთ და-ძმაზე, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ფიგურების ცხოვრებას შეესისხლხორცნენ, თანამედროვე პერიოდთან პარალელები ამ ამბავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მასმედიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მდივანების საზოგადოებრივი აღქმისა და რეპუტაციის ჩამოყალიბებაში. პრესის მუდმივმა ყურადღებამ მათ ისეთი სოციალური სტატუსი შეუქმნა, როგორიც საზოგადოებისთვის უცხო იყო და მათი სახელები საყოველთაო გახადა. წიგნი მკვეთრ პარალელებს ავლებს ცნობილ ადამიანთა თანამედროვე კულტურასთან. აქ ვიკვლევთ იმ ბეწვის ხიდს, რომელზეც გავდივართ, როცა ვფიქრობთ, თუ ვინ ვართ სხვების თვალში, როგორ ვხატავთ საკუთარ თავს, ვინ გვინდა რომ ვიყოთ და ამ ყველაფრის მიღმა, ან ვინ ვართ რეალურად. მდივანებმა შექმნეს ეპოქა, სადაც ისტორია უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე სიმართლე და მჯერა, რომ ჩვენ ახლა სწორედ ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ.

ზევით