#მხატვრობა

"საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე" - გამოფენა საბჭოთა საქართველოს რეალობაზე

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

გამოფენა სახელწოდებით “საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე” 11 მხატვრის შემოქმედებას ასახავს. მათი ნამუშევრები საბჭოთა ეპოქის სხვადასხვა პერიოდს ეხმიანება და იმდროინდელ საქართველოში ერთგვარ პროტესტის ფორმას წარმოადგენდა. მათ ტილოებზე ასახულია რეალობა, რომლის განუყოფელი ნაწილიც გაუთავებელი რეპრესიები, სსრკ-ს ტოტალიტარული რეჟიმის შედეგები და ხალხის პროტესტი იყო. ექსპოზიციის მთავარი მიზანი საბჭოთა მემკვიდრეობაზე საუბარი და პოსტ-საბჭოთა ეპოქის უკეთესად დანახვაა.

გამოფენილი ნამუშევრების ავტორების სიაში გვხვდება ქეთევან მაღალაშვილი, ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორი, რომლის ნამუშევრებიც სოცრეალისტურ ტრადიციებს მიჰყვებოდა.

ექსპოზიცია ქრონოლოგიურად მიჰყვება ქართული მხატვრობის მოდერნიზაციისა და არტისტული პროტესტის ფორმების დამკვიდრების პროცესს.

ჯიბსონ ხუნდაძე,აბსტრაქციონიზმი,რაჭა
ჯიბსონ ხუნდაძე, რაჭა, სოფელი ხეითი, 1960წ.

ხრუშჩოვის “დათბობის” ეპოქის შემდგომ პერიოდში ჯიბსონ ხუნდაძემ სრულიად უკუაგდო სოციალისტური მხატვრობის ელემენტები და ევროპული მიდგომები შემოიტანა. იგი ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც პეიზაჟის რეალისტური, გამოსახვა აბსტრაქტულით ჩაანაცვლა.

შურა ბანძელაძე,აბსტრაქციონიზმი,ქართული ხელოვნების მუზეუმი,
ალექსანდრე "შურა" ბანძელაძე

აბსტრაქციონიზმის შემდეგი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე გახლდათ. მხატვრის მამა რევოლუციონერობის გამო საბჭოთა მთავრობამ ციმბირში გადაასახლა, სადაც ალექსანდრე დაიბადა. ხუთი წლის ასაკში მისი ოჯახი საქართველოში ბრუნდება. იგი გამოირჩეოდა ტოტალიტარული რეჟიმისა და სისტემის კრიტიკით და არავის გაჰკვირვებია, როდესაც მისი პოზიციის გამო სამხატვრო აკადემიიდან გარიცხეს. აბსტრაქციების ხატვასთან ერთად ილუსტრაციების შექმნით იყო დაკავებული და როგორც ცნობილია მას “ვეფხისტყაოსნის” არაერთი ილუსტრაცია ეკუთვნის. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი ეთმობოდა საეკლესიო მხატვრობას და ხელოვანი ამითაც უპირისპირდებოდა საბჭოთა ათეისტ მთავრობას.

საბჭოთა იდეოლოგიასთან მუდმივ წინააღმდეგობაში იყვნენ მხატვართა გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ნონკონფორმისტებს უწოდებდნენ. მათ შორის იყვნენ თემო ჯაფარიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, სერგო ფარაჯანოვი და ვოვა კანდელაკი.

ბანქოს სახლი,ვოვა კანდელაკი,საბჭოთა მხატვრობა
ვოვა კანდელაკი, ბანქოს კოშკი-სახლი. 1983. ტილო, ზეთი

ვოვა კანდელაკი 70-იანების გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მისი შემოქმედება მოიცავს ტრადიციულ ქართულ ელემენტებსა და საბჭოთა მოტივებს, რითაც უნიკალური ტიპის ეთნო-სიურრეალიზმს ქმნიდა ქართულ მხატვრობაში. 1969 წლიდან 1990 წლამდე იგი სსრკ მხატვართა კავშირის წევრი იყო. 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს, ხოლო 1993 წელს იუნესკოს ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა. მისი ნახატი ბანქოს სახლი კონცეპტუალურად საბჭოთა რეჟიმის სისუსტესა და მოსალოდნელ ნგრევას ასახავს. ბანქოს კარტებით აშენებული კონსტრუქციაც საბჭოთა სისტემასავით სუსტია და ერთი შებერვით შეიძლება მთლიანად ჩამოინგრეს.

