ოლიმპიური თამაშები უკვე მედლებს არიგებს, ჩვენ კი ისევ გახსნით ცერემონიალზე ვსაუბრობთ. ფრანგული პერფორმანსის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის აზრები ორად გაიყო. მსოფლიოს ნაწილი ფრანგ ორგანიზატორებს ქრისტიანობის შეურაცხყოფასა და დაცინვაში ადანაშაულებს, ნაწილი კი მათ თავგამოდებით იცავს. მოდით, ერთად გავარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში.
“საიდუმლო სერობა” დრეგ ქვინების შესრულებით თუ…
გახსნის ცერემონიის ყველაზე განხილვადი მომენტი ფრანგი რეპერის, Rim’K-ის შესრულება გახლდათ, რომლის შემდეგაც ეკრანებზე წარწერა “Festivité” გამოჩნდა, რაც ქართულად ზეიმს ნიშნავს. კადრის ცენტრში ფრანგი დიჯეი ბარბარა ბუტჩი მოექცა, რომელიც LGBTQ+ თემის წარმომადგენელი და აქტიური მხარდამჭერია. ეიფელის კოშკთან ახლოს, Debilly Bridge-ის მთელ სიგრძეზე პოდიუმი იყო გადაჭიმული. როდესაც კამერები ბარბარასა და მის გვერდით მდგარ მონაწილეებს დაშორდა, გამოჩნდა, რომ პოდიუმის ორივე მხარეს მოცეკვავეები პოზიორობდნენ. ღონისძიების ეს ნაწილი ფრანგული მოდის, მრავალფეროვნებისა და ცეკვისადმი იყო მიძღვნილი. პოდიუმზე ყველა სქესის, გენდერის, ასაკისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანი იყო წარმოდგენილი. მათ სხვადასხვა თემისა, თუ ქვეყნის ინსპირაციით შექმნილი სამოსი ეცვათ. სცენაზე გამოჩნდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. გამორჩეული იყო დრეგ ქვინების ცეკვა, რამაც ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საბოლოოდ ცერემონიის ეს ნაწილი ფრანგი მომღერლისა და მსახიობის, ფილიფ კატერინის გამოჩენით დასრულდა.
ფილიპი ძველბერძენ ღმერთ - დიონისეს განასახიერებდა. დიონისე, იგივე ბახუსი მევენახეობის, მეურნეობის, ზეიმის ღმერთია. მის საპატივცემულოდ ძველ საბერძნეთში ბაკქანალია იმართებოდა. ეს არალეგალური, შემდეგ აკრძალული დღესასწაული გახლდათ, რომელსაც ყველა სქესის, ასაკისა და სოციალური კლასის ადამიანი ესწრებოდა. ასე რომ, ოლიმპიადის ცერემონიაზე ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა” არაფერ შუაშია. გახსნითი ღონისძიების კრეატიულ დირექტორს, ტომას ჯოლის ბერძენი ღმერთის, დიონისეს ღრეობის გაცოცხლება სურდა.
"ცხადია, ჩვენი განზრახვა არ ყოფილა, რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა გამოგვეხატა. გახსნით ცერემონიალზე საზოგადოების ტოლერანტულობის წარმოჩენა გვსურდა. ვთვლით, რომ ეს მიზანი მიღწეულია. თუ ვინმემ ეს ყოველივე შეურაცხყოფად მიიღო, ამისთვის ძალიან ვწუხვართ" - განაცხადა პარიზი 2024-ის სპიკერმა, ენ დეკამპმა.
უნდა აღინიშნოს, რომ "საიდუმლო სერობის" თეორიის წახალისებაში ისევ დრეგ ქვინებს მიუძღვით წვლილი. ცნობილმა ფრანგმა დრეგ ქვინმა, Le Filip-მა თავის ინსტაგრამ სთორიზე “საიდუმლო სერობისა” და ცერემონიალის კადრის კოლაჟი გააზიარა. X-ზე, ფეისბუქსა თუ ინსტაგრამზე ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების შეშფოთების გამომხატველი კომენტარები გამოჩნდა. კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე პარტიის წევრები კი მსოფლიოს საზოგადოებას მიმართავენ, რომ ეს ღონისძიება არა საფრანგეთის, არამედ მემარცხენე უმცირესობის სახე იყო.
"ჩემს ნამუშევრებში ვერასდროს იპოვით ვინმეს დაცინვის ან შეურაცხყოფის სურვილს. მსურდა ისეთი ღონისძიება შემექმნა, რომელიც ხალხს გააერთიანებდა და რესპუბლიკურ ღირებულებებს - თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობასაც გამოხატავდა". - ასე პასუხობს კრიტიკას ტომას ჯოლი.
იმის მიუხედავად, რომ ორგანიზატორების თქმით, "საიდუმლო სერობა" დადგმის ინსპირაცია არ ყოფილა, რელიგიური ასოციაცია მაინც გაჩნდა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა საჯარო განმარტებების გაკეთება საჭიროდ ჩათვალეს და ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც ღონისძიების ეს ნაწილი შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ბოდიშიც მოუხადეს.
მარი ანტუანეტა Gojija-ს ფონზე
ღონისძიების ორგანიზატორები მხოლოდ რელიგიურ სკანდალში არ გახვეულან. კრიტიკა დაიმსახურა როკ ბენდის მიერ, კონსერჟერიასთან გამართულმა შოუმაც. წითელ კაბებში გამოწყობილი ქალები, რომლებსაც ხელში სისხლიანი თავი ეჭირათ, სწორედ იმ შენობის ფანჯრებიდან იცქირებოდნენ, რომელშიც საფრანგეთის დედოფალი რევოლუციის დროს იყო დაპატიმრებული. პატიმრობიდან მალევე, მარი ანტუანეტას ქმართან, ლუი XVI-სთან ერთად გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ სიკვდილის მანქანის, გილიოტინის განდიდებას არ ვცდილობდით" - განაცხადა ტომას ჯოლიმ.
სიკვდილით დასჯა რომ ამორალური და არაკანონიერია, ამაზე მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთიც თანხმდება, თუმცა მარი ანტუანეტას ამბავი საფრანგეთის რევოლუციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტში ისტორიის უდიდესი ნაწილი იყო. თანაც, Gojira-მ "Ah! Ça Ira" შეასრულა. ეს სიმღერა საფრანგეთის რევოლუციის დროს გაჩენილ ფრაზაზეა შექმნილი და მას "Ah! Ça Ira" რეფრენად გასდევს. ის ნელ-ნელა რევოლუციონერთა არაოფიციალურ ჰიმნად ჩამოყალიბდა. როკის მოყვარულები კი საფრანგეთს გამბედაობასა და მაღალი ხარისხის შოუს უწონებენ.
სენაზე “მორბენალი სიკვდილი”
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონაწილე პარიზის მთავარი მდინარის ქალღმერთი, Sequana გახლდათ. ის ოლიმპიურ სულსა და მდინარის მნიშვნელობას განასახიერებდა. X-ზე გავრცელებულ კომენტარებში ხალხი ბიბლიასთან კავშირზე საუბრობს. მათი თქმით, ბიბლიის მიხედვით, "ფერმკრთალი ცხენი" სიკვდილის განსახიერებაა. ეს კი (განსაკუთრებით "საიდუმლო სერობის" შემდეგ) ქრისტიანულმა საზოგადოებამ მორიგ დაცინვად და შეურაცხყოფად მიიღო.
თუ სიტუაციას "მსუბუქად" მივუდგებით და ინტერნეტ მომხმარებელს დავუჯერებთ, სენაზე არა სიკვდილი, არამედ მუსიკალური კლიპიდან გადმოსული ბიონსე მოაჭენებდა ცხენს. If you know, you know!
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.