კავკასიონის მიუწვდომელი წერტილებიდან შავი ზღვის სიღრმეებამდე, საქართველოს კონტრასტული და უნიკალური ბუნების შეცნობას ერთი სიცოცხლე არ ეყოფა. საოცარი არქიტექტურის, ხუროთმოძღვრებისა თუ პეიზაჟების უკან დიდი ისტორია და დაუწერელი მოგონებები იმალება. ფოტოგრაფია კი აწმყოს და წარსულის დანატოვრის ასახვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ დღეს ფოტოგრაფების მიერ დანახულ საქართველოს გაგაცნობთ.
სამყაროს სიდიადის შესაცნობი ფორმულა ზღვის დონიდან 1740 მეტრზე, ყაზბეგის მთებისა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერას შეიცავს. ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი სტეფანწმინდაში მოგზაურობის შემდეგ წერს: "ვუყურებ ყაზბეგს. თავბრუ მეხვევა, თითქოს მოვწყდი მიწას, თითქოს გრიგალმა ამიტაცა, წავედი მაღლა-მაღლა და ღმერთის პირისპირ აღმოვჩნდი. მაყრუებს მჟღერი სიჩუმე, მესმის მხოლოდ ქარის ზუზუნი, ღრუბლები დაბლა დაცურავენ, ახლოს ვერ მისულან მწვერვალთან. ადრეც ვყოფილვარ მთებში, მინახავს ჰარდანგერი, იოტუნჰეიმენი, ბავარიის ალპები და კოლორადო და ბევრი სხვა მთაც, მაგრამ არსად მიგრძნია, რომ ფეხქვეშ მიწა გამომცლოდეს, აქ კი ვიგრძენი...".
"ფიქრზე ერთგულ არაფერ, არ გუჩენავ უფალს... ფიქრით ცა-მყარს შემიფრენ, იმედს მიხვევ მფუთავს" - ეს ფრაზა, ეთერ თათარაიძის ლექსიდანაა, სახელად "გვრიტო". საქართველოს მთებში ბევრი მწერალი და პოეტი გაზრდილა. თოვლით შემოსილი მწვერვალები ქართველი ფოტოგრაფებისთვისაც ფიქრისა და ფანტაზიის უსაზღვრო წყაროა. მთებს თანდაყოლილი დიდებულება მოსდევთ, რომელიც ისეთ კვალს ტოვებს სულზე, რომ ნანახით გამოწვეული ემოციების დავიწყება რთულია. თუ ერთხელ მაინც გაიგებ მთის ძახილს, ერთხელ მაინც შეავლებ თვალს ფერდობებსა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, რა დროც არ უნდა გავიდეს, თვალების დახუჭვაც კი საკმარისია ეს კადრი რომ აღიდგინო. ზაქარია ჭელიძის ფოტოების თვალიერებისას თუ ეთერ თათარაიძისა და ვაჟა-ფშაველას ლექსების კითხვისას, ქართული მთების სიძლიერე და მკაცრი მაგრამ სტუმართმოყვარე ხასიათი მარტივად შეცნობადია.
აჭარის მთები და ამ რეგიონის უნიკალური ცხოვრების წესი ნათელა გრიგალაშვილის ობიექტივმა შემოინახა. ნათელას ფოტოებზე აღბეჭდილია მთიანი ზონა, იზოლაციაში მცხოვრები ხალხი, ვისთვისაც ტრადიციები და ადათ-წესები 21-ე საუკუნეშიც უცვლელი რჩება. აჭარაში ყველაზე მაღლა დასახლებული ადგილი ხულო და ღორჯომის ხეობაა. ნათელა გრიგალაშვილმა საქართველოს დასავლეთის მთიანეთში მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობა ბარში ჩამოიტანა. განსაკუთრებით საინტერესო კი ფერადი კაბებით სოფლის საქმეებზე მიმავალი ქალების პორტრეტებია.
ბავშვობაში, ზღვაზე წასვლის წინ მშობლები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ თუ ძალიან კარგი ამინდი დაგვხვდებოდა, სანაპიროდან კავკასიონის ქედის მწვერვალებს დავინახავდით. ბუნების დირიჟორობით, საქართველოში ზღვა და მთა ერთმანეთს ხვდება. ზღვისპირა ქალაქები არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ფოტოგრაფებისთვისაც მიმზიდველია. მათ ფოტოებზე აღბეჭდილია თუ როგორ ეფიცხება მზეს დასასველებლად ჩამოსული ხალხი, ან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ადგილობრივები ზაფხულის სიცხისგან ცივ წყალში როგორ თავისუფლდებიან. ეს ფოტო კი აფხაზეთშია გადაღებული და ნორვეგიელი ფოტოგრაფის შემოქმედებას წარმოადგენს.
იონას ბენდიკსენი ომიდან 12 წელიწადში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა და იქაური ცხოვრება ფირზე აღბეჭდა.
"ჩემი ყველა პროექტის იდეა ჩნდება იმ კითხვებიდან, რომლებიც მოცემულ დროს საზოგადოებასთან დაკავშირებით მიჩნდება. და ხშირად [გადასაღებად] ვპოულობ სოციუმს, რომელიც რაღაცის ზღვარზე იმყოფება, ან ადამიანს, რომელიც მეინსტრიმის მიღმაა" - იონასი.
ერთ-ერთი ასეთი ძიებისას ნორვეგიელი ფოტოგრაფი ოკუპირებულ აფხაზეთს, ომიდან 12 წლის შემდეგ მიადგა. იონასის ფოტოების სერია აფხაზეთის ორ უკიდურეს მხარე ასახავს. ერთია დაბომბილი ბინები, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი შენობები და მეორეა გრანდიოზული ზღვისპირა სასტუმროები.
ეს ფოტო ვახო ხეთაგურმა საქართველოს სანაპიროზე, 2013 წელს გადაიღო. ქართველი ფოტოგრაფის თქმით, კამერა ფარს ჰგავს, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ სიტუაციაში აიფარო და დაძაბულობისგან, საფრთხისა თუ უხერხულობისგან გათავისუფლდე. ვახო ხეთაგურმა ფოტოების სერია სახელად "ცხოვრება რელსებზე" 2012 წელს დაიწყო. ის მოგზაურობდა მატარებლით, იცნობდა ადამიანებს და მათ განსხვავებულ, უნიკალურ ყოფას შავ-თეთრ ფირებზე აღბეჭდავდა.
ეს კი პანკისის ხეობაშია გადაღებული. საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთში ჟულიენ პებნელმა იმოგზაურა. ჟულიენი თბილისსა და პარიზში ცხოვრობს და წლებია ქართულ მრავალშრიან საზოგადოებას იკვლევს. ფოტოზე მოხუცი ქალბატონები არიან, რომლებიც სუფიური რიტუალის ჩატარებას ცდილობენ.
ჩვენი ფოტოგრაფიული მოგზაურობა დედაქალაქით უნდა დავასრულეთ. თბილისი ფოტოგრაფებისთვის თავისი მოდერნული და ისტორიული სიძველის ნაგებობებით საოცნებო ქალაქია. ეს არის ადგილი, სადაც აწმყო წარსულს ხვდება და მომავლისკენ მოძრაობას არ წყვეტს.
ცის ჰორიზონტზე თბილისის ანძა მოჩანს. ტრადიციისა და პროგრესის შერწყმის სიმბოლო ქალაქს მთაწმინდიდან გადმოჰყურებს.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.