| ანა ციხელაშვილი |
ციფრულ სამყაროში, სადაც სოციალური ქსელებია გაბატონებული, ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ წიგნების ჩანაცვლება ჯერ კიდევ შორეული მომავალია. თაობა Z-ის კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ამიტომ The Diary-ის რედაქცია მათ წიგნების თაროს დაგათვალიერებინებთ. და თუ ახალ საკითხავს ეძებდით, შეგიძლიათ ქართველი ახალგაზრდების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ.
ნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილის მწერლობამ მსოფლიოს ტალღასავით გადაუარა. საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, გერმანიაში მოღვაწე მწერალი საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს. ნინო ხარატიშვილი ჩვენი ქვეყნის ფესვგადგმულ, ისტორიის ხლართებში მოქცეულ სოციალურ და პოლიტიკურ თემებს იკვლევს, ქალების ცხოვრებაზე მოგვითხრობს და ეპიკური ნარატივებით გვათრობს. თაობა Z რეკომენდაციას ნინოს შემდეგ ბესტსელერებზე გასცემს: "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)", "კატა და გენერალი" და "უკმარი სიცოცხლე".
სასიხარულო ფაქტია, რომ ახალგაზრდები ქართველი ქალი მწერლების წიგნებს აქტიურად კითხულობენ. ნინო ხარატიშვილთან ერთად, პოპულარულია თამთა მელაშვილის ბესტსელერი "შაშვი, შაშვი მაყვალი" და თუ ყველაფერი ეს უკვე წაკითხული გაქვთ, მაშინ ანა კორძია-სამადაშვილის წიგნების თაროს შეავლეთ თვალი. თაობა Z "ზინკა ადამიანის" დიდი მოყვარულია.
ყიდვა
ჯემალ ქარჩხაძე
თაობა Z მე-20 საუკუნის ბუმბერაზი მწერლის, ჯემალ ქარჩხაძის ფილოსოფიური ელფერით, ეგზისტენციალური კითხვებითა და მორალური დილემებით გაჟღენთილ სტრიქონებზეა შეყვარებული. რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდები პიროვნულ თავისუფლებაზე, ინდივიდუალიზმზე, ინტროსპექციულ ნარატივებზე კითხულობენ, ისინიც ხომ ჯემალ ქარჩხაძის პერსონაჟებივით სამყაროში თავიანთ ადგილს ეძებენ. Gen Z-ის სულზე განსაკუთრებით წარუშლელ კვალს რომანები "ზებულონი" და "ანტონიო და დავითი" ტოვებს.
ყიდვა
ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელი ხომ შეუცვლელი კლასიკაა. მისი დისტოპიები, "1984" და "ცხოველების ფერმა" თაობა Z-ის მკითხველებისთვისაც აქტუალურია. თვალთვალი, დეზინფორმაცია, ტოტალიტარული რეჟიმები და თავისუფლების შემზღუდავი მთავრობები 21-ე საუკუნეშიც არ გვიტოვებენ მოდუნების საშუალებას. ნაკითხი თაობა Z კი, მზადაა, ორუელის სცენარი წიგნის ფურცლებზე დატოვოს და რეალობაში გადმოსვლის შანსი არ მისცეს.
ყიდვა
ფიოდორ დოსტოევსკი
დოსტოევსკის რომანები - "დანაშაული და სასჯელი" და "ეშმაკნი" თაობა Z-ის წიგნების თაროზე საპატიო ადგილს იკავებს. მწერალი ნაწარმოებებში ადამიანის ფსიქოლოგიასა და მორალურ დილემებს იკვლევს. ყოველი ამბავი, რომლესაც დოსტოევსკი წიგნის ენით გვიყვება, ახალგაზრდა მკითხველისთვის ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანია, რადგან ისინიც ჭეშმარიტების ძიებაში არიან, ცდილობენ გაარკვიონ, რა არის სწორი და რა არასწორი, როგორია ადამიანის ბუნება და ამოხსნან კაცობრიობის ფსიქოლოგიის კომპლექსურობა.
ყიდვა
გაბრიელ გარსია მარკესი
თაობა Z მაგიურ რეალიზმში მოგზაურობაზეც არ ამბობს უარს და გზამკვლევად კოლუმბიელ მწერალს, გაბრიელ გარსია მარკესს ირჩევს. "მარტოობის 100 წელიწადი" და "პატრიარქის შემოდგომა" ახალგაზრდების სამაგიდო წიგნებია. მარკესის თხრობაში პირადი, ინტიმური ამბები კოლექტიურ მნიშვნელობას იძენს. თაობა Z-ის არჩევანი მოწმობს, რომ ისე არავინ გვიყვება სიყვარულის, ბედისწერის, ოჯახისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ, როგორც ამას მაგიური რეალიზმის დიდოსტატი ახერხებს.
ყიდვა
ფრანც კაფკა
ფრანც კაფკა გაუცხოების განცდასა და სიურრეალურ, კაფკაესკ სამყაროს იკვლევს. "გარდასახვა" და "პროცესი" თაობა Z-ისთვის ყველაზე ახლობელი ნაწარმოებებია. როგორც ჩანს, მწერლის ეგზისტენციალური შფოთი, სამყაროს აბსურდისგან თავის დაღწევის სურვილი და თავისუფლებისკენ სწრაფვა ახალგაზრდებისთვის ყველაზე საინტერესო ასპექტებია.
ყიდვა
თაობა Z ასევე კითხულობს:
ყიდვა
ყიდვა
ყიდვა