საიდუმლო სერობა,ოთარ ჩხარტიშვილი,საბჭოთა მხატვრობა
ოთარ ჩხარტიშვილი, საიდუმლო სერობა, 1983, ასამბლიაჟი

ოთარ ჩხარტიშვილის წამყვან ნონკონფორმისტად ითვლებოდა. ავტობიოგრაფიაში იგი საკუთარ როლზე თავად საუბრობს : „1960-იანი წლების ბოლოდან 1990 წლამდე ვზიდე ანტისაბჭოთა მხატვრის ჯვარი და ამიტომ ჩემი ხელოვნება ტოტალიტარიზმისა და ათეიზმის წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გახდა”. მისი ბიბლიურ სცენაზე დაფუძნებული ნამუშევარი საიდუმლო სერობა პარალელს ავლებს საბჭოთა რეჟიმის თანმდევი ღალატის, ადამიანების გაწირვის მექანიზმთან. მის ერთ-ერთ ნამუშევარზე ოთარ ჩხარტიშვილის ბიოგრაფია საბჭოთა რეპრესიების, საბჭოთა უბედურების ფონზეა გადმოცემული. ერთად მოქცეულია მისი და მისი ოჯახის წევრების ბავშვობისა თუ ახალგაზრდობის ფოტოები, რომელთაც ზემოთ მავთულხლართები გასდევს. მავთულხლართები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მიერ მომწყვდეულ საქართველოს გამოხატავს.

მავთულხლართებში გახვეული არიან რიგითი ადამიანები, რომელთაც სისტემამ პირადი, აზრები, ცხოვრება და ინდივიდუალიზმი წაართვა, ბორკილებში მოაქცია.

ირაკლი ფარჯიანი,საბჭოთა მხატვრობა,ჯვარცმა,ნახატი,გამოფენა
ირაკლი ფარჯიანი, ჯვარცმა, 1985წ. 

ეროვნულ-რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნახატებით ტოტალიტარულ სისტემას ასევე უპირისპირდებოდნენ 80-იანების თაობის ორი წარმომადგენელი ირაკლი ფარჯიანი და ლევან ჭოღოშვილი. ირაკლი ფარჯიანი იმ ხელოვანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელმაც წარსულის ელემენტებით ახალი პოსტმოდერნისტული მხატვრობა შექმნა. მისმა შემოქმედებამ მეოცე საუკუნის სიბნელისა და უიმედობის ფონზე მაინც შეინარჩუნა იმედიანობა და სიყვარული. გამოფენაზე ირაკლი ფარჯიანის “ჯვარცმას” მოკრავთ თვალს, რომელიც ფერმკრთალი სილუეტით ასახავს ქრისტეს ჯვარცმის სცენას.

ოლეგ ტიმჩენკო,მხატვრობა,ტიმჩენკოს ნახატები,გამოფენა
ოლეგ ტიმჩენკო

ექსპოზიციაზე თანამედროვე, პოსტ-საბჭოთა საქართველოს პერსპექტივიდან დანახული ნამუშევრებიცაა წარმოდგენილი. ისეთი მხატვრების როგორებიც ოლეგ ტიმჩენკო და ტატო ახალკაციშვილი არიან. ოლეგ ტიმჩენკო ერთ-ერთი წევრია 1980-იანი წლების დასასრულისა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოქმედი ავანგარდული ჯგუფის, რომელიც “X სართულის” სახელითაა ცნობილი. ამ ჯგუფის პოსტ-მოდერნისტული მიდგომა და მისი ასახვა ხელოვნებაში “პერესტროიკის” პერიოდში დაიწყეს, რომელიც საბჭოთა სისტემის ცვლილებებისკენ მიმართულ ეპოქად ითვლება. მაშინდელი ქართველი საზოგადოება არ იცნობდა არტისტული პროტესტისა და პერფორმანსის ფორმებს და აბსტრაქტულ მხატვრობასთან მხოლოდ დისიდენტურ მოძრაობებს აკავშირებდა. ტიმჩენკო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხელოვნების ეს ფორმა წარუდგინა ქართველ ხალხს. მისი მხატვრობა ხშირად აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს ეხებოდა. იგი არტისტულ-კონცეპტუალურ შემოქმედებას მისთვის დამახასიათებელი მსუბუქი იუმორით გამოხატავდა.

გამოფენაზე ასევე ლენინის ბიუსტია წარმოდგენილი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს საბჭოთა კავშირის ვიზუალური კონცეფციის აღქმას.

სხვადასხვა თაობისა და ხედვების მქონე არტისტების ერთ ექსპოზიციაში თავმოყრა ქრონოლოგიურად ორგანიზებულ სურათს გვიხატავს, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ სუსტდება საბჭოთა რეჟიმის გავლენა არა მარტო ხელოვან ადამიანებზე, არამედ მთელ საზოგადოებაზე. ეს ყველაფერი კი როგორ ასახავს მომავლის წინასწარმეტყველებას: საბჭოთა იმპერიის ჩამონგრევას. სწორედ ხელოვნების სხვადასხვა დარგებში გამოხატული პროტესტის საბოლოო წერტილად აღიქმება 9 აპრილი, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის, საბჭოთა მარწუხებიდან თავის დახსნის დღედ მიიჩნევა. გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 10 აპრილიდან 28 აპრილამდე იქნება სტუმრებისთვის ღია.

ზევით