#მუსიკა

TBILISI OPEN AIR 2024 RECAP

გაზიარება:

თბილისი Open Air-ის საოცარი დღეები დასრულდა. უკვე მეთხუთმეტედ, ლისი ვანდერლენდი ყველას სამეგობროს შეკრების ადგილად იქცა. ტრადიციულად, ფესტივალზე პოპითა, თუ რეპით დაწყებული, ელექტრონული მუსიკით დამთავრებული, ყველა ჟანრის მუსიკა მოვისმინეთ და ქართველებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ 60-ზე მეტ შემსრულებელს შევხვდით. 

ფოტო:Tbilisi Open Air

წლების მანძილზე Tbilisi Open Air-მა ტრანსფორმაცია განიცადა და სახალხო დღესასწაულის ფორმა მიიღო. ლისი ვანდერლენდის სივრცეში წელს ხელნაკეთი ნივთების ბაზრობაც მოეწყო. სპეციალურად განკუთვნილ სივრცეში, ფესტივალის მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა არჩევნებზე მონაწილეობის მიღების საჭიროება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება. 22 ივნისს საქართველოს ნაკრებისა და ჩეხეთის შერკინებასაც ერთად ვუყურეთ და ჩვენი ფეხბურთელების მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ქულაც აღვნიშნეთ.

ფოტო:Tbilisi Open Air

გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით, საჩუქრებით და საინტერესო დისკუსიებით დახუნძლულმა დღეებმა, მუსიკის ფონზე კიდევ უფრო სასიამოვნოდ ჩაიარა.  

მთავარ სცენაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ვიხილეთ. პირველ დღის Highlight-ი ნამდვილად ნორვეგიელი არტისტი, Aurora გახდა, რომელმაც ზღაპარში გვამოგზაურა და თავისუფლების მოყვარულ ქართველ მსმენელს მიმართა კიდეც. Aurora-მ პროტესტის მნიშვნელობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მუსიკის როლზეც ისაუბრა. ამ ყველაფერთან ერთად კი, რაღა თქმა უნდა, თავისი ახალი ალბომის, “What Happened To The Heart?”-ის რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. 

ფოტო:Tbilisi Open Air

მთავარ სცენაზე იმღერა ბრიტანელმა რეპერმა M.I.A-მ, რომლის გამოსვლაც მსმენელის ნაწილმა კონტრავერსიულად შეაფასა. M.I.A  თავისი მუსიკის გარდა, პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმითაც გახდა ცნობილი, შესაბამისად ყველაზე დიდ მხარდაჭერას ქართველი მსმენელი სწორედ მისგან ელოდა. ორაზროვანმა შეძახილებმა კი ფესტივალის სტუმრებთან ერთად ჩვენც დაგვაბნია.

Georgia, be careful what you wish for!

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მან ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველო პოლიფონიური მუსიკის სამშობლოდ მოიხსენია და სიმშვიდე და სტაბილური გარემო უსურვა. 

სამაგიეროდ, მკაფიო განაცხადები ჰქონდათ ბრიტანული ტრიოს წევრებს, რომლებმაც სცენა ბოლო დღეს დაიკავეს. The Tiger Lillies  თავიანთი გამორჩეული გარეგნობითა და შემოქმედებით მსმენელს ყოველთვის უყვარდა, თუმცა ფესტივალზე მათი გამოსვლის შემდეგ, სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდა. ტრიომ Facebook გვერდზე თბილისის მსმენელებს პოსტიც მიუძღვნა.

ფესტივალის სცენები ქართველმა არტისტებმაც დაიკავეს და შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზეს. მათ შორის იყვნენ Killages, AVARA, Loudspeakers, ბაჩო ჯიქიძე & ესტეთი ბიჭები, Mokumoku, Mechanical Rainbow და კიდევ ბევრი სხვა. The Diary-ის ჟურნალისტებს Killages-ის სოლისტი, გუგა მაჭარაშვილი სცენაზე გამოსვლის შემდეგაც ესაუბრა:

თბილისი Open Air არის განსაკუთრებული არა მარტო მუსიკით, არამედ მთლიანი ატმოსფეროთი, ხალხით, ურთიერთობით, სიყვარულით და ერთად ყოფნით.

ფესტივალზე ყველა მსმენელი თავისი საყვარელი შემსრულებლის გამოსვლას ელის, მაგრამ როგორც წესი, მესამე და ფესტივალის ფინალური დღე ყოველთვის გამორჩეულია. ამჯერად Tbilisi Open Air-ის დახურვას La Femme-ისა და Masego-ს გამო ველოდით. ფრანგული ჯგუფის ენერგიული შესრულება დიდი ხნის მანძილზე არ დაგვავიწყდება. ფრანგმა მომღერლებმა საქართველოს დროშის ფრიალით, ქართული შეძახილებითა და მსმენელის შუაგულში გადახტომით დაგვამახსოვრეს თავი.

იამაიკელ მომღერალ Masego-ს მთავარი სცენის დახურვა ხვდა წილად და თავისი ჩვეული, დახვეწილი სტილითა და მომაჯადოებელი მუსიკით ეს მისია იდეალურად შეასრულა.

ზაფხულის ეს სამი დღე, როგორც ყოველთვის სიურპრიზებითა და სასიამოვნო მომენტებით იყო სავსე. არტისტებმა ისეთი სიმღერები დაუკრეს, რომლებიც ჯერ არცერთ პლატფორმაზე არ გამოქვეყნებულა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მომდევნო წლის Line-Up-ს და ტრადიციულად, ზაფხულის სამ წვიმიან დღეს დაველოდოთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediaryge)

ზევით