#წიგნების თარო

ოქტომბრის საკითხავი 5 წიგნი, ცივი ღამეების გასაყვანად

გაზიარება:

შემოდგომის ცივი დღეების გადასაგორებლად, კომფორტულად მოსაკალათებლად და უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასაყვანად The Diary-ს ფილმების კოლექცია უკვე გაგიზიარეთ, დროა ოქტომბრის თვის რჩეული წიგნებიც გაგანდოთ, რომლებიც ამ თვის განმავლობაში თქვენს ერთგულ მეგობრებად იქცევიან და ჯადოსნურ მოგზაურობას მოგიწყობენ.

1. მერვე სიცოცხლე

„წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს. 31 წლის ავტორის ხმა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია დღევანდელ გერმანულ ლიტერატურაში: ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რეოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისაგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება“.
ნორბერტ კრონი, „სათაურები, თეზისები, ტემპერამენტები“.

„ნინო ხარატიშვილმა ევროპის ისტორია ოჯახის ისტორიის სახით ხელახლა მოგვითხრო. წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“
ფოლკერ ვაიდერმანი

ყიდვა

2. შაშვი, შაშვი მაყვალი

შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა.

ყიდვა

3. ჯერ კიდევ ელისი

ლიზა ჯენოვას ძალიან ემოციური და რეალისტური წიგნი მოგვითხრობს წარმატებულ ქალზე, ელის ჰოულენდზე, რომლის ცხოვრებასაც მოულოდნელი და თავზარდამცემი დიაგნოზი მთლიანად შეცვლის. ელისს ბედნიერი და შესანიშნავი ოჯახი ჰყავს, აქვს თავბრუდამხვევი კარიერა, ასწავლის ჰარვარდში, ბევრს მოგზაურობს და ბედნიერია, მაგრამ მოულოდნელად აღმოცენებული ალცჰაიმერი ყველაფერს ცვლის. წიგნში დიდი ოსტატობითაა გადმოცემული დაავადებული ადამიანის გრძნობები, ოჯახის წევრების დამოკიდებულება, ცვლილებები... ამავე სახელწოდების ფილმმა დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო ელისის როლის შემსრულებელმა, ჯულიანა მურმა, ოსკარი მიიღო.

ყიდვა

4. შემოდგომა

ალი სმითის რომანი „შემოდგომა“ მოგვითხრობს გამჭრიახი დედისერთა გოგონასა და მოხუცი მარტოხელა ინტელექტუალის მეგობრობაზე. მწერალი საოცარი სიმსუბუქით, სევდანარევი იუმორით გვესაუბრება ბრიტანეთისა და დღევანდელი სამყაროსთვის ყველაზე მტკივნეულ თემებზე, რომლებიც ერთდროულად ზოგადსაკაცობრიოცაა და თან უცნაურად ახლობელი და ნაცნობია ნებისმიერი მკითხველისთვის – ესაა მოულოდნელობებით აღსავსე დღევანდელობა, რომელშიც ყველას ერთად გვიწევს ცხოვრება.

ყიდვა

5. დაკარგული სიტყვების ლექსიკონი

დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია. გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნარს, სუპერძალას? იქნებ, ჯერ არ იცი, რომ სიტყვების გადარჩენა შეგიძლია? იქნებ არ იცი, რომ შეგიძლია, მისთვის, ვინც ვერ ხედავს, სამყარო სიტყვებით გააცოცხლო?

მკვდარი ენის დროებით გაცოცხლებაც შეგიძლია, თუ შეისწავლი და მასზე ლაპარაკს შეძლებ. კიდევ, შეგიძლია პარმაღზე თამაშისას ფანტაზია მოიხმო და ისე, რომ სახლის დატოვება არ მოგიწიოს, დაუვიწყარ თავგადასავალში გაემგზავრო. თუ შენ გარშემოც აირევა ხოლმე რაღაცები, ისევე როგორც ამ წიგნის მთავარი გმირის, გიოს გარშემო, მისი ამბავი წაიკითხე, გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარება და მიგახვედრებს, რომ, მართალია, ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ სამყაროს შეუძლია მათი ენით გველაპარაკოს, მთავარია, მოვუსმინოთ და მერე ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ენა, სიტყვა და ადამიანი გადავარჩინოთ დავიწყებასა და დაკარგვას.

ყიდვა

 

ზევით