#მუსიკა

საბრინა კარპენტერის ახალი მუსიკალური კლიპი ჯენა ორტეგას მონაწილეობით

გაზიარება:

საბრინა კარპენტერის მესამე სტუდიური ალბომი, "Short n’ Sweet" 23 აგვისტოს გამოვიდა და მისი წყალობით ჩვენი ზაფხულის ფლეილისთი კიდევ უფრო ენერგიული გახდა. გამოსვლიდან მალევე, სინგლები, "Espresso" და "Please Please Please" იბრძოდნენ Billboard 100-ის სიაში პირველი ადგილისთვის. ახლა კი, მესამე ნამუშევრის, "Taste"-ის დრო დადგა.

Sabrina Carpenter, საბრინა კარპენტერი

უახლესი მუსიკალური კლიპი "Taste" ყოფილ შეყვარებულზე (რომელსაც უკვე ახალი სიყვარულის პოვნაც მოუსწრია) შურის საძიებლად ყველაფერზე წამსვლელ ქალზე მოგვითხრობს.

ჯენა ორტეგა, საბრინა კარპენტერი, როჰან კემპბელი
ჯენა ორტეგა, საბრინა კარპენტერი და როჰან კემპბელი. ფოტო: საბრინას Facebook გვერდი

ყოფილისა და მისი ახალი შეყვარებულის როლს ჰოლივუდის მსახიობი როჰან კემპბელი და თვით “Wednesday” - ჯენა ორტეგა ასრულებენ. საბრინასა და ჯენას სასიკვდილო და სისხლიან ომს ფონად მომღერლის ნაზი ხმა გასდევს და საოცარ კონტრასტს ქმნის. მთელი კლიპი კი, კომედიური საშინელებათა ფილმის ტრეილერს ჰგავს.

Taste, საბრინა კარპენტერი, ჯენა ორტეგა
ფოტო: საბრინას Facebook გვერდი

კლიპის რეჟისორი დეივ მეიერსი გახლავთ, რომელსაც არიანა გრანდესთან, ჰარი სტაილსთან, ბილი აილიშთან, კენდრიკ ლამართან და სხვა საკულტო მომღერლებთან თანამშრომლობის ისტორია აქვს. მეიერსს მუსიკალური კლიპებისთვის არაერთი ჯილდოც აქვს მოპოვებული. “Taste”-ის შექმნისას შემოქმედებითმა ჯგუფმა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფილმებიდან აიღო ინსპირაცია.

“Death Becomes Her”

Death Becomes her, მერილ სტრიპი, გოლდი ჰოუნი, Taste, საბრინა კარპენტერი

საბრინას ახალი სიმღერის კლიპის შინაარსი 1992 წლის ოსკაროსან ფილმს ესადაგება და რამდენიმე სცენა პირდაპირ მხატვრული ნამუშევრიდანაა გადმოტანილი. “Death Becomes Her” რობერტ ზემეკისის სატირაა, რომელშიც მერილ სტრიპისა და გოლდი ჰოუნის პერსონაჟები მოსისხლე მტრებად გადაიქცევიან და ერთი კაცისთვის სისხლიან, თუმცა სახალისო ბრძოლაში ჩაებმებიან. "Taste"-ი დაკრძალვის სცენასთან ერთად, იმ კადრსაც იმეორებს, სადაც კარპენტერი მუცელში უზარმაზარი ხვრელით დგას ფეხზე.

კლიპში, ისევე როგორც ფილმში, ორი ქალი რამდენჯერმე კვდება და ცოცხლდება. ყოველი მომდევნო სიკვდილის სცენა კი უფრო ფატალური და, ამავდროულად, სახალისოა.

“Ginger Snaps”

Ginger Snaps, Taste, საბრინა კარპენტერი

2000 წლის ფანტასტიკურ ფილმში, "Ginger Snaps" ორი დის ცხოვრება ერთ ღამეს, გაურკვეველი ცხოველის ნაკბენის შედეგად თავდაყირა დგება. ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგოს, ჯინჯერის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მაშინ, როცა აღმოაჩენს რომ მაქციად გადაიქევა შეუძლია. "Taste"-ის ერთ-ერთ კადრში საბრინა ღობეზეა ჩამოცმული და სისხლისგან დაცლის დროს ჯენა ორტეგას შუა თითს უჩვენებს, ზუსტად ისე, როგორც ამას ფილმში ჯინჯერი აკეთებს.

“Kill Bill: ნაწილი 1"

Kill Bill, ჯენა ორტეგა, Taste, საბრინა კარპენტერი

ჯენა ორტეგა კლიპის ერთ-ერთ სცენაში ტარანტინოს მკვლელ მედდას აცოცხლებს. მაშინ, როცა კარპენტერს ჰგონია, რომ მოწინააღმდეგე თავიდან მოიშორა, ჯენა Daryl Hannah-ს კოსტიუმში გამოწყობილი გვეცხადება და საბრინას სახიდან გამარჯვებულის სიცილს აშორებს.

“Psycho”

საშინელებათა ფილმებიდან რეფერენსების მოგროვების დროს, ჰიჩკოკი რასაკვირველია არავის დავიწყებია. კლიპში გაცოცხლებულია "Psyco"-ს საკულტო სცენა, სადაც ბეიტსის მოტელში, შხაპის მიღების დროს, პროტაგონისტი მარიონ კრეინი ნორმალ ბეიტსის მოქნეული დანის ქვეშ ექცევა.

“Addams Family Values”

ვიდეო რგოლში, ბუმბულებით მორთულ თეთრ სამოსში გამოწყობილი საბრინა ინსპირაციას დები ჯელინსკის პერსონაჟიდან სესხულობს. “Addams Family Values”-ის პერსონაჟი, დები ყოფილი ქმრების სერიული მკვლელია, რომელიც მემკვიდრეობის მისაღებად ჯერ ბიძია ფესტერზე ქორწინებას, შემდეგ კი მის მოკვლას გეგმავს.

საბრინა კარპენტერი, ჯენა ორტეგა, Taste
ფოტო: საბრინას Facebook გვერდი

მთლიანი კლიპი კი ჰოლივუდის საშინელებათა ფილმების საინტერესო და გემოვნებიანი ნაზავია. ამასთანავე, შეყვარებულის როლზე როჰან კემპბელის შერჩევა იდეალური გადაწყვეტილება იყო, რადგან მსახიობი ფილმში “Halloween Ends” მსოფლიოში ყველაზე ტოქსიკურ ბოიფრენდს, კორი კანინგჰემს განასახიერებს. ჯენა ორტეგა კი, "Wednesday"-ის როლის დამსახურებით თაობა Z-ის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია.

ზევით