რომან დოლიძემ UFC 307-ზე ამერიკელი კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა და ქართველ მებრძოლს ყველასგან მოულოდნელად შავი ქამარიც შემოახვიეს წელზე. 36 წლის რომან დოლიძე წლებია UFC-იში საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს.
2024 წელი ქართველი მებრძოლებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა - ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი და რომან დოლიძე თავიანთ კატეგორიებში მოწინავე ათეულში არიან.
რომან დოლიძე ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. სპორტი, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი სპორტული კარიერა კი, ფეხბურთით დაიწყო. 22 წლის რომანი უკრაინაში გემთმშენებლობის ინჟინერიის სასწავლად წავიდა და პარალელურად მეკარის პოზიციაზე თამაშობდა. შემდეგ კი, ჭიდაობას მიჰყო ხელი და მალევე მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა.
რომანი 28 წლის ასაკში უკვე კარიერის იმ გზას დაადგა, რომელმაც იგი UFC-იმდე მიიყვანა. რინგზე მაინც ყოველთვის ეტყობა რომ ყოფილი მოჭიდავეა. ბათუმელი სპორტსმენი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაზე თავისუფალი სპორტის ამ სახეობაშია, რადგან ეს ინდივიდუალური სპორტია და რინგზე ასვლამდე თუ ასპარეზობის მომენტში, თამაშის ბედი სრულიად მებრძოლის ხელში რჩება.
ეს გამარჯვება რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 იყო, ხოლო უშუალოდ UFC-იში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია. რომანის მოწინააღმდეგემ ბრძოლა ნეკნის მოტეხილობით დაასრულა. რახან შერკინება მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, საბოლოო შედეგმა პრესაში და გულშემატკივრების რიგებში უკმაყოფილო რეაქციები გამოიწვია. თავად რომანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამარჯვება გამარჯვებაა და შეჯიბრის განმეორებით ჩანიშვნის მიზეზს ვერ ხედავს, შავი ქამრის მოპოვება კი, მისთვისაც სიურპრიზი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ რომანი ერთადერთია UFC-ის ქართველი მებრძოლებიდან, რომელიც სისტემატურ ვარჯიშებსა და მომზადებას საქართველოში გადის. გუშინდელ ბრძოლას წინა რიგიდან თვალს ადევნებდა ჩემპიონის ქამრის მფლობელი, მერაბ დვალიშვილი.