#ფოტოამბავი

პაპარაცული ფოტოების ისტორია, რომელიც 50-იან წლებში რომის ქუჩებში იღებს სათავეს

გაზიარება:

საიდან მოდის სიტყვა paparazzo? მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ყველასათვის ცნობილია და მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება, მისი წარმომავლობის ზუსტი ისტორია ყველასათვის უცნობია. რაც ზუსტად ვიცით, ის არის, რომ სიტყვა, პირველად ფილმში გაისმა, არა ჩვეულებრივ ფილმში, არამედ ფედერიკო ფელინის საკულტო La Dolce Vita-ში (1960). ფილმი მოგვითხრობს მარჩელო მასტროიანის პერსონაჟის - რეპორტიორის შესახებ, რომელიც რომის ქუჩებში ღამღამობით ახალი ისტორიის მოსაპოვებლად დაეხეტება.

სოფი ლორენი, 1961 წელი

იდეალური კადრის დასაჭერად, პირველი პაპარაცი მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და კანონების დარღვევასაც არ ერიდება.

ჟაკლინ კენედი ონასისი, ნიუ-იორკი 1971 წელი

თუმცა ფილმის გამოსვლამდე 10 წლით ადრე, 1950-იან წლებში, რომის ქუჩებში, პრეს-ფოტოგრაფების სამიზნედ ცნობილი კინოს ვარსკვლავები მართლად იქცნენ. პაპარაცების ისტორიის შემქმნელებმა, საკვანძო ფიგურებმა, ისეთებმა როგორებიც არიან ტაზიო სეკიაროლი, მარჩელო ჯეპეტი, ელიო სორი, ლინო ნანი და ეზიო ვიტალი, სულ უფრო და უფრო აქტიურად დაიწყეს მუშაობა ვარსკვლავების არაფორმალური სურათების დასაჭერად. ფოტოგრაფების სამიზნედ იქცნენ ავა გარდნერი, მიქელანჯელო ანტონიონი და სოფია ლორენი.

სტეფანია სანდრილი, რომი, 1960 წელი

ფედერიკო ფელინიმ, La Dolce Vita-ში წარმოუდგენელი სიზუსტით ასახა ფოტოგრაფების სამუშაო პროცესი, რომელიც ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალებზე ნადირობას მოიაზრებდა. როგორც ცნობილია, ფელინის შთაგონების წყარო პაპარაცების მეფედ წოდებული ფელისე კვინტო იქცა. რეჟისორმა ფოტოგრაფი კაფე Via Veneto-ში გაიცნო. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ პაპარაცოს როლი ფედერიკომ სწორედ კვინტოს შესთავაზა, თუმცა ფოტოგრაფმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ტაზიო სეკიაროლი რომში, 1958 წელი

1960 წელს ანიტა ეკბერგის და მისი პაპარაცის სკანდალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ამ პროფესიის წარმომადგენლების ფორმირებასაც შეუწყო ხელი. ფელისე კვინტომ მსახიობი, დაოჯახებულ რეჟისორთან კოცნის დროს დააფიქსირა ღამის კლუბში, თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდა და ანიტას სახლამდე გაჰყვა. პირადი სივრცის ასეთი მასშტაბებით დარღვევისთვის ეკბერგმა სახლიდან მშვილდი გამოიტანა და ფელისეს ხელში ესროლა. ამ ამბავმა რამდენიმე საათის წინ გადაღებული ფოტოებიც კი გადაფარა.

ანიტა ეკბერგი მშვილდით ხელში, 1960 წელი

დროთა განმავლობაში სწორედ ეს ფარული და სულ უფრო სკანდალური სურათები ხვდებოდა გაზეთების გარეკანებზე. ცნობილ ადამიანებზე ადევნების პრაქტიკა უფრო და უფრო გაიზარდა და მღელვარებამაც იმატა. პაპარაცების კონცეფციამ თავისებურად მიიღო იდენტობა, რომლის თანახმადაც, ფოტოგრაფები გადაადგილდებოდნენ ჯგუფურად და ცნობილ ადამიანებს ორგანიზებულად "ესხმოდნენ თავს" ფოტოაპარატების ხმაურითა და განათებებით.

ზევით