#სპორტი #WOMEN POWER

ფენომენალური ბილი ჯინ კინგი და მისი ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის

გაზიარება:

1973 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ბილი ჯინ კინგმა ჩობურთის ისტორია ხელახლა დაწერა, როდესაც ყოფილი ჩოგბურთელის ბობი რიგსის გამოწვევა მიიღო „სქესთა ბრძოლაში“ და სწორედ ის მამაკაცი (და ახლო მეგობარი), რომელიც აცხადებდა, რომ ქალთა თამაში ახლოსაც ვერ მივიდოდა კაცების თამაშთან, სამ სეტში, ანგარიშით: 6:4, 6:3, 6:3 დაამარცხა.

ბილი ჯინ კინგი და ბობი რიგსი

„ყველაფერი, სოციალურ ცვლილებებს უკავშირდებოდა, მთელი მატჩი ადამიანების გულებისა და გონების შეცვლისკენ იყო მიმართული... ამ ყველაფერმა მართლაც აღძრა ემოციები, მე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი“ - განაცხადა წლების შემდეგ კინგმა. 1973 წლის 21 სექტემბერი, ნამდვილად იყო დღე, რომელიც ბილი ჯინ კინგის კარიერაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, თუმცა ჩოგბურთის ლეგენდას გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ომი არც ამ დღეს დაუწყია და მითუმეტეს არც დაუსრულებია.

ბილი ჯინ კინგი „სქესთა ბრძოლაში“ გამარჯვების შემდეგ

პირველად გენდერული უთანასწორობის წინაშე, ბილი ჯინ კინგი 12 წლის ასაკში აღმოჩნდა. 1955 წელს, ლოს-ანჯელესის ჩოგბურთის კლუბში გამართული მატჩის შემდეგ, გოგონას საერთო ფოტოსურათზე ყოფნის უფლება არ დართეს, რადგან მას სხვა გოგოებისგან განსხვავებით, ქვედაბოლოს ნაცვლად შორტები ეცვა. როგორც მომავალში ლეგენდად ქცეული ჩოგბურთელი იხსენებს, ამ მომენტში პირველად იგემა გენდერული განსხვავებულობის გემო და ის საერთოდ არ მოეწონა.

იმ დროისთვის, როდესაც ბილიმ 1966 წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა უიმბლდონზე და ქალ მოთამაშეებს შორის #1 ადგილიც დაიკავა, კინგი ისევ რჩებოდა ლოს-ანჯელესის სახელმწიფო კოლეჯის სტუდენტად, რომელიც სათამაშო მოედნის ინსტრუქტორად მუშაობდა და კვირაში 100$-ს იღებდა. ამ ყველაფრის ფონზე, ბილის უიმბლდონზე გამარჯვებისთვის 750 ფუნტი (დაახლოებით $1,064) მიიღო საპრიზო ფონდის ოდენობით, როდესაც მამაკაცებს შორის გამარჯვებულ როდ ლეივერს 2,000 ფუნტი (დაახლოებით $2,840) ხვდა წილად.

„წარმოდგენა არ მქონდა, რომ სხვადასხვა საპრიზო თანხა იყო ჩვენთვის გამოყოფილი, როდესაც ამის შესახებ შევიტყვე საშინელი უსამართლობის შეგრძნება დამეუფლა“ - იხსენებს ბილი ჯინ კინგი. იმედგაცრუებას ისიც დაემატა, რომ ქალებისთვის ჩოგბურთში თამაშის შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა: „68-დან 70-მდე ჩვენ უბრალოდ ნაკლები ადგილი გვქონდა შეჯიბრისთვის... კაცები სპორტისთვის თავის დანებებისკენ და ქმრების მოვლისკენ მოგვიწოდებდნენ“.

თუმცა ქალი ჩოგბურთელები დანებებას და ჩოგნების ასე მარტივად ჩამოშვებას ნამდვილად არ გეგმავდნენ, World Tennis Magazine-ის გამომცემლის გლედის ჰელდმანის დახმარებით, 1970 წლის სექტემბერში მათ საკუთარი ტურნირი დააფუძნეს. ბილი ჯინ კინგთან ერთად, ჩოგბურთის ვარსკვლავები პიჩეს ბარტკოვიჩი, როზი კასალი, ჯუდი ტეგარტ დალტონი, ჯული ჰელდმანი, კერი მელვილი, კრისტი პიჯონი, ნენსი რიჩი და ვალერი ზიგენფუსი ჰიუსტონში, იმ ორიგინალი 9-ის შემადგენლობაში შედიოდნენ, რომლებმაც 1$-ად ხელი მოაწერეს ჰიუსტონში, Virginia Slims Invitational-ის დაწყებას. საერთო ფოტოსესიაში, ცხრავე ჩოგბურთელი ხელში 1$-იანი კუპიურით პოზირებდა.

Virginia Slims Tour

„ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებული ჩვენს ბედისწერაში, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ის ჩვენს ხელში იყო“ - ბილი ჯინ კინგი.

მიუხედავად ამ თამამი ნაბიჯისა, ქალი და კაცი ჩოგბურთელები, კვლავინდებურად განსხვავებულ ანაზღაურებას იღებდნენ. 1972 წელს, აშშ-ის ღია პირველობაში გამარჯვებულ კინგს, 15.000$-ით ნაკლები შეხვდა ვიდრე ამავე ტურნირში გამარჯვებულ მამაკაცს. ამ შემთხვევის შემდეგ, ბილი დაიმუქრა, რომ აღარ მიიღებდა მომავალ წელს ტურნირში მონაწილეობას, თუკი ორგანიზატორები ქალთა და მამაკაცთა ჰონორარებს არ გაათანაბრებდნენ. 

1973 წელს, უიმბლდონის დაწყებამდე, ბილი ჯინმა 63 ჩოგბურთელ ქალთან ერთად, ლონდონის სასტუმრო Gloucester Hotel-ში, ჩოგბურთის ქალთა ასოციაცია ჩამოაყალიბა, ამავე წელს კინგმა „სქესთა ბრძოლაში“ გაიმარჯვა.

ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ბილი ჯინის მუქარა სერიოზულად აღიქვეს და მომდევნო ტურნირისთვის ისტორიაში პირველად, ქალთა და მამაკაცთა გამარჯვებულთათვის თანაბარი საპრიზო ფონდი 25.000$ გამოყვეს. დანარჩენ სამ დიდი სლემის ტურნირს, კიდევ ოთხი ათწლეული დასჭირდა ცვლილებების მისაღებად, თუმცა ეს ცვლილებები მიიღეს და ჩოგბურთის სამყაროში გენდერული ბალანსი აღდგა.

„ჩვენ ვიყავით სპორტსმენები, რომლებსაც სურდათ ასპარეზობა - და ამ გზაზე ჩვენ ისტორია შევქმენით, გადავწყვიტეთ მოგება, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა ქალისთვის მიგვეძღვნა“ - ბილი ჯინ კინგი.

ზევით