მაისის ბოლომდე თიბისი კონცეპტის სივრცეში ქეთი კაპანაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენა “საწამლავი წყვილისთვის” ინსპირაციას არტისტის ამავე სახელწოდების მქონე შავ-თეთრი ფოტოსგან იღებს, რომელზეც ორი ვინტაჟური სუნამოს ბოთლია გამოსახული. ექსპოზიცია ქეთი კაპანაძის შემოქმედების ადრეულ პერიოდს მიუყვება და იმ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს, რომლებიც საქართველოში პირველადაა გამოფენილი.
“საწამლავი წყვილისთვის” თიბისი კონცეპტის ორგანიზატორობით ტარდება, გამოფენის კურატორი კი თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS-ის სკოლის დეკანი, ირინა პოპიაშვილია.
გამოფენა ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს - 90-იანების კონცეპტუალურ ფოტოებს და 80-იანი წლების ნახატების სერიას, რომელიც Anima Ex Machina-ს სახელითაა ცნობილი. Anima Ex Machina ქაღალდზე და მუყაოზე შავი გუაშით შესრულებული ნამუშევრებითაა წარმოდგენილი. გუაშით დაფარულ შავი ფონზე თეთრი საღებავით დიაგრამები, ხაზები, წარწერებია გამოსახული. როგორც ავტორი ამბობს, შავი ფონი იმ სივრცეს გამოხატავს, სადაც სამყაროს ყველა ინფორმაცია ინახება, მისი გაუშიფრავი ნამუშევრებიც სწორედ ამ სიბრტყიდან გადმოდის რეალობაში.
შავ ფონს ისეთივე კონცეფცია გააჩნია, როგორიც აკაშას, რაც სანსკრიტზე ატმოსფეროს, ღია სივრცეს, ყველაფრის საწყისს ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ნახატების სერია ქეთი კაპანაძემ 80-იან წლებში შეასრულა, მისი ნაწილი დაიკარგა და ავტორმა ფოტოების დახმარებით მათი აღდგენა მხოლოდ 2003-2004 წლებში შეძლო. გამოფენაზე დამთვალიერებელს ხელოვანის რამდენიმე ფერწერული ტილოც დახვდება 2010 წლის “აკაშას ქრონიკების” სერიიდან. ქართველი მხატვარი და ფოტოგრაფი პირველი ქალი ხელოვანი იყო 1980-იანი წლების საქართველოში, რომელიც ობიექტების მნიშვნელობების, იდენტობების კვლევას, განსაზღვრას ხელოვნების მეშვეობით ცდილობდა.
“ინფორმაციას არ აძლევ და ფოტოებზე აღბეჭდილი ნივთებით ეუბნები ყველაფერს”.
იგი პირველი ქართველი ქალი ფოტოგრაფია, რომელმაც კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაში დაიწყო მოღვაწეობა. მისი 80-იანი წლების მინიმალისტური ფერწერული ნამუშევრები “ნონკონფორმისტული ხელოვნება საბჭოთა კავშირში“ ამერიკაში, Jane Voorhees Zimmerli-ის ხელოვნების მუზეუმში მუდმივი კოლექციის ნაწილია. ხშირად აქვს გამოფენები გერმანიაში, სადაც 2000 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. ყველა ეს მიღწევა მისი თვითმყოფადობისა და მრავალფეროვანი შემოქმედების პირდაპირი შედეგია. ხშირად ვერ შევხვდებით არტისტს, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ფოტოგრაფიაში, ფერწერასა თუ ინსტალაციაში თანაბრად გასაოცარ ნამუშევრებს ქმნის. ქეთი კაპანაძის შემოქმედებას აუცილებლად უნდა გაეცნოთ, ამისთვის კი გამოფენას 30 მაისამდე ესტუმრეთ!
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